You are currently browsing the monthly archive for Juli 2010.

აბაზანაში სიცხისგან გათანგული პირსაბანთან ვიდექი და სარკეში ვიყურებოდი, როცა ვიღაცამ კარზე დააკაკუნა, მაგრამ კარის გაღებისთანავე სიცარიელე მომეთათუნა. მონატრებული წიგნების თაროსთან მივედი, რომელი წიგნიც ხელში მომხვდა ავიღე, ფანჯრის რაფაზე შემოვსკუპდი და უსათაუროდ კითხვა დავიწყე. გამახსენდა ლარას ფორთოხლისფერი დეკოლტე და მაინც ფრეკენ გურდეს ჭაღარაშერეული თმა და წვრილი, გაფითრებული ხელები მომელანდნენ. სიგარეტს მოვუკიდე, გადაშლილი წიგნი მარჯვენა ფეხზე დავიდე და ფანჯრიდან გადავიხედე. ვხედავდი, როგორ ხატავდა გამხდარი, ჭუჭყიანი ქალი ასფალტზე დაგდებულ ძველ ფირს, მაგრამ კინომუშაკებს არ აინტერესებთ ცოცხალი ხელოვანი, რომელსაც სიგარეტის ფული არ აქვს და ელოდება სიკვდილს, რათა მოლაყბეთა სამმა თაობამ სიკვდილის მერე მაინც აღიაროს.

გადავწყვიტე ჩამეცვა და ქუჩაში გამესეირნა. სადარბაზოდან, რომ გავედი, ყურსასმენები გავიკეთე, მუსიკა ჩავრთე და ღიღინ-ღიღინით ვბორძიკობდი ტროტუარზე. იქვე გაჩერებაზე ჩამომსხდარ მეძავებს, ვიღაც ჭაღარა „ბაბუ“ ევაჭრებოდა და თან სიგარეტისგან გაყვითლებულ ულვაშებს საჩვენებელი თითით ისწორებდა. მომინდა ეს სტრუქტურული წამები ფოტოსურათებად მექცია. გადავწყვიტე სახლში ავბრუნებულიყავი და ფოტოაპარატი ამეღო. ასეც მოვიქეცი, ჩემი სიძველისგან გადაქლეთილი ზენიტი ავიღე და გაცრეცილი თოკით ყელზე ჩამოვიკიდე, გარეთ გავედი, მაგრამ ულვაშებიანი, ჭაღარა ბაბუ იქ აღარ დამხვდა. გაჩერებიდან მხოლოდ მეძავების ჭუჭყიანი და აქლეთილი ფრჩხილები მოჩანდა. ისინი ეგუებოდნენ, აღიარებდნენ და ითვისებდნენ იმ ხელოვნებას, რომელიც არც ისე ჭუჭყიან ფულთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ხალხი?

აი ხალხი კი ეგუება, აღიარებს და ითვისებს რაიმე ახალს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ახალი მავანმა და მავანმა მოძღვარმა აღიარა…

მეტროსკენ გავემართე, ნაყინი ვიყიდე, მაგრამ ისე ჩამადნა ხელებში და ისე ჩამომეწუწა ლარას მიერ მარკერით მოხატულ დახეულ ჯინსზე, რომ ვერაფერი ვერ გავიგე. თურმე მთელი თხუთმეტი წუთი ვიდექი მომღიმარე მზის ფონზე და ვუყურებდი, მწითურთმიან და თეთრსხეულიან ძუს, რომელსაც მოლაყბეებმა გიჟი უწოდეს მხოლოდ, იმიტომ რომ შიშველი იყო…

ბილეთი ავიღე, ვაგონში შევხტი და გზას გავუყევი მწითურისგან სასტიკად აღგრძნებული. წარწერებიან სკამზე ჩამოვჯექი და მთელი გზა ფოტოაპარატის ობიექტივს ხელით ვაწვალებდი, ტვინის ნახევარი ლარას შეევსო, დანარჩენი ნახევარი კი მწითურს…

ეს არ იყო ადგილმდებარეობა, ეს არ იყო ფერი, ეს არ იყო რიტმი, ეს არ იყო შინაარსი…

მსოფლიო ფანტასტიკას აყოლილი, ჩახველებისგან გამოწვეულ გაჩერებაზე ჩავედი, სახლამდე ტაქსით წავედი. გზადაგზა ქუჩაში მოფანტულ პარაზიტ ბოშებს ვუღებდი სურათებს. სახლში, რომ მივედი, დაკლაკნილ თოკში გახვეული ყურმილი ავიღე, ლარას ნომერი ავკრიფე და ვაგრძნობინე, რომ უბრალოდ მინდოდა…

რამოდენიმე საათში ლარა ჩემთან ამოვიდა. საღამომდე უაზრო ფილმებს ვუყურებდით, ლუდს ვსვამდით, სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდით, უცებ ფეხზე წამოხტა, მეც ამაფხიკა იატაკიდან, მაკოცა, ხელები საჯდომზე მომხვია და გადაწყვიტა ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ იდეების დამარცხება შეიძლება მხოლოდ იდეებით…

ტელეფონი გამაყრუებლად რეკავდა, ძილით გაბრუებული საწოლიდან წამოვდექი, ვუპასუხე, მაგრამ ყურმილიდან საშინელი სიგარეტის სუნი ვიგრძენი, ჩავახველე, მივედი ფანჯარასთან და ყურმილი გარეთ გადავკიდე, მაგრამ მაინც მომესმა ის შემზარავი ხმა: მხოლოდ ნულები ადიდებენ ციფრებს…მხოლოდ ნულები ადიდებენ ციფრებს…მხოლოდ ნულები ადიდებენ ციფრებს!!!

ფეხებზე დავიხედე, ჩემს მოგრეხილ თითს გავუღიმე, იატაკზე ჩამოვჯექი, მუსიკა ჩავრთე და ჩილიმი გავაბოლე. ციკლოპივით ცალი თვალით ვუყურებდი კედლებზე გაკრულ სკლეროზის ფურცლებს და მახსენდებოდა, რომ სიკვდილამდე მილიონობით კილომეტრი მქონდა გასავლელი.

ცხოვრებაში პირველად მომინდა ჩავსულიყავი აფთიაქში და პრეზერვატივის მაგივრად, რამე ტკივილგამაყუჩებელი მეყიდა. ვგრძნობდი, როგორ ეხეთქებოდა მარჯვენა საფეთქელს გახურებული სისხლი…

მცხელოდა, მაგრამ მაინც მაღალყელიანი, თასმებშეხსნილი ფეხსაცმელი ჩავიცვი. კიბეზე, რომ ჩავირბინე, მეზობელი ბებოს ფურთხისებური თვალები შევნიშნე, ტანზე დავიხედე და მხოლოდ წითელკოპლებიანი ფოხანა დავინახე. სადარბაზოდან, რომ გავედი სივრცის ღვედი შევიკარი, მაგრამ მაინც ერთმანეთში მერეოდა დრო, მოძრაობა, მავანთა დასი, თუ ეროტიკის ძაფები…

მძინავს…მძინავს…მძინავს…

ხელში ფოტოაპარატი მიჭირავს და ვგრძნობ, რომ ეს არაა ფორმა, ეს არაა მხატვრობა, ეს არაა პერსპექტივა, ეს არაა სტრუქტურა, ეს ფიქციად გადაქცეული სუიციდია…

ლარას შეხება გამახსენდა, მაგრამ იქ სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ანდა იმაზე მეტს უხდიან, რისი ღირსიც არის.

როცა გამომეღვიძა, საპირფარეშოში შევედი, უნიტაზს დავაკვირდი და ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჭეშმარიტება, მაგრამ ჭეშმარიტება ხომ ურყევია, მანამ სანამ არ შეარყევ…

„დაფსმა არ დაფსმა, საკითხავი აი ეს არის“.

ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი (პედერსენი) დაიბადა ნორვეგიის უკიდურესი ჩრდილოეთის სოფელში-ხუტორ ჰამსუნდში. ამ სოფლის სახელი მან შემდგომ თავის ლიტერატურულ ფსევდონიმად აირჩია.

კნუტ ჰამსუნმა წერა ძალიან ადრე დაიწყო. 1877 წელს (მაშინ იგი თვრამეტი წლის იყო) გამოდის მისი პირველი ნოველა „უცნაური კაცი. ნურლანური სიყვარულის ამბავი“, ერთი წლის შემდეგ კი იბეჭდება საკმაოდ დიდი მოცულობის ბალადა :პაემანი“. ორივე ნაწარმოები მოწონებით სარგებლობს ხალხში. გახალისებული კნუტ ჰამსუნი გადაწყვეტს სერიოზულად მოკიდოს ხელი მწერლობას და წერს მოთხრობას „ფრიდა“. მავანი ვაჭარი გულუხვად აფინანსებს ნიჭიერ ჭაბუკს და ფრთაშესხმული ჰამსუნი კოპენჰაგენში მიემგზავრება, რომელიც იმხანად სკანდინავიის სულიერი კულტურის ცენტრია. კოპენჰაგენში ჰამსუნს ბედი არ სწყალობს; რედაქციები „ფრიდას“ იწუნებენ. ჯიბეშეთხელებული ჭაბუკი დიდი გაჭირვებით ბრუნდება ნორვეგიაში და საცხოვრებლად ქრისტიანიაში რჩება. იგი ცდილობს სტატიების წერით გაიტანოს თავი, მაგრამ უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი, სხვა თანამემამულეთა მსგავსად, ისიც იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს.

1882 წელს კნუტ ჰამსუნი ამერიკაში მიემგზავრება.

ამერიკაში იგი ემიგრირებულ ნორვეგიელ ინტელიგენტთა წრეს უახლოვდება. მათთან ურთიერთობა კეთილ გავლენას ახდენს მის განათლებასა და სულიერ კულტურაზე, (ბავშვობაში მისი განათლება სოფლის სკოლით ამოიწურა, შემდეგ კი მასწავლებელიც და განმანათლებელიც მისთვის თავად ცხოვრება გახდა). იგი გულდასმით კითხულობს ევროპულ ლიტერატურას. ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და მისი მხატვრული ენა და სტილი თანდათან ყალიბდება. თავდაუზოგავი ფიზიკური შრომა ჰამსუნის ჯანმრთელობაზე მოქმედებს და გამოსაჯანმრთელებლად იგი სამშობლოში ბრუნდება. ქრისტიანიაში კვლავ სტატიების წერით ცდილობს გაიტანოს თავი, მაგრამ ამ ქალაქში კნუტ ჰამსუნი და გაჭირვება განუყრელნი არიან, 1886 წელს იგი მეორედ მიემგზავრება ამერიკაში.

ამერიკიდან იგი მატერიალურად საკმაოდ წელმომაგრებული ბრუნდება. მისი სტატია „ამერიკის სულიერი ცხოვრება“ საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, მაგრამ საყოველთაო აღიარება მწერლისთვის რომანს „შიმშილს“ მოაქვს, რომელსაც იგი 1890 წელს აქვეყნებს.

„შიმშილი“ მეტწილად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. აქ უკვე მწვავედ იჩენს თავს ადამიანთა შორის ურთიერთობის რღვევის პრობლემა, რაც ასე ნიშანდობლივი გახდა მეოცე საუკუნის ლიტერატურისთვის.

„შიმშილის“ გამოქვეყნების შემდეგ, კნუტ ჰამსუნი უკვე პროფესიული მწერლის ცხოვრებიტ ცხოვრობს და მისი ნიჭიც უფრო და უფრო იზრდება და იხვეწება.

1892 წელს გამოდის მისი მეორე რომანი „მისტერიები“. ამ ნაწარმოებით იწყება მისი შემოქმედების ახალი ეტაპი.

„მისტერიებში“ ყველაზე აშკარად გამოჩნდა ჰამსუნის უტყუარი ალღო ეპოქის გრძნობისა. ეპოქისა, რომელიც ცვლილებათა მიჯნაზე იდგა, ერთმანეთში ირეოდა ძველი და ახალი, იცვლებოდა ცხოვრების რიტმი, იცვლებოდა გრძნობები, მათი გადმოცემის საშუალება. რომანში ადამიანთა ურთიერთობას, მათ გრძნობებს, კონფლიკტებს, რაღაც იდუმალების ბეჭედი აზის, რაც თავად ცხოვრების და ადამიანის ბუნების მიუწვდომბლობით არის გამოწვეული. „მისტერიის“ მთავარი ძარღვია ძალა სიყვარულისა-მისტერია, რომელიც უსასრულოდ მეორდება.

კნუტ ჰამსუნმა ერთ-ერთმა პირველთაგანმა გაამდიდრა და გააფართოვა რეალიზმის საზღვრები, დატვირთა იგი ფსიქოლოგიური ანალიზით, შეიტანა მასში მეოცე საუკუნის რიტმი და ნერვი, გამოკეთა ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობანი: აფორიაქებული სული, ქვეცნობიერისა და ცნობიერის გაანალიზების, ბუნების წვდომის სურვილი და… უკიდურესი პრაქტიციზმი, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით შემოფარგლა, სრული გულგრილობა სხვათა ჭირის მიმართ, მოკლედ, ყველა ის ავ-კარგი, რაც ასე დამახასიათებელი არმოჩნდა მეოცე საუკუნის ცივილიზაციისთვის.

/თამარ აბრამიშვილი/

დიახ, დიახ, გეუბნებით, მეზიზღება და მეჯავრება გვერდითი ლოჟის ზეკაცი….

ტუჩები დაცინვით მეგრიხება…

ვიცი, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ იმას აღიარებს რაც უკვე იყო…

ხელში წვიმის წვეთები მიჭირავს, დავდივარ გახსნილ ჩემოდანზე და ფეხებს ვისველებ…

კლოუნადა, პანტომიმა და მოყვითალო ლიმონი ხომ ჩემშია, მაგრამ მაინც ყველაფერი პირობითია, ისევე როგორც დრო, სივრცე და მოძრაობა, მატერიაც კი პირობითია. ხალხმა არაფერი იცის ზუსტად, იგი მხოლოდ ფიქრობს, რომ ეს ასეა…

და მაინც, არ მენაღვლება რას მიწოდებთ, იმიტომ რომ უბრალო მკითხველი ვარ მოგრეხილი პენსნეთი…

„მისტერიები“ დიდი ნორვეგიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის კნუტ ჰამსუნის (ნამდვილი გვარი პედერსენი) შემოქმედებაში გამორჩეული ნაწარმოებია. იმისდა მიუხედავად, რომ ეს წიგნი შედარებით ადრე – 1892 წელს გამოვიდა, მასში ღრმად აისახა ამ დიდი ნორვეგიელის რთული მწერლური სამყარო, ის ეჭვები და წინააღმდეგობანი მთელ მის ხანგრძლივ სიცოცხლეს (1859-1952) რომ სდევდა.

ქვიშით სავსე ლარნაკზე რეინკარნაცია რეპეტიციას გადიოდა, ყვავები კი,  ნაზად მიირთმევდნენ გვამების მიერ დაკრეფილ კენკრას…

ერთ-ერთი ყვავი სინიორა ფორბესს მიუბრუნდა და უთხრა: ხელზე შემისვი და ჩემზე დაუკარი!

ყვავებმა ნისკარტები გააწკლაპუნეს და წვნიანის მოლოდინში ზეცას დაუწყეს ყურება ქვისფერი თვალებით…

თოვს…

კელდლებზე სამკუთხედათ დაჭრილი ლოცვები აწყვია, შამანები გაცრეცილ მაკიაჟს იკეთებენ და ბერძნულ ფენომენთა ნაშიერებს საჩვენებელი თითით ეთათუნებიან…

გაჭირვება და დემონთან ბრძოლა მუდამ წარსულშია გადატანილი, ამიტომაც მე არ ვხურდავდები…

მინიატურული რომანები ცივ წყალში გავრეცხე და აივანზე, დაწყვეტილ თოკებზე გადავკიდე…

დანგრეული სახლის ერთ-ერთ აივანზე ალკოჰოლიკებივით ჩამოვმსხდარვართ მე და ლარა, გავყურებთ ცაზე ამოსულ მიხაკებს, ჯინტონიკს ვყლურწავთ და ვფიქრობთ, რომ შუქი წყალივითაა…

მეღვიძება და ვხედავ, როგორ მიღიმის ჭაღზე ჩამოკიდებული ყვითელი კატა…

ნარინჯისფერი ლენტებით მორთული აივნის კიდიდან თეთრ კაბებში გამოწყობილ მეძავებს გადავყურებდი, რომლებსაც ჩალის ქოლგები ეჭირათ და საღამოს ათი საათის მოჩვენებებს ჰგავდნენ, აფოფრილი თმებით…

სახლი მესამე სართულამდე მდნარი წყლით იყო დაფარული, ფანჯრებზე მწვანე კაქტუსები ატუზულიყვნენ, თვალები პიტნის უაზრო სურნელს დაუსივებია მათთვის და იძულებულები იყვნენ გრძნობები ჯიბიდან ამოღებულ წვიმის წვეთებთან გაეთამაშებინათ…

აკუტაგავას რასიმონის კარიპჭეს ჯოჯოხეთის სურათებით ხატავდნენ, მაგრამ მხატვრების იღლიებში მუსონი გასაოცარი მუსიკალურობით ქროდა…

უნიტაზიდან დარიჩინის სურნელი ამოდიოდა, ღრუბლისფერ ტაფებზე კი ჩასუქებული ღვთაებები კარამელს წვავდნენ მოკლეფეხება წეროსთვის…

სათვალის მინაზე არეკლილმა ფერდინარდ გრაუმ კი მითხრა: „არარაობა ის სარკეა, რომელშიც ასახულია მთელი სამყაროო!“…

წავედი, იატაკს ყური დავადე, ჩემი მეზობელი თევზის ბუყბუყი შემომესმა და გამახსენდა, რომ სისასტიკის ეროტიკულობა ლუწი და კენტია.

-და მაინც რა არის სიურეალიზმი?

-ის დროის შეგრძნებაა! არც სიტყვაა, არც ფუნჯი, არც დაბადება და არც სიკვდილი.

რითმა სტრიქონის ბოლოს კი, უბრალოდ იდიოტურ უკიდურესობამდე დასული უგემოვნობაა!

ჩემთვის ფიქცია ხარ შენც და ათასობით შენნაირი ორფეხა სპლიყვიც, მაგრამ მე კლოუნი ვარ და წუთებს ვაგროვებ!!!

-ააა, წარსული?

დაგავიწყდა, რომ ცოცხალი წარსული არ არსებობს, არც კაცობრიობის წარსული არსებობს, გარდა ფურცლებზე შემონახულისა.

კუებით მოხატულ სავარძელზე ჩამომჯდარი სალვადორ დალი გამახსენდა, რომელმაც თავისივე ფუნჯით მოხატული, ლიმონიანი ჩაის სურნელით გაჟღენთილი ნიღაბი მაჩუქა და მითხრა: „არ მესმის მცირე ფანტაზიის ადამიანებს რაზე აქვთ პრეტენზიაო“.

ზღვის პირას მდგარ აკვარიუმში პარანორმალი თევზები ალკოჰოლიკებივით სიესტას ძილიდან გამოსულიყვნენ, ხოლო დალის მასტიციზმით გაჟღენთილ ულვაშებს ტრამონტანა გახსნილი ჩემოდნიდან ამოყრილი ბარგივით არხევდა…

დავფიქრდი და გამახსენდა, რომ ახალი შეიძლება იყოს მთვარე, მზე კი-მხოლოდ აღმოსავლეთიდან ამოდის. განსაკუთრებით მაწამებდა ხელოვანებზე გადაღებული ფილმები, უმეტეს შემთხვევაში მათზე ისეთი ხალხი იღებს ფილმებს, რომლებიც ვან-გოგის სურათში ერთ კოლოფ თამბაქოს კი არა, ნახევარს გაიღებენ და შემდეგ იმასაც ინანებენ, რადგან მიხვდებიან, რომ მხატვარი სურათს ერთ საჩიბუხე თამბაქოს ფასად დათმობდა, მაგრამ შემდეგ ვინღა უნდა იფიქროს გოლფსტრემზე?

ქვაფნილზე მდგარ სამკუთხედ მაგიდაზე ხორბლისფერ ძუს ფეხები ესპანური სინდიკატების მსგავსად აეშვირა, მაგრამ ვაგინიდან გამოყოფილი ბავშვის თავი ბარტონის ნახატ თავკომბალას წააგავდა. ამფიბიები ძუს მკერდზე ბუზებს იჭერდნენ და რძეს წვეთ-წვეთად აყოლებდნენ.

აი უკვე ავცახცახდი, მაგრამ რა ჩემი ბრალია უნებლიეთ ნიჭიერი, რომ ვარ?! არ დაგიდევს ნიჭი ორთოგრაფიას, რადგან სწორედ ნიჭია ის, რაც არ მასვენებს. ასე რომ, მინდა თუ არა, მე მწერალი ვარ, მავნე თუ მარგებელი…

თვალები დავხუჭე…

ღრუბელზე ჩამოკიდებული ქოლგის ღაწვის ქვეშ სალვადორ დალის ლიმნისფერი ტილო მეგულებოდა, ამიტომ სიხარბემ მძლია და ხმამაღლა წავიჭიხვინე: „Пошли все на хуй!“…

ნაძვის სუნით გაჟღენთილი ტელევიზორიდან ზაზუნები მეძავობას სწავლობდნენ და მედუზის დამდნარი მასისგან გამჭირვალე ბიუსტჰალტერებს იკერავდნენ…

უცებ გავბრაზდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველა გარკვეული თანხა ღირს, ბოლო ბოზსაც კი შესაბამისი თანხა ადევს და რა თქმა უნდა ყველას ყავს თავისი მყიდველი და მომხმარებელი.

შოტლანდიური სკვერის კუთხეში ზღვის გოჭები ნახმარ სულებს იბარებდნენ, ხოლო ზეკაცები თამბაქოს სუნით ყროლდებოდნენ, პოკერს თამაშობდნენ და იპურჭყებოდნენ, ამიტომ ყველა კომედიანტი ნუ გგონიათ კლოუნი, მარიონეტებს კი, თვითკმაყოფილება არ ეღირსებათ.

ლარა ოთახში შემოვიდა და კარები სასტიკად გააწკრიალა. გაბრაზებული იყო სისასტიკის ეროტიკაზე, ვერ ხვდებოდა სად უნდა გამქრალიყვნენ გენიალური სექტანტები.
სათვალე შევისწორე, ლარას მივუახლოვდი და ვუთხარი: ყველაფერი, რასაც სხვა ადამიანები რეალობად თვლიან, მე ფიქციად მეჩვენება-მეთქი.
მან თევზისებური თვალებით შემომხედა და კბილებდაკრეჭილმა შემომითვალა: შენს ნომრებში ყოველთვის არეულია პანტომიმა, ესტრადა და კლოუნადა!
მოვითენთე, თვალები დავხუჭე და სიურეალისტურ დივანზე ჩამოვდე უკანალი. თავს იმითღა ვიიმედებდი, რომ ხელოვანის ლიმნისფერი სული მქონდა და განმეორების ესთეტიკური ფასი ვიცოდი…
გამახსენდა ჩემივე წუთების კოლექცია, მივუახლოვდი დამტვერილ კარადას და ბოლო სკივრიდან ერთ-ერთი წუთი ამოვიღე.
ყავის მკაფიო სუნი მეცა და გამახსენდა, ლიტერატურული კაფე, სადაც მე და ჰაინრიჰი უბრალოდ ვსაუბრობდით.
ვლაპარაკობდით იმაზე, თუ როგორ დასდევს ლეიტმოტივათ ადამიანური მორალი ჩემს შიგნეულობას.
ყავის სუნმა ცხვირი დამიწვა და გადავწყვიტე წუთი ისევ სკივრში დამებრუნებინა.
სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და იქაურ სიგრილეს მოვეთათუნე, შემდეგ მაგიდასთან დავჯექი და ხელები თავზე შემოვიხვიე. აბაზანიდან წყლის ჩხრიალი შემომესმა. შიგნით შესვლა და ლარას ახლიდან გაცნობა მომინდა…
შევედი სააბაზანოში და ლარასთან ერთად დავდექი დუშის ქვეშ, თვალები დავხუჭე და მივხვდი, რომ ლექსის საწერად მხოლოდ დროის შეგრძნება იყო საჭირო.
რომ გამეღვიძა უკვე შუადღე იყო. ტანსაცმელი ჩავიცვი, მოვწესრიგდი, ჩანთა მოვიკიდე და „Böll-ის კლინიკაში“ წავედი.
გაჩერებაზე გახუნებული, წითელი ავტობუსი გაჩერდა, ავედი ავტობუსში და ერთ კომუნისტურსიფათიან ბებოს მოვუსკუპდი გვერდზე. ყურსასმენები გავიკეთე და დავიწყე იმაზე ფიქრი, რა მოხდებოდა, მაშინ თუ ნიცშე ევროპული ცივილიზაციის ყველა კერპს დაამხობდა და მოურღვევდა ფუძეს იმ ღირებულებებს, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე ითვლებოდნენ ადამიანთა უმაღლეს საზომად.
…თურმე ხმამაღლა წამიღიღინებია. გვერდზე მჯდომი შემომიტრიალდა და მკითხა: რატომ მოკლა ნიცშემ ღმერთი?
დავიბენი და მარჯვენა თვალი გადმომეკარკლა, შემდეგ ჩამეღიმა და ვუპასუხე: არ ვიცი, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ ამ მცდელობამ მასში წარმოშვა ამბივალენტური გრძნობები.
მოხუცმა სიგარეტს მოუკიდა და ავტობუსიდან ჩახტა. შემდეგ გაჩერებაზე მეც ჩამოვედი. მთელი დღე ჰაინრიჰთან იმაზე ვბჭობდი, თუ რატომ არის ყველა ბავშვი შემოქმედი. საბოლოოდ დავასკვენით, რომ ზოგადად „თამაში“ ნიშნავს შემოქმედებას.
სახლში, რომ დავბრუნდი, ლარა ლიმნიანი, მჟავე ჩაით გამიმასპინძლდა და ცარიელი თვალებით მითხრა: სალვადორ დალიზეა ნათქვამი, სიცოცხლეში ღმერთებს ეშინოდათ, არ გვაჯობოსო, სიკვდილის შემდეგ, ჩვენც არ მოვკვდეთო.

ელექტრო შოკთან
წითელი წვეთებით
მოხოხებულა ცვილის ჰანგები,
ჰანგები ტბორით,
ჰანგები შმორით,
წითელი გარნირი მტირალა ბავშვებით.
მაგრამ მზე შენია,
სხივებიც შენია,
მედუზა ჭორფლებით კი მხოლოდ ჩემია.
„რიჟა“ გოგონა
დალის ზმანებით,
წითელი ტრუსებით
და შავი ატმებით…
მე მხოლოდ ვთამაშობ,
სიტყვებით ვთამაშობ,
დედამიწაზეც ხომ ყველა თამაშობს?!

Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Abonnenten an