როდესაც ჩემი ფანტაზიები წვიმის წვეთებს ეთამაშებიან, მაშინ მე ვზივარ მოზაიკურ ფანჯარასთან და ჩემი სახლის ეზოს გადავცქერი…
მინდება თითოეულ ქმნილებაში პატარა ნიუანსი შევიტანო, ეს ხე იქნება, ადამიანი, თუ ხუჭუჭა ორთქლმავალი…

…. მე ვხედავ, როგორ ზიან ხეების კენწეროებზე ოქროსკბილება შავი მაიმუნები…

მზე ანათებს…
სტადიონზე გაღიმებული წყლის კაცუნები დარბიან…
იქვე ტრასაზე, კუბოკრული მანქანებიდან მწვანეწარბება, რიჟა არსებები იყურებიან კოპლებიანი ტრუსებით…
იისფერი ტყის დასაწყისში პატარა ფერადი სახლები ჩამწკრივებულან ნარინჯისფერი სახურავებით, რომლებსაც ღრუბლისფერი ქოლგები ახატიათ…
სალათისფერ ცაზე ღრუბლების ნაცვლად ყვითელი გვირილები დაცურავენ, იქიდან კი ცისარტყელის ბილიკი ჩამოდის…
ბილიკზე მოვარდისფრო შიშველი არსებები სეირნობენ ღიმილისფერი თვალებით.
მზესაც კი ფერი შეეცვალა…
უბრალოდ აგურისფრად იღიმებოდა…
მხოლოდ მთვარე დარჩენილიყო უცვლელი.

იქვე აყუდებული გორებიდან ხაკისფერი დათვები მოძუნძულებდნენ…
ღრუბლებზე ჩამოკიდებულ სტენდზე ჰაეროვანი პერსპექტივის გამოყენებით ლიმნის პლანტაცია ეხატა…
მიკვირს… იმიტომ რომ ნახატის ავტორს ხაზოვანი პერსპექტივა სახლში, მარსის უბის წიგნაკის ბოლო უჯრაში დარჩენია…

სახლის კუთხეში ზეფირის პირამიდებს არქიტექტორები კივის ნაყენს ასხავენ და თან თითებს ილოკავენ…
წვიმის გუბესთან თავკომბალა სირინოზები თმებს ივარცხნიან….
მე კი ვზივარ ას სართულიანი სახლის ასმეერთე სართულზე და თუხთუხა ჩაით ხელში გავყურებ სალვადორ დალის ვერტიკალურ სამყაროს…

Advertisements