ეხლა შენ დაიძინებ…
აღმოჩნდები გაკრიალებულ გზაზე,სადაც იასამნისფერი გორგოლაჭებით უნდა ისრიალო…
გავა რამოდენიმე წუთი,აგისრიალდება ფეხი და ციტრუსის პლანტაციაში აღმოჩნდები…
მერე უკვე ნათლად შეიგრძნობ,თუ როგორ ელამუნება ლიმნის ყვითელი სურნელი შენს ცხვირს,როგორ შეიგრძნობს შენი ტუჩები ლიმნის მჟავე გემოს, როგორ მოიზლაზნება შენსკენ მანდარინის მოტკბო-მომჟავო არომატი…
შენ შეიგრძნობ ნარინჯისფერი ფორთოხლის ნაჩვრეტებიან კანსაც და მისგან ქაღალდის ნავს დაამზადებ…
შემდეგ წახვალ რომელიმე ოკეანისკენ, შეცურავ შიგნით და ფორთოხლის ნავს გრილი არმომატით სავსე წყალში გაუშვებ…
შეიგრძნობ ანკარა და თითქმის გამჭირვალე წყალს. ჩაიხედავ დაბლა და დაინახავ, როგორ მიცურავს შენს ქვემოთ იისფერი ორაგული…
უცებ ჩაიძირები, სლიპინა ქვებს შეახებ თითის ბალიშებს და ტროპიკული ხილის პირამიდაზე აღმოჩნდები. გაიქნევ ხელს, მოკუმავ თითებს და წვნიანი მანგოს სურნელს შეისუნთქავ, მერე ტუჩებს აამოძრავებ და ნაზად ჩაკბიჩავ, შემდეგ სიამოვნებისაგან გაგაჟრიალებს და გული წაგივა…
გაახელ თვალებს, დაინახავ არეულ ზეწრებს, შემდეგ ადგები, ფუმფულა ჩუსტებში ჩაყოფ ფეხებს, გახვალ სამზარეულოში, გააღებ მაცივარს, გამოიღებ ცივი წყლით სავსე ბოთლს და ხარბად დაეწაფები. ის კი ოცნებით გახურებულ ორგანიზმს თავისებური მწველი, მაგრამ სასიამოვნო სიცივით გაგიგრილებს….

Advertisements