ლარა ოთახში შემოვიდა და კარები სასტიკად გააწკრიალა. გაბრაზებული იყო სისასტიკის ეროტიკაზე, ვერ ხვდებოდა სად უნდა გამქრალიყვნენ გენიალური სექტანტები.
სათვალე შევისწორე, ლარას მივუახლოვდი და ვუთხარი: ყველაფერი, რასაც სხვა ადამიანები რეალობად თვლიან, მე ფიქციად მეჩვენება-მეთქი.
მან თევზისებური თვალებით შემომხედა და კბილებდაკრეჭილმა შემომითვალა: შენს ნომრებში ყოველთვის არეულია პანტომიმა, ესტრადა და კლოუნადა!
მოვითენთე, თვალები დავხუჭე და სიურეალისტურ დივანზე ჩამოვდე უკანალი. თავს იმითღა ვიიმედებდი, რომ ხელოვანის ლიმნისფერი სული მქონდა და განმეორების ესთეტიკური ფასი ვიცოდი…
გამახსენდა ჩემივე წუთების კოლექცია, მივუახლოვდი დამტვერილ კარადას და ბოლო სკივრიდან ერთ-ერთი წუთი ამოვიღე.
ყავის მკაფიო სუნი მეცა და გამახსენდა, ლიტერატურული კაფე, სადაც მე და ჰაინრიჰი უბრალოდ ვსაუბრობდით.
ვლაპარაკობდით იმაზე, თუ როგორ დასდევს ლეიტმოტივათ ადამიანური მორალი ჩემს შიგნეულობას.
ყავის სუნმა ცხვირი დამიწვა და გადავწყვიტე წუთი ისევ სკივრში დამებრუნებინა.
სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და იქაურ სიგრილეს მოვეთათუნე, შემდეგ მაგიდასთან დავჯექი და ხელები თავზე შემოვიხვიე. აბაზანიდან წყლის ჩხრიალი შემომესმა. შიგნით შესვლა და ლარას ახლიდან გაცნობა მომინდა…
შევედი სააბაზანოში და ლარასთან ერთად დავდექი დუშის ქვეშ, თვალები დავხუჭე და მივხვდი, რომ ლექსის საწერად მხოლოდ დროის შეგრძნება იყო საჭირო.
რომ გამეღვიძა უკვე შუადღე იყო. ტანსაცმელი ჩავიცვი, მოვწესრიგდი, ჩანთა მოვიკიდე და „Böll-ის კლინიკაში“ წავედი.
გაჩერებაზე გახუნებული, წითელი ავტობუსი გაჩერდა, ავედი ავტობუსში და ერთ კომუნისტურსიფათიან ბებოს მოვუსკუპდი გვერდზე. ყურსასმენები გავიკეთე და დავიწყე იმაზე ფიქრი, რა მოხდებოდა, მაშინ თუ ნიცშე ევროპული ცივილიზაციის ყველა კერპს დაამხობდა და მოურღვევდა ფუძეს იმ ღირებულებებს, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე ითვლებოდნენ ადამიანთა უმაღლეს საზომად.
…თურმე ხმამაღლა წამიღიღინებია. გვერდზე მჯდომი შემომიტრიალდა და მკითხა: რატომ მოკლა ნიცშემ ღმერთი?
დავიბენი და მარჯვენა თვალი გადმომეკარკლა, შემდეგ ჩამეღიმა და ვუპასუხე: არ ვიცი, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ ამ მცდელობამ მასში წარმოშვა ამბივალენტური გრძნობები.
მოხუცმა სიგარეტს მოუკიდა და ავტობუსიდან ჩახტა. შემდეგ გაჩერებაზე მეც ჩამოვედი. მთელი დღე ჰაინრიჰთან იმაზე ვბჭობდი, თუ რატომ არის ყველა ბავშვი შემოქმედი. საბოლოოდ დავასკვენით, რომ ზოგადად „თამაში“ ნიშნავს შემოქმედებას.
სახლში, რომ დავბრუნდი, ლარა ლიმნიანი, მჟავე ჩაით გამიმასპინძლდა და ცარიელი თვალებით მითხრა: სალვადორ დალიზეა ნათქვამი, სიცოცხლეში ღმერთებს ეშინოდათ, არ გვაჯობოსო, სიკვდილის შემდეგ, ჩვენც არ მოვკვდეთო.

Advertisements