მაგონდები.
ვდგავარ ნარინჯისფერ გზაზე და ვხედავ როგორ დაფრინავენ ადამიანები წითელი ქოლგებით…
უცებ შოკოლადის წვიმა წამოვიდა ციდან… მე კიდე უქოლგოთ ვდგავარ და ვერ მივდივარ ბუნაგში,სადაც ატმისფერი სითბო მელოდება…
გაჩერებაზე იისფერი ავტობუსი გაჩერდა, იქ პროზა და პოეზია ერწყმოდა ერთმანეთს… ყველა სკამი დაკავებული იყო… ერთ მხარეს კუბისტები იჯდნენ, მეორე მხარეს ბაროკოს მიმდევრები, ხოლო ოქროსფრად მოწიკწიკე განყოფილებაში დადაისტები მიმზერდნენ.
სალვადორ დალიმ ცერად გადმომხედა, აიღო ფუნჯი და თეთრი ფურცელი სულმთლად ააჭრელა, მხოლოდ ფურცლის ერთი ნაწილი გააფერადა შავათ… შემდეგ კი მითხრა: ეს შენი სამყაროა…
თავი დავუკარი და ნახატი გამოვართვი…
გაიღო ავტობუსის კარები და ჩამოვედი ფოსფორისფრად განათებულ ბუნაგთან…
შევედი ბუნაგში, ჩავწექი ლოგინში და სიზმარში აღმოვაჩინე, რომ თურმე მეძინა…

Advertisements