ნარინჯისფერი ლენტებით მორთული აივნის კიდიდან თეთრ კაბებში გამოწყობილ მეძავებს გადავყურებდი, რომლებსაც ჩალის ქოლგები ეჭირათ და საღამოს ათი საათის მოჩვენებებს ჰგავდნენ, აფოფრილი თმებით…

სახლი მესამე სართულამდე მდნარი წყლით იყო დაფარული, ფანჯრებზე მწვანე კაქტუსები ატუზულიყვნენ, თვალები პიტნის უაზრო სურნელს დაუსივებია მათთვის და იძულებულები იყვნენ გრძნობები ჯიბიდან ამოღებულ წვიმის წვეთებთან გაეთამაშებინათ…

აკუტაგავას რასიმონის კარიპჭეს ჯოჯოხეთის სურათებით ხატავდნენ, მაგრამ მხატვრების იღლიებში მუსონი გასაოცარი მუსიკალურობით ქროდა…

უნიტაზიდან დარიჩინის სურნელი ამოდიოდა, ღრუბლისფერ ტაფებზე კი ჩასუქებული ღვთაებები კარამელს წვავდნენ მოკლეფეხება წეროსთვის…

სათვალის მინაზე არეკლილმა ფერდინარდ გრაუმ კი მითხრა: „არარაობა ის სარკეა, რომელშიც ასახულია მთელი სამყაროო!“…

წავედი, იატაკს ყური დავადე, ჩემი მეზობელი თევზის ბუყბუყი შემომესმა და გამახსენდა, რომ სისასტიკის ეროტიკულობა ლუწი და კენტია.

-და მაინც რა არის სიურეალიზმი?

-ის დროის შეგრძნებაა! არც სიტყვაა, არც ფუნჯი, არც დაბადება და არც სიკვდილი.

რითმა სტრიქონის ბოლოს კი, უბრალოდ იდიოტურ უკიდურესობამდე დასული უგემოვნობაა!

ჩემთვის ფიქცია ხარ შენც და ათასობით შენნაირი ორფეხა სპლიყვიც, მაგრამ მე კლოუნი ვარ და წუთებს ვაგროვებ!!!

-ააა, წარსული?

დაგავიწყდა, რომ ცოცხალი წარსული არ არსებობს, არც კაცობრიობის წარსული არსებობს, გარდა ფურცლებზე შემონახულისა.

კუებით მოხატულ სავარძელზე ჩამომჯდარი სალვადორ დალი გამახსენდა, რომელმაც თავისივე ფუნჯით მოხატული, ლიმონიანი ჩაის სურნელით გაჟღენთილი ნიღაბი მაჩუქა და მითხრა: „არ მესმის მცირე ფანტაზიის ადამიანებს რაზე აქვთ პრეტენზიაო“.

Advertisements