ტელეფონი გამაყრუებლად რეკავდა, ძილით გაბრუებული საწოლიდან წამოვდექი, ვუპასუხე, მაგრამ ყურმილიდან საშინელი სიგარეტის სუნი ვიგრძენი, ჩავახველე, მივედი ფანჯარასთან და ყურმილი გარეთ გადავკიდე, მაგრამ მაინც მომესმა ის შემზარავი ხმა: მხოლოდ ნულები ადიდებენ ციფრებს…მხოლოდ ნულები ადიდებენ ციფრებს…მხოლოდ ნულები ადიდებენ ციფრებს!!!

ფეხებზე დავიხედე, ჩემს მოგრეხილ თითს გავუღიმე, იატაკზე ჩამოვჯექი, მუსიკა ჩავრთე და ჩილიმი გავაბოლე. ციკლოპივით ცალი თვალით ვუყურებდი კედლებზე გაკრულ სკლეროზის ფურცლებს და მახსენდებოდა, რომ სიკვდილამდე მილიონობით კილომეტრი მქონდა გასავლელი.

ცხოვრებაში პირველად მომინდა ჩავსულიყავი აფთიაქში და პრეზერვატივის მაგივრად, რამე ტკივილგამაყუჩებელი მეყიდა. ვგრძნობდი, როგორ ეხეთქებოდა მარჯვენა საფეთქელს გახურებული სისხლი…

მცხელოდა, მაგრამ მაინც მაღალყელიანი, თასმებშეხსნილი ფეხსაცმელი ჩავიცვი. კიბეზე, რომ ჩავირბინე, მეზობელი ბებოს ფურთხისებური თვალები შევნიშნე, ტანზე დავიხედე და მხოლოდ წითელკოპლებიანი ფოხანა დავინახე. სადარბაზოდან, რომ გავედი სივრცის ღვედი შევიკარი, მაგრამ მაინც ერთმანეთში მერეოდა დრო, მოძრაობა, მავანთა დასი, თუ ეროტიკის ძაფები…

მძინავს…მძინავს…მძინავს…

ხელში ფოტოაპარატი მიჭირავს და ვგრძნობ, რომ ეს არაა ფორმა, ეს არაა მხატვრობა, ეს არაა პერსპექტივა, ეს არაა სტრუქტურა, ეს ფიქციად გადაქცეული სუიციდია…

ლარას შეხება გამახსენდა, მაგრამ იქ სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ანდა იმაზე მეტს უხდიან, რისი ღირსიც არის.

როცა გამომეღვიძა, საპირფარეშოში შევედი, უნიტაზს დავაკვირდი და ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჭეშმარიტება, მაგრამ ჭეშმარიტება ხომ ურყევია, მანამ სანამ არ შეარყევ…

„დაფსმა არ დაფსმა, საკითხავი აი ეს არის“.

Advertisements