აბაზანაში სიცხისგან გათანგული პირსაბანთან ვიდექი და სარკეში ვიყურებოდი, როცა ვიღაცამ კარზე დააკაკუნა, მაგრამ კარის გაღებისთანავე სიცარიელე მომეთათუნა. მონატრებული წიგნების თაროსთან მივედი, რომელი წიგნიც ხელში მომხვდა ავიღე, ფანჯრის რაფაზე შემოვსკუპდი და უსათაუროდ კითხვა დავიწყე. გამახსენდა ლარას ფორთოხლისფერი დეკოლტე და მაინც ფრეკენ გურდეს ჭაღარაშერეული თმა და წვრილი, გაფითრებული ხელები მომელანდნენ. სიგარეტს მოვუკიდე, გადაშლილი წიგნი მარჯვენა ფეხზე დავიდე და ფანჯრიდან გადავიხედე. ვხედავდი, როგორ ხატავდა გამხდარი, ჭუჭყიანი ქალი ასფალტზე დაგდებულ ძველ ფირს, მაგრამ კინომუშაკებს არ აინტერესებთ ცოცხალი ხელოვანი, რომელსაც სიგარეტის ფული არ აქვს და ელოდება სიკვდილს, რათა მოლაყბეთა სამმა თაობამ სიკვდილის მერე მაინც აღიაროს.

გადავწყვიტე ჩამეცვა და ქუჩაში გამესეირნა. სადარბაზოდან, რომ გავედი, ყურსასმენები გავიკეთე, მუსიკა ჩავრთე და ღიღინ-ღიღინით ვბორძიკობდი ტროტუარზე. იქვე გაჩერებაზე ჩამომსხდარ მეძავებს, ვიღაც ჭაღარა „ბაბუ“ ევაჭრებოდა და თან სიგარეტისგან გაყვითლებულ ულვაშებს საჩვენებელი თითით ისწორებდა. მომინდა ეს სტრუქტურული წამები ფოტოსურათებად მექცია. გადავწყვიტე სახლში ავბრუნებულიყავი და ფოტოაპარატი ამეღო. ასეც მოვიქეცი, ჩემი სიძველისგან გადაქლეთილი ზენიტი ავიღე და გაცრეცილი თოკით ყელზე ჩამოვიკიდე, გარეთ გავედი, მაგრამ ულვაშებიანი, ჭაღარა ბაბუ იქ აღარ დამხვდა. გაჩერებიდან მხოლოდ მეძავების ჭუჭყიანი და აქლეთილი ფრჩხილები მოჩანდა. ისინი ეგუებოდნენ, აღიარებდნენ და ითვისებდნენ იმ ხელოვნებას, რომელიც არც ისე ჭუჭყიან ფულთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ხალხი?

აი ხალხი კი ეგუება, აღიარებს და ითვისებს რაიმე ახალს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ახალი მავანმა და მავანმა მოძღვარმა აღიარა…

მეტროსკენ გავემართე, ნაყინი ვიყიდე, მაგრამ ისე ჩამადნა ხელებში და ისე ჩამომეწუწა ლარას მიერ მარკერით მოხატულ დახეულ ჯინსზე, რომ ვერაფერი ვერ გავიგე. თურმე მთელი თხუთმეტი წუთი ვიდექი მომღიმარე მზის ფონზე და ვუყურებდი, მწითურთმიან და თეთრსხეულიან ძუს, რომელსაც მოლაყბეებმა გიჟი უწოდეს მხოლოდ, იმიტომ რომ შიშველი იყო…

ბილეთი ავიღე, ვაგონში შევხტი და გზას გავუყევი მწითურისგან სასტიკად აღგრძნებული. წარწერებიან სკამზე ჩამოვჯექი და მთელი გზა ფოტოაპარატის ობიექტივს ხელით ვაწვალებდი, ტვინის ნახევარი ლარას შეევსო, დანარჩენი ნახევარი კი მწითურს…

ეს არ იყო ადგილმდებარეობა, ეს არ იყო ფერი, ეს არ იყო რიტმი, ეს არ იყო შინაარსი…

მსოფლიო ფანტასტიკას აყოლილი, ჩახველებისგან გამოწვეულ გაჩერებაზე ჩავედი, სახლამდე ტაქსით წავედი. გზადაგზა ქუჩაში მოფანტულ პარაზიტ ბოშებს ვუღებდი სურათებს. სახლში, რომ მივედი, დაკლაკნილ თოკში გახვეული ყურმილი ავიღე, ლარას ნომერი ავკრიფე და ვაგრძნობინე, რომ უბრალოდ მინდოდა…

რამოდენიმე საათში ლარა ჩემთან ამოვიდა. საღამომდე უაზრო ფილმებს ვუყურებდით, ლუდს ვსვამდით, სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდით, უცებ ფეხზე წამოხტა, მეც ამაფხიკა იატაკიდან, მაკოცა, ხელები საჯდომზე მომხვია და გადაწყვიტა ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ იდეების დამარცხება შეიძლება მხოლოდ იდეებით…