You are currently browsing the monthly archive for August 2010.
მის რეჩედიც დისტანციური პულტით მართავდა ციფერბლატის სამ ისარს, მაგრამ ყველას ჩვენ ჩვენი ნისლი გვაქვს და რთულ სიტუაციებში უმეტესად ამ ნისლის უკან ვიმალებით ხოლმე.
როდესაც მარჯვენა თვალზე გაბზარული სათვალე მიკეთია, ვგრძნობ რომ სრული ინტეგრაცია არ მინდა, მაგრამ სრული დეზინტეგრაციაც ნაცრისფერი ელექტროშოკის საცეცებამდე მიმიყვანს.
და მაინც, როგორ წარმოგიდგენიათ მოოქროვილი, ვერტიკალური სიურეალისტური უკანალი?
-ჩემი კატა, ლუსი ფიქრობს, რომ სიურეალიზმი ჭკუით სავსე კოლოფია, ხოლო ჭკუა ავადმყოფობაა, ტკივილს გაყენებს, მაგრამ არავინ მიიჩნევს ავადმყოფობად…
თქვენს ტვინში მდებარე ძეგლებიც, შეიძლება შეცვალოს ოქრომ და გრანდიოზულმა პროპორციებმა, ალბათ იმიტომ რომ გაქვავებულმა ფალოსებმა დაისაკუთრონ ჩვენი ტერიტორია…
სამყარო ხომ გაფრცქვნილი ფორთოხალია, ხოლო ჩემსა და იდიოტს შორის ის განსხვავებაა, რომ მე გიჟი ვარ, ნარინჯისფერი სათვალით.
აუცილებელია გაურკვევლობა მიმოფანტო, ამაზე ბევრი წამოეგება…
ხოდა, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მალე ჩვენი რეალობა დეპრესიის ერთ-ერთ ფორმად გადაიქცევა.
…ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.
”ძალიან ხნიერი როკ-ენ-როლისთვის, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა სიკვდილისთვის”, – ბრიტანულ საკულტო როკ-ჯგუფ ”ჯეთრო ტალის” ეს ცნობილი გამონათქვამი კარგად მოირგო ამერიკელმა საკულტო მწერალმა კენ კიზიმ, როცა საკუთარი თავი დაახასიათა, როგორც ”ძალიან ახალგაზრდა ბიტნიკობისთვის, მაგრამ ძალიან ხნიერი- ჰიპობისთვის”.
კენ კიზი 50-იანი და 60-იანი წლების შუაში მოხვდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, თავისი ცხოვრების წესითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა იმ პერიოდის ამერიკის კონტრკულტურაზე. ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის საუნივერსიტეტო კურსები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობა და ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე ჰალუცინოგენების ზემოქმედების შემსწავლელ ექსპერიმენტებში მოხალისედ მონაწილეობა საკმარისი გამოსგა, რომ 1962 წელს მას შეექმნა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რომანი ”…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”.
რომანს მომენტალური წარმატება ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ მისი სასცენო ვერსია ბროდვეიზე დაიდგა. 1975 წელს მილოშ ფორმანმა რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო. ფილმმა, რომელმაც კინემატოგრაფის ისტორიაში უიშვიათეს წარმატებას მიაღწია, მიიღო 5 მთავარი ”ოსკარი” – საუკეთესო ფილმის, რეჟისურის, მსახიობი ქალის, მამაკაცის და სცენარისათვის, – და კიდევ უფრო გაზარდა წიგნის პოპულარობა.
ტოტალიტარულ სისტემაში თავისუფლებისთვის ბრძოლის თემა მიუღებელი იყო საბჭოთა იდეოლოგიისთვის და ჩვენში ეს ნაწარმოები აკრძალეს. თუმცა ვიდეოტექნიკის განვითარებასთან ერთად 80-იან წლებში ”გუგული” პროტესტისა და დაუმორჩილებლობის არაოფიციალურ, ერთადერთ და უპირობო გამოხატულებად იქცა.
”…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას” შემდეგ კენ კიზიმ სხვა ნაწარმოებიც გამოაქვეყნა, მაგრამ, ეს რომანი რომ არა, ჯეკ კერუაკი არ იტყოდა მის შესახებ, ამერიკას უდიდესი ახალი რომანისტი მოევლინაო.
/ბიძინა მაყაშვილი/
”ზროსლები” მხოლოდ ფსიქიატრიის და პათანატომიის განყოფილებებს ერიდებიან ალბათ, იმიტომ რომ მოზარდთა მექანიკური ბილბორდის მოხატვის შესაძლებლობა მიეცეთ, ვადაგასული, აჭრილი კალმებით.
მწვანე ნარინჯისფერის ანტიპოდია, მაშინ როცა მე, ორფეხა კლოუნი ვკითხულობ ჩვეულოებრივი, ასოციალური ადამიანის პარტიტურას, მაგრამ თუ თქვენ აღიქვამთ საკუთარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატოთ ის.
ვიჯექი დასაქოქი აივნის კიდეზე, როდესაც წელშიმოხრილი, სქოლიოზიანი ახალშობილივით თვალებდაჭყეტილი ახალგაზრდა მომიცუცქდა გვერდზე, მოჭრიალე გორგოლაჭებით. იგი ამაყობდა თავისი, არც ისე საამაყო ჩამომავლობით მხოლოდ, იმიტომ რომ მასზე უთქვამთ: ”ცუდად ჩაცმული იყო და ამით ნაკითხი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდაო”.
გავუღიმე, მაგრამ ტოლერანტობით გამოწვეული ასოციალურობა მტანჯავს, მტანჯავს და მტანჯავს…
ჰოდა, მექანიკურო მოზარდებო, ”თვითმკვლელები მხოლოდ ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრამვის დაძლევა”.
ამ წიგნში ცნობილი ინგლისელი ზოოლოგი და მწერალი ჯერალდ დარელი იხსენებს თავის ბავშვობას, იმ დროს, როდესაც იგი თავის ოჯახთან ერთად საბერძნეთის კუნძულ კორფუზე ცხოვრობდა, სადაც პირველად იგრძნო გარესამყაროს სილამაზე და გაუჩნდა სურვილი მისი შესწავლისა. დიდი სიყვარულით აღწერს იგი ნადირ-ფრინველს, მწერებს, ქვეწარმავლებს და ამფიბიებს, რომლებსაც სახლში ეზიდებოდა და ჩვილი ბავშვივით უვლიდა. აკვირდებოდა მათ და დასკვნებს თავის საბუნებისმეტყველო დღიურში იწერდა.
ამ წიგნში მას აგრეთვე აღწერილი აქვს მწერების ბრძოლები, სადაც დეტალურად გადმოგვცემს მათ ემოციებს, შეგრძნებებს და ღიმილსაც კი. მემგონი საკმაოდ სახალისო წიგნია.
ეჟენი სექტანტივით, მხარზე გადაკიდებული ჩანთით მიუყვებოდა ქუჩას, როცა არყის სუნით აყროლებულმა ახალგაზრდამ ჩაუარა გვერდით. სერთუკის ჯიბესთან ამოქარგული ჰქონდა ”ლოთობის შემსწავლელი კურსების” ლოგო, რომელმაც ეჟენის თავში 1250 აზრს მოუყარა თავი. იგი ფიქრობდა, რომ ეზიზღებოდა ისინი, ვინც ხელოვნურად გამოხდილი სითხით ივსებენ წარმოსახვის ნაკლოვანებას.
სოციალურ თვითმკვლელობაზე ჩაფიქრებული ლიტერატურულ კაფეში შევიდა, ჩამოჯდა და გიჟივით მიაშტერდა პოპ-არტის სტილით მოხატულ კედლებს, შემდეგ კი, ბოლო ხმაზე იყვირა: სინამდვილეს მირაჟად მხოლოდ, სიგარეტის ქაღალდში გახვეული შენი წაწვეტებული თვალები გარდაქმნისო.
სახლში წასვლა გადაწყვიტა. ქუჩაში გასვლისას კი მიხვდა, რომ ზაფხული ადრიანი გაზაფხულის პარტიტურას კითხულობდა. გაწელვის შელოცვით თვალებდაელმებული ჩანთა გახსნა, პიჯაკი ამოიღო, შეიფუთა და ტაქსი გააჩერა. სახლში, რომ მივიდა, გაუხდელად ჩაგორდა ფუნფულა სავარძელში და თავის პატარა, დაკოპლილ ძაღლს უხმო, მუხლებზე დაისვა და უთხრა: აღარ შემწევს ძალა ის ვიყო, რაც ვარ, აღარ მაქვს საკუთარი ინდივიდუალურობის გამომჟღავნების სურვილი. ინდივიდუალურობა ფუფუნებაა, რაც ძალიან ძვირი მიჯდებაო.
გაიხადა, მუსიკა ჩართო და ცხელი წყლის აბაზანა მიიღო, თან მეზობლის წუწუნს ისმენდა, რომელიც არც ისე ხმადაბლა ეუბნებოდა სარკეში არეკლილ ლანდს, რომ კიბოს მისი სხეული სამოთხე ეგონა და სწორედ მიიჩნია ამ ტროპიკულ კუნძულზე არდადეგების გატარება.
აბაზანიდან გამოვიდა, მრავალმხრივი კრეტინიზმით დაავადებულივით ჩაიცვა და ”წარსულში ნანატრი მეგობრების” შესახვედრად გაეშურა. მათთან საუბრისას კი, სასტიკად დარწმუნდა, რომ ზედაპირული, შეზღუდული ადამიანები, თავდაჯერებულები და თავგამოდებულები, ყველაფერში ერთ ჭეშმარიტებას ეძებენ. ეჟენმა სახე ზიზღნარევი იდიოტივით დამანჭა, შემდეგ კი, ხელისგულზე წაჯღაბნილ სიტყვებს დახედა: არ დასცინო, არ შეიძულო, უბრალოდ გაუგე…
მექანიკური წარმოსახვები დაქოქა და სალვადორ დალის ვერტიკალურ ულვაშებზე აღმოჩნდა, ცალი ფეხით დაკიდებული…
და მაინც, ალკოჰოლი თქვენთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი მიზეზია, ორფეხებო!
ახალგაზრდა კაცი, ანტუანი, დარწმუნებულია , რომ ავადაა და მისი ავადმყოფობის მიზეზი ჭკუაა, მაგრამ ამის გამო არავინ აღიარებს ავადმყოფად და არავინ თანაუგრძნობს, არადა ანტუანი იტანჯება და ამ ტანჯვას რომ ბოლო მოუღოს, რას აღარ ცდის: ალკოჰოლიკად გადაქცევას, თავის მოკვლას … ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და იწყება იდიოტად გადაქცევის საინტერესო ექსპერიმენტი.
წიგნში საუბარია ადამიანის შინაგან ინტეგრაციაზე, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ინტელექტი და ჭკუა რადიკალურად განსხვავებული ცნებებია.
საკაცობრიო საკლასიპიკაციო კრიტერიუმების ძებნისას ანტუანმა უნივერსალური სკალა შექმნა, სადაც სიმდიდრის ინდიკატორად წინდა აირჩია. გამოყო ადამიანთა სამი კატეგორია: პირველი, ყველაზე ღარიბები-ისინი, ვისაც წინდები არა აქვთ; მეორე, საშუალოდ ღარიბები- ისინი, ვისაც წინდები გამოხვრეტილი აქვთ და მესამე კატეგორია, მდიდრები- მათ წინდებს ნახვრეტები არ აქვთ.
წამოწოლილი წიგნს კითხულობდა, როცა წარბები აებურძგლა და გადაწყვიტა დაეხატა, ოღონდ სიტყვაშემცველი ბგერებით, მაგრამ გულის სიღრმეში თვითონაც იცოდა, რომ მუნჯი იყო.
მწერებით სავსე აივანზე გავიდა, სკამზე ჩამოჯდა, პირი გააღო, ტვინი გაანიავა და მუნჯურად წაიღიღინა: ”ყოველ ადამიანში, იფარება სხვადასხვა ადამიანთა და შესაძლებლობათა პოტენციალიო”…
ვიზრდები…ვიზრდები…ვიზრდები, ჰოდა ნარკოტიკი ვარ და გამომიყენეთ!!!
სიმღერებიც ემოციებათ ჰქონდა დაყოფილი. ამოიჩემა ერთ-ერთი ემოცია და იქამდე უსმინა, სანამ ფრჩხილები არ გაულურჯდა. შემდეგ მაისური და შარვალი გაიხადა, მაღალყელიანი, თბილი ფეხსაცმელი ჩაიცვა, ხელებზე ”მეორად ბაზარზე” ნაყიდი მწვანე, ნაქსოვი თათმანები გაიკეთა და ქუჩაში გავარდა…
-და მაინც, რა არის განმეორების ესთეტიკური ფასი?
-ამბობენ, რომ ეს გენიალობაა შრომისა და გარჯის დაუშრეტელი უნარისა.
-მემგონი ძალიან ცუდი განსაზღვრებაა, მაგრამ სრულიად გამოსადეგი კია მაძებრისთვის…
პარკში მდგარ, საღებავგადაცლილ სკამზე წამოწვა, გაიზმორა და ხერხემალი გაუტკაცუნდა. თვალების დახუჭვა ეზარებოდა და იძულებული იყო ეფიქრა იმ წყვილებზე, რომლებიც მხოლოდ პეტინგით კავდებიან.
როცა ფეხზე წამოდგა და პარკის მიყრუებულ ბილიკს გაუყვა, დაინახა, როგორ მასტურბირებდა ჭუჭყიანი, პარაზიტი ბოშა, მაგრამ რას გააკეთებ ამ ქვეყანაზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აიძულო ადამიანები იფიქრონ, რომ რაღაც გააკეთე…