ეჟენი სექტანტივით, მხარზე გადაკიდებული ჩანთით მიუყვებოდა ქუჩას, როცა არყის სუნით აყროლებულმა ახალგაზრდამ ჩაუარა გვერდით. სერთუკის ჯიბესთან ამოქარგული ჰქონდა ”ლოთობის შემსწავლელი კურსების” ლოგო, რომელმაც ეჟენის თავში 1250 აზრს მოუყარა თავი. იგი ფიქრობდა, რომ ეზიზღებოდა ისინი, ვინც ხელოვნურად გამოხდილი სითხით ივსებენ წარმოსახვის ნაკლოვანებას.

სოციალურ თვითმკვლელობაზე ჩაფიქრებული ლიტერატურულ კაფეში შევიდა, ჩამოჯდა და გიჟივით მიაშტერდა პოპ-არტის სტილით მოხატულ კედლებს, შემდეგ კი, ბოლო ხმაზე იყვირა: სინამდვილეს მირაჟად მხოლოდ, სიგარეტის ქაღალდში გახვეული შენი წაწვეტებული თვალები გარდაქმნისო.

სახლში წასვლა გადაწყვიტა. ქუჩაში გასვლისას კი მიხვდა, რომ ზაფხული ადრიანი გაზაფხულის პარტიტურას კითხულობდა. გაწელვის შელოცვით თვალებდაელმებული ჩანთა გახსნა, პიჯაკი ამოიღო, შეიფუთა და ტაქსი გააჩერა. სახლში, რომ მივიდა, გაუხდელად ჩაგორდა ფუნფულა სავარძელში და თავის პატარა, დაკოპლილ ძაღლს უხმო, მუხლებზე დაისვა და უთხრა: აღარ შემწევს ძალა ის ვიყო, რაც ვარ, აღარ მაქვს საკუთარი ინდივიდუალურობის გამომჟღავნების სურვილი. ინდივიდუალურობა ფუფუნებაა, რაც ძალიან ძვირი მიჯდებაო.

გაიხადა, მუსიკა ჩართო და ცხელი წყლის აბაზანა მიიღო, თან მეზობლის წუწუნს ისმენდა, რომელიც არც ისე ხმადაბლა ეუბნებოდა სარკეში არეკლილ ლანდს, რომ კიბოს მისი სხეული სამოთხე ეგონა და სწორედ მიიჩნია ამ ტროპიკულ კუნძულზე არდადეგების გატარება.

აბაზანიდან გამოვიდა, მრავალმხრივი კრეტინიზმით დაავადებულივით ჩაიცვა და ”წარსულში ნანატრი მეგობრების” შესახვედრად გაეშურა. მათთან საუბრისას კი, სასტიკად დარწმუნდა, რომ ზედაპირული, შეზღუდული ადამიანები, თავდაჯერებულები და თავგამოდებულები, ყველაფერში ერთ ჭეშმარიტებას ეძებენ. ეჟენმა სახე ზიზღნარევი იდიოტივით დამანჭა, შემდეგ კი, ხელისგულზე წაჯღაბნილ სიტყვებს დახედა: არ დასცინო, არ შეიძულო, უბრალოდ გაუგე…

მექანიკური წარმოსახვები დაქოქა და სალვადორ დალის ვერტიკალურ ულვაშებზე აღმოჩნდა, ცალი ფეხით დაკიდებული…

და მაინც, ალკოჰოლი თქვენთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი მიზეზია, ორფეხებო!

Advertisements