…ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა,
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა.

”ძალიან ხნიერი როკ-ენ-როლისთვის, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა სიკვდილისთვის”, – ბრიტანულ საკულტო როკ-ჯგუფ ”ჯეთრო ტალის” ეს ცნობილი გამონათქვამი კარგად მოირგო ამერიკელმა საკულტო მწერალმა კენ კიზიმ, როცა საკუთარი თავი დაახასიათა, როგორც ”ძალიან ახალგაზრდა ბიტნიკობისთვის, მაგრამ ძალიან ხნიერი- ჰიპობისთვის”.

კენ კიზი 50-იანი და 60-იანი წლების შუაში მოხვდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, თავისი ცხოვრების წესითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა იმ პერიოდის ამერიკის კონტრკულტურაზე. ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის საუნივერსიტეტო კურსები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობა და  ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე ჰალუცინოგენების ზემოქმედების შემსწავლელ ექსპერიმენტებში მოხალისედ მონაწილეობა საკმარისი გამოსგა, რომ 1962 წელს მას შეექმნა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რომანი ”…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”.

რომანს მომენტალური წარმატება ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ მისი სასცენო ვერსია ბროდვეიზე დაიდგა. 1975 წელს მილოშ ფორმანმა რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო. ფილმმა, რომელმაც კინემატოგრაფის ისტორიაში უიშვიათეს წარმატებას მიაღწია, მიიღო 5 მთავარი ”ოსკარი” – საუკეთესო ფილმის, რეჟისურის, მსახიობი ქალის, მამაკაცის და სცენარისათვის, – და კიდევ უფრო გაზარდა წიგნის პოპულარობა.

ტოტალიტარულ სისტემაში თავისუფლებისთვის ბრძოლის თემა მიუღებელი იყო საბჭოთა იდეოლოგიისთვის და ჩვენში ეს ნაწარმოები აკრძალეს. თუმცა ვიდეოტექნიკის განვითარებასთან ერთად 80-იან წლებში ”გუგული” პროტესტისა და დაუმორჩილებლობის არაოფიციალურ, ერთადერთ და უპირობო გამოხატულებად იქცა.

”…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას” შემდეგ კენ კიზიმ სხვა ნაწარმოებიც გამოაქვეყნა, მაგრამ, ეს რომანი რომ არა, ჯეკ კერუაკი არ იტყოდა მის შესახებ, ამერიკას უდიდესი ახალი რომანისტი მოევლინაო.

/ბიძინა მაყაშვილი/

Advertisements