ყოველთვის ვხვდებოდი, რომ არასრულფასოვანი და ზედაპირული „იდიომებით“ ვიყავი აწყობილი, მაგრამ არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ როგორი ძნელია იყო „მიწიერი მირაჟი“, ანუ შეიძლება ითქვას, რომ არ ვცოცხლობ, ალბათ იმიტომ რომ სიცოცხლეც ინდივიდზეა დამოკიდებული, როგორც ნებისმიერი რამ დედამიწაზე.

როდესაც სრულ ინტეგრაციას განვიცდი, შეგრძნება მაქვს თითქოს სალვადორ დალის ულვაშემზე აიწონა-დაიწონას ვთამაშობდეთ, მე და ის ქერა, სკოლაში თვალს რომ ვერ ვაშორებ ხოლმე…

ძალიან ცოტა დრო გავიდა იმის მერე, რაც ამელი ნოტომის რამოდენიმე წიგნს გავეცანი, მაგრამ ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, რომ არსებობის ინტიმური მხარეც კი აკრძალვებს ექვემდებარება.

სულ რაღაც ხუთი დღის წინ ვფიქრობდი, თითქოს ინტელექტი მთელი საზოგადოების მონაპოვარია და სოციალურ სტატუსებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ სასტიკად ვცდებოდი, შეიძლება იმიტომ რომ არ ვიცოდი რას ნიშნავდა თავისუფალი ადამიანი.

მხოლოდ ცნობიერად განხორციელებული ადამიანი იქნება თავისუფალი.
© მერაბ მამარდაშვილი

ეხლაც თმააბურძგნული და ჩაისმოწყურებული ვზივარ და ვფიქრობ სხეულის მიღმა დარჩენილ არაცნობიერზე და მიკვირს, რატომ არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა ვოლტერი და არც ჰაინრიჰ ბიოლის გარეგნობაზე შეუძლია ვინმეს საუბარი.

და ბოლოს, სასტიკად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა ორფეხა, თუნდაც ოთხფეხა ფილოსოფოსი დამატებითი მინის თვალებით უყურებს ადამიანების და კლოუნების ინტეგრირებულ,“ავტომატურად საუკეთესო სოციალურ სტატუსებს“.

Advertisements