მე ხომ ადამიანის, შეტევებით გაჟღენთილი ნიჰილისტური სული მიდგას და არც განმეორების ესთეტიკური ფასი ვიცი. ჩემთვის პირობითია სივრცეც, მოძრაობაც, დროც და ალბათ მატერიაც კი.

ნიცშეს აზრით მორალი ძირითადათ ორი სახისაა და მორალური შეფასებები ყალიბდება ან იმ ადამიანთა მიერ, რომლებსაც შემიძლია „გვერდითა ლოჟის ზეკაცები“ ვუწოდო, (ამის წერისას გამახსენდა კნუტ ჰამსუნის „მისტერიებში“ ერთ-ერთი მომენტი, როდესაც ავტორმა „ჩამომავლობით ზეკაცებს“, ბრიყვები და „გვერდითა ლოჟის ზეკაცები“ უწოდა) ან იმათ მიერ, რომელთა ხვედრი მორჩილებაა.

რადგან „ამჯერად“ ჩემთვის მორალურ შეფასებებს მნიშვნელობა არ აქვს, გეტყვით, რომ ჩემნაირების მორალი ჯოგური მორალია, ანუ მე ვახდენ ჩემივე მორალის (პიროვნულის) ნიველირებას.

ყოველი შემთხვევისთვის ჩემი ამოცანა იყო, რომ საშუალო ადამიანის გარშემო შემექმნა ისეთი სამყარო, „რეალობა“, სადაც თავს თვითდაჯერებულად ვიგრძნობდი, მაგრამ ჩემში, როგორც დოსტოევსკის რომანებში რელიგიურ-ეთიკური „ემბრიონები“ დაძრწიან.

ისიც დასაფიქრებელია, მინდა თუ არა  ყველა სულიერი მწვერვალი გაუფასურდეს (ყოველივე „მოსალოდნელი ღირებულება“ ბანალური გახდეს), მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ცნობიერად როგორ განახორციელებს ჩემი გონება იმ ადგილს, სადაც ადამიანისთვის ტაბუ აღარ იარსებებს.

ხოდა, ჩემი იმორალისტური თეორია თვითნიველირების შესახებ, იდიოტურ უკიდურესობამდე დასული უგემოვნობაა, რადგან ამ ბოლო დროს ჩემი „ორივე ფეხი“ ფიქციად მეჩვენება.

Advertisements