You are currently browsing the monthly archive for Dezember 2010.

ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე,

ცის საშოსთან მეღიმება მასზე,

ჭიდან მხოლოდ ამოვიღე მთვარე,

„ვარსკვლავები უკვე ბევრჯერ ვთვალე“,

გული მხოლოდ საყრდენია მასზე,

ჩუმი ნუშით, კედელია სახლზე,

სული ისევ ღმერთის ბრბოა ხმაზე,

ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე…

Salvador Dali-Cafe Scene. The Figures at the Table Make a Skull - Drawing for the Nightmare in "Moontide", 1941

გუშინ ვფიქრობდი მარტინ ჰაიდეგერის „ზმნიან ხელოვნებაზე“, სადაც ხელოვნება „გახსნაა“, ანუ გზა ახალი სამყაროსკენ, ახალი კი ნიშნავს დასაწყისს.

ფიქრი მბრუნავი მომავალია, მომავალი კი მოლოდინის გარეშე არ არსებობს. ეს ყველაფერი ერთად ალბათ, ნოტებზე მოცეკვავე ყვავია, სამი ფორთოხლისფერი ნოტით…

ზეცას ისევ ორგია მოეწყო ხელოვნების დასაბამთან, დაძენძილი ნოტები კი ისევ ტექნიკის მითოსში ბანაობდნენ, ფეიხოას ღრუბლებით. ისე მაგ მწვანე ხილმა მასწავლა ქალაქის წაკითხვა, ხმებით, სიტყვებით, სიცილით და უბრალოდ  მიმახვედრა რომ მანდარინიანი, ალუზიური კვანძები „ირეალურ იდიომებთან“ აერთებს სიურეალისტურ იდეალებს, ხოლო ნუდისტი სპლიყვები ექსპერიმენტულ სცენაზე ციფრებს და მუსიკას ერთმანეთში ურევენ, მანდარინები კი ისევ უკრავენ ზეცის საშოსთან…

<სული გარბის,მათხოვრობს
თვითმკვლელობის მცდელობაში კვდება>

ჩოგანივით მოქნეული სამი საათის მოჩვენება, აივანზე უკრავდა და ხელში ათამაშებდა საზოგადოებრივ ნაკვთებს, რომლებიც საკუთარ თავთან დარჩენისას გამხმარი ფერუმარილივით იშლებიან.

ის ისევ თამაშობდა ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით და ისევ მეუბნებოდა, რომ „სისასტიკის ეროტიკულობა“ ლუწი და კენტია, როგორც სქოლიოზიანი მანდარინის „მთვრალი პოტენციალი“…

შუქით სავსე ოთახში ნავები გორგოლაჭებით სრიალებენ, მე კი ვზივარ ფორთოხლისფერ პროზასთან, რომელიც „კალკის“ ანტონიმია…

სუფლიორები სარდაფში იმალებიან და ნაკუწ-ნაკუწ მიირთმევენ ასოთა ნაგავსაყრელს, ანუ <ადამიანების დიდი ნაწილი ზღვარზეა-ერთი ნაბიჯი და აღარ წაიკითხავს>, მაგრამ შემდეგ ისევ მოითხოვენ პრივილეგიებს, ამიტომაცაა რომ დღეს უკვე ნიჰილიზმმა გადაღება მხატვრული განზოგადების ტიპი, რომელიც ერთნაირ ხასიათთა ცალკეული ნიშნების შეერთებით იქმნებოდა.

და ბოლოს, მე ისევ მოვიპარე ჩემი მოგონებები:

ბურუსით სავსე გრძელი ოთახი…

ყოველ კუთხეში დაბალი მაგიდა დგას…
მაგიდებზე ქოთნით კაქტუსები აწყვია…
კედლებზე ქრონოლოგიურად დალაგებული სურათები ბურუსს ირეკლავენ…
ვერტიკალურად ჩამოკიდებულ დაფასთან შიშველი გოგონა დგას…

მემგონი გუშინ იყო, მანდარინზე ის მზე რომ დავხატე, ჩვენი დედამიწასავით ჭრელი როა, ზედ პატარა ყვავიც მივახატე, მაგრამ სიესტას ძილიდან ვერ გამოვდივარ და ისევ მგონია რომ სხვა ვარ.  აი ის სხვა <მირაჟით შეწებებული თეოლოგი> რომ ჰქვია. რამოდენიმე დღის წინ ბიოლის კლოუნმა დამხატა და მემგონი  მოჩვენებასავით ჩამძახა: <ბინა იქნებ ცოტა მეტს ნიშნავს, ვიდრე თავის მოტყუებაო>, მაგრამ მე მაინც მინდა მანდარინზე ამხედრებული, აი იმ ზეცისკენ წავიდე, სადაც <მიწის შვილები ზეცის შვილებთან შედარებით მარტო ჭკვიანები კი არა, უფრო ადამიანურნიც და სულგრძნელნიც არიან>. მოგვიანებით მუსიკას მოვუსმენდი, გავიმეორებდი, გადავახვევდი და შევიგრძნობდი საკუთარ თავს, რომელიც ზოგჯერ მახინჯი იხვის ჭუკი მგონია, შეტენილი ფრაზით >>> „ჩემი ან ესმით ან არა…“

სარკეში ვიყურები და მიკვირს, რატომ გაიბზარა, ფერუმარილით აწყობილი, ადამიანის შეტევებით გაჟღენთილი ნაკვთები. ბრბო მიღიმის და თვალებზე ისევ მის რეჩედის ნემსებს მაფარებს. მეღიმება და ბროწეულის წვენით მოსვრილი ტუჩები ისევ არსებობის ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტებით იღდგენს დაშლილ უჯრედებს.  და იცით როდის დაიშალა ეს უჯრედები? აი მაშინ, როცა ზაფხულში, ნარინჯისფერ ლოკოკინებს მარილი მოვაყარე და მათ დადნობას მომღიმარე, სადისტური სახით ვუყურებდი…

დილით სკოლაში რომ მივდივარ, „სალმითა და შურით“ სავსე ჩანთით, გზაზე გამოფენილი ლოკოკინების შეხედვისას მეღიმება და ვხვდები, რომ ბედნიერებაზე არასდროს მიფიქრია, უბრალოდ ვტკბებოდი ასფალტზე დახატული ლურჯი, თასმებშეხსნილი კედებით, რომლებიც სადღაც, მესაათის ჭიშკრისკენ მიხტიან, ბეღურას მომტვრეული ნისკარტივით.

მე ვმონაწილეობდი შენს არსებობაშიც, მაგრამ მითხრეს რომ ეს მკრეხელობაა. შენ სხვამ შეგქმნა, მაგრამ „შინაგან ემბრიონებში“ გუგუნის დიფერენციაცია შენ მოახდინე და შენვე მიწოდე არასრულფასოვანი, „ზედაპირული იდიომებით აწყობილი“. მთვარე დილამდე მაწესრიგებს, შემდეგ კი თამამად წარმოგიდგენ შიშველს, მარგარიტასავით ცოცხზე შემომჯდარს და გაალქაჯებულს.

არა, არა ტყუილად მიღიმი! მონოგამიით შეპყრობილი არ ვარ და არც მარტო შენზე იწყებს გაძლიერებულად ფეთქვას, საფეთქელში მოქცეული სისხლი, რომელიც უბრალოდ მანდარინისფერია.

გუშინ წარმოვიდგინე, როგორ ელაგა ჩემს კედლებზე, სამკუთხედებათ დაჭრილი ვოლტერის მოთხრობები, როგორ ლოცულობდნენ ჩემთვის გაცრეცილმაკიაჟიანი შამანები და როგორ მიქმნიდნენ კულტურას ბერძნული ცივილიზაციები. ბოლოს ისევ გამეღიმა და მივხვდი რომ <ვერაფერი ვერ წამართმევს ამჟამინდელ წუთს და მის განცდას>.

ბიოლისა არ იყოს, <საყოველთაო ბედნიერებასა და საპნის სიუხვეს ცოცხალი თუ გადავურჩი, ვეცდები, საერთოდ არ მქონდეს არანაირი სახე>…

/29.11.2010/

იცით როგორ მიყვარს ემოციების წერა ფორთოხლის ქერქზე ? მაგრამ არ ვიცი საიდან მოდიან ემოციები, ფერებიდან, მუსიკიდან თუ უბრალოდ, წითელი მარკერით გადაჯღაპნილი იდეალებიდან, რომლებიც ბავშვობის <ზოლიან ბანანებს> ჰგვანან, ლიტერატურული ატროფიით. ხის კაქტუსებზე კი, ისევ ალაგია ქრონოლოგიურად ჩამწკრივებული იისფერი კუბოები, რომლებმაც უკვე დაქოქეს მექანიკური წარმოსახვები და სალვადორ დალის ვერტიკალურ ულვაშებზე აღმოჩნდნენ, ცალი ფეხით დაკიდებულნი, იმპერიალისტური ტრუსებით.

შედევრს ვქმნიდი, გვამებს ცერზე ფირფიტები ეკიდათ და მაინც ფეხებთან მიგორავდა წყლით სავსე ლურჯი ბურთი, რომელსაც ტრამონტანა, ცაზე მარიონეტივით ჩამოკიდებული თვითმფრინავივით არხევდა…

სულ რაღაც ორი წელია რაც  ფორთოხლისთავა კლოუნის ძებნა დავიწყე, მაგრამ ჯერ ისევ ის ზოლიანი კედები მაცვია, ისევ კინოს ბილეთები მიჭირავს ხელში და ისევ გადმოკარკლული თვალებით ვუყურებ <მექანიკურ ფორთოხალს>.  ჰიტლერი გენეტიკით თამაშობდა, მე კი ამ ბოლო დროს, როცა მძინავს და ფეხები სიცივეში დაცურავენ, რელიგიით მიწევს თამაში და ისევ ცაზე მოხატული, აბორტის ტილოსავით მახსენდება, რომ <მირაჟით შეწებებული თეოლოგი> ვარ, გუშინწინ მანდარინზე ყვავებიან მზეს რომ ხატავდა…

დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ, რაც კნუტ ჰამსუნის <მისტერიები> გადავყლაპე და ისევ იგივე ემოციებით ვიხსენებ ფრეკენ გურდეს გაფითრებულ ხელებს და ისევ მახსენდება, რომ შუქი წყალივითაა. აი ის შუქი, აივნის კიდეზე მოცეკვავე, თეთრ კაბებში გამოწყობილ მეძავებს რომ ეთამაშება ხოლმე, ფერუმარილიანი ნაკვთებით.

სიცარიელეზე ვიწექი და თავზე მოგონებათა ჭაობი მეხვია. გაკვირდებოდი ისე, როგორც ფორთოხლისფერ ბაყაყს, დუმფარების მაგივრად ღრუბლებზე რომ დახტის. თვალებს ვხუჭავდი და ვხვდებოდი, რომ ციცინათელა შენი ობიექტური თავსართი იყო, ზოლებად მოლივლივე სახეებით. დაზოლილი ფიქრებიდან გამოსულმა, გადავწყვიტე ჩემივე სიტყვები მომეპარა. <მინიატურული რომანები ცივ წყალში გავრეცხე და აივანზე, დაწყვეტილ თოკებზე გადავკიდე>….

ჩემი ნაგავქვეშ მოყოლილი გონებრივი ორიენტირება ქვიშით სავსე ლარნაკზე, რეინკარნაციასავით რეპეტიციას გადიოდა, ხოლო ცაში გადამფრენი ადამიანთა ოცნებები, ტროტუარზე ჩემი ზოლიანი კედებივით ეცემოდნენ, შენი თითები ორთოგრაფიაში იკარგებოდნენ, ოთახში ღრუბლები შემოდიოდნენ და ჩემს ტვინში ისევ სცდებოდა საზღვარს  <ენების დიფერენციაცია>…

აივანზე გავედი, ტელეფონის ყურმილი ჩამოვხსენი თოკიდან და დავრეკე…. მაგრამ <ყურმილი ისე ახლოს მიაქვს პირთან და ისე სულმოუთქმელად ლაპარაკობს, რომ მეშინია არ დამდორბლოს>.

/30.11.2010/

…<ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა>. სიმართლეს გეტყვით და არასდროს დამიცვია სარკული სიმეტრია, ისევე როგორც შენი მოქმედების მდებარეობა სამ სიბრტყეზე. ბრბო-რეალურია, <მექანიკური ფორთოხალი> – ფსიქო-ისტორიული, ხოლო მე, ბულგაკოვის ვოლანდივით ირეალური ვარ, ანუ მეც მყავს ჩემი „კაროვიევ-ფაგოტი და ბეჰემოტი“, რომელთაც შიში წარმოშობს ადამიანებში.

როგორც მე, ვერც თქვენ აცნობიერებთ სულიერ სამყაროს „ადამიანებო“, იმიტომ რომ ვოლანდს მეფისტოფელის პროტოტიპად აღიქვამთ და ისევ იბნევით ზეცის ორიენტაციით.  ჩემი ცხოვრებაც მანდარინის ტრილოგიას ჰგავს, რომელშიც კურკებს წყლის შიში წარმოქმნის, ისევე როგორც ოსტატმა და მარგარიტამ წარმოქმნეს თავიანთი სულის „ემანსიპაციაში“ ვოლანდი და მისი ამალა – კაროვიევ-ფაგოტი, აზაზელო და ბეჰემოტი.

იცოდი რომ სამყარო, შენი კუბოკრული კაბის ჯიბეში ჩადებული თოვლიანი ციტრუსით იწყებოდა? და იქნებ შენ ხარ <საიდანღაც მოთრეული ლექსი>, რომელიც დროის შეგრძნებას ჰგავს თავისი „ინდიფერეტიზმით“. არადა ორივე დასტოპებული კადრი ვართ, სიუჟეტის განვითარების უფლებით.

ეხლა ისე მეღიმება, თითქოს ლიმონიან ჩაის ვსვამდე, მაგრამ სინამდვილეში მოგონებებმა დაუკრეს გამჭირვალე ბიუსტჰალტერებზე: ქვაფენილზე მდგარ სამკუთხედ მაგიდაზე ხორბლისფერ ძუს ფეხები ესპანური სინდიკატების მსგავსად აეშვირა, მაგრამ ვაგინიდან გამოყოფილი ბავშვის თავი, ბარტონის ნახატ თავკომბალას წააგავდა. ამფიბიები ძუს მკერდზე ბუზებს იჭერდნენ და რძეს წვეთ-წვეთად აყოლებდნენ….

როდესაც მანდარინს ვფრცქვნი, ვერასდროს იპოვი ჩემი ხლართების სტრუქტურულ გააზრებას ალბათ იმიტომ, რომ როგოც <მეორად სიზმრებში> ჩემი ფანტაზიები მხოლოდ ჯიბიდან ამოღებულ წვიმის წვეთებთან თამაშობენ.

/1.12.2010/

Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Abonnenten an