René Magritte-"Homage to Mack Sennett"

ფანჯარაზე მიტყეპნილ ეროტიკულობას თავზე ტომარა ჩამოეცვა, გვერდზე კი მთვრალი, ციტრუსის სუნათ აყროლებული „დეფორმაცია“ ედგა. ორივე მაგრიტის ნახატებს მაგონებდნენ, მაგრამ დუეტში ლაპარაკის შემდეგ, ისევ ვტოვებდი ლორწოვან კვალს, როგორც ლოკოკინის სამდღიანი მოგონება.

ნესტიან მაგიდებზე ისევ აწყვია უჯრედული კატაკლიზმები, რომლის ქვეთავებიც სკალპერდასმულ გვამებს მაგონებს, ცარიელს და პეპლის უპეპლო ჭუპრივით გამოფიტულს…

თოვლი ფოლკნერის გაურკვეველი ფანტაზიასავით გაფანტულიყო. ბავშვებს ხის ტოტებზე ცერა თითები გაეჭრათ, თოვლზე წითლად კლასობანას ცხრილი მოეხატათ, ქვის მაგივრად კი მანდარინს ისროდნენ…

ვიტრინის მინაზე მიტყეპნილი ძუძუსთავებივით სრიალებდნენ ემოციები მოზარდის ფანტაზიაში…

ოთახში გაკრული რელიგიებიც ნაღეჭი „კევებით“ იყო სავსე. ისინი თავისუფალი ვარდნით ამზადებდნენ დედამიწის საშოსთან მოძრავ, გაყინულ სიხშირეს, რომელსაც ჰიპოპოტამები აჰიგიენურ, მოტვლეპილ თავებზე გამჭოლი მზერებივით იკრავდნენ…

ბარტონის ნახატები ტუჩებს ლურჯი მელნით იღებავდნენ, თვალებს კარკლავდნენ, თმებზე ყვავებს იწებებდნენ და რიტმულად ფიქრობდნენ უგემოვნობაზე, რომელიც ზოგჯერ საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთ მიზეზად მეჩვენება…

სიკვდილი ისევ აკაკუნებდა გაფითრებული სახით, მე კი მეგონა, თითქოს ვუდი ალენის „კანგადაკრულ“, ნაკვთებჩაყრილ სახეზე კარტოფილები ამოდიოდნენ და ფსიქოთერაპიაც პირდაპირ ყვითელი ჯადოქრის კარზე მთავრდებოდა…

კარებთან ჭუჭყიანი ჩვარი ეგდო, ზედ გამხმარი პურის ნამცეცები ეყარა… კატების კნავილი ისმოდა…ბოლოს ისევ გამახსენდა ჩვიდმეტი იანვრის „სამჯერჭორფლიანი“ ემოცეიები:

მოხეტიალე მზერები. ზეპპელინიანი მზერები. ჭორფლიანი მზერები.

მთვარე ჩავიდა. ისინი ჯერ კიდევ ელოდნენ ყველა პასუხს.

ტყუილად ელოდნენ. მათ ჭორფლებზე თავიანთი პასუხები ეყარათ.

მათ ერთმანეთი ჰყავდათ, ან გვყავდა.

იატაკი წვიმით იყო გაჟღენთილი. ნაბიჯები რბილად ეცემოდნენ.

მთვარე დილით.მთვარე ღამით.

ბგერებზე შემოხვეული ადამიანები.

სხეულის მეორე სართულზე მუსიკა ისევ ირთვებოდა.

ლა ლა ლა.ლალალალა…

მხატავდნენ. ბოლოს თითქოს ისევ მე ვხატავდი.

გალუჯდა.გაწითლდა.გამწვანდა.

ულვაშები აეპრიხა, ოღონდ ვერტიკალურად.

შეეშინდა.

ფეხები ქრებოდნენ, კედებით. ლურჯებით. წითლებით. ყვითლებით.

…. თავისქალაზე ისევ ეხატა, ფრთები ღილებით!

Advertisements