Jacek Yerka

სამკუთხედი ოთახის შუაში გვამივით იდო, როცა ემოციები ელექტრონით დამუხტული ძაფივით გაუწყდა, ნაწყვეტები კი ღამემიკერებული დასაქოქი მარიონეტივით დატრიალებდნენ ალუზიას, რომელიც ლურჯმა „დამავოიმ“ ჩაუდო გვამივით გაფითრებულს და დაღმართზე მიმავალს პირდაპირ მუცელში, მკერდისა და კუჭის გასაყარზე…

ჰიპოპოტამების ნერვებს მარჯვენა, დასაქოქი ხელით ვეთამაშებოდი, თავი ნაცისტი მეგონა, მაგრამ „ჰიტლერს ჰერკულესისგან ძლივს ვარჩევდი“. გაორების დროს ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მაგიდებთან მსხდარ „გვერდითა ლოჟის ზეკაცებს“ ყვითელკბილება მეძავებივით მოუხდებოდათ ფალოიმიტატორები გარნირით, რომელსაც კაპები უმზადებდნენ, სანამ მოტვლეპილ თავებს გამოყოფდნენ ვაგინიდან.

ირეალურ ეროტიკასაც მოსწყვეტია ნოტები, რომლებიც „უმლაუტებივით“ მასხდნენ თავზე, თითქოს უტოპიური სოციალიზმი თავს იკლავდეს, მაგრამ კომუნიზმი თავზე გვეხვეოდეს, როგორც უხუცესებს ეხვევათ სტალინისა და ლენინის „ინტერნაციონალური ვალი“.

აი, ხომ ხედავთ სინონიმებიც იმსხვრევიან…

გასაჭურისებულმა ჰიპოპოტამებმა სუფლიორების ორიენტაციაზე თამაში ისწავლეს, მაგრამ მაინც არ იყო გზა სამოთხისკენ, სადაც ჯეიმს ენსორს ქრისტე შეყავდა  ბრიუსელში…

მეღიმება როცა მახსენდება, რომ ხულიო კორტასარსაც ჩემნაირი გადაბმული წარბები ჰქონდა და ისიც მთვრალივით წერდა, როგორც ათი საათის თმააბურძგნული მოჩვენება. მასაც ხელში ეჭირა საზოგადოებრივი ნაკვთები და მაინც აწუხებდა ეგზისტენციალიზმი, რომელიც ნალექიანი ვარსკვლავივით ბჟუნტავდა და ორად იჭრებოდა აფილოსოფიურ თანამედროვეობაში…

ქუხს თუ ფეთქავს არ ვიცი…

მაგრამ ვიცი რომ მოდიან, თან პირაპირ ჩემს ტვინში სახლდებიან და მერე კაკანებენ…

კაკანებენ სექსზე, გრძნობებზე და ბოლოს ისევ ემოციებად იქცევიან, რომლებსაც პრეტენზია აქვთ მიემსგავსონ მუსიკას.

(მუსიკა ისევ ასიმეტრიულად წყვეტდა ეროტიკის ძაფებს)…

ტანზე სიცარიელეს იხატავდა და ისევ უსასრულობამდე მიდიოდა,  ბოლოს კი გუგულის ბუდეზე გადაფრენას ისევ სხვა ასწრებდა…

Advertisements