ჩემი ტვინის ციფერბლატის მარჯვენა მხარეს, გაყვითლებულკედლებიანი ფსიქიატრიულის ეზოში გახუნებული ნაძვი იდგა, ნაძვს მარცხნიდან სამფეხიანი მაგიდა ჰქონდა მიდგმული, მაგიდაზე კი უტოპიური „თვითნიველირება“ იდო, რომელსაც ყოველ დილით უზმოზე მიირთმევდა ჰაინრიჰი დაობებულ ყველთან ერთად.

ფსიქიატრიულის ჭიშკართან თოკი იყო გაბმული, სადაც თასმებგადაბმული ფეხსაცმელები ეკიდა. ალბათ ამიტომაც დადიოდნენ ჰაინრიჰის ტომარაშემოცმული მეგობრები ფეხშიშველები. ისინი ცაზე მიხატულ ეპოქას შესცქეროდნენ, თან ჭუჭყიან შუბლებზე გაკრული ხელით ეწერათ „გატკეპნილი წარსული“…

ტვინის უჯრედებზე ჩამოკიდებულ ნოტებს ისინი ექსტაზში ჩაეგდო, ბარბაცით დადიოდნენ და ერთხმად ჩურჩულებდნენ: <ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე>….<ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე>….

ჰაინრიჰის მეგობრები ხშირად თამაშობდნენ ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით, შემდეგ ფითრდებოდნენ, არჩევანს კი ისევ თითქმის გასამკუთხედებულ საწოლებზე აჩერებდნენ. ჰაინრიჰი მათ საწოლებს მზისფრად ხატავდა, ზედ მართკუთხედებად დაჭრილ ორგაზმსაც აწებებდა, შემდეგ კი ისევ ამოვარდებოდა ქარი და მისი ცივი თათმანები ახლიდან ეკიდებოდნენ ცის საშოსთან, საიდანაც ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მელანქოლიკი კლავიშები კნაოდნენ, თითქოს იმპერიალისტური ძალაუფლება მათ სულს აუპატიურებდეს, როგორც ვერტიკალული ილუზია მოძრავ ხელოვნებას.

ბრბოდან მოსული ლუსი ყოველ კვირადღეს სტუმრობდა ჰაინრიჰს. არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი. იგი დილაუთენია მიადგა ჩემი ტვინის ციფერბლატის მარჯვენა მხარეს და ჰაინრიჰის ფანჯარაზე კაკუნი დაიწყო. ჰაინრიჰი რბილი ნაბიჯებით გამოვიდა ეზოში, გამხმარ ბალახზე მთვრალი პინგვინივით დადიოდა, თვალები გადმოეკარკლა და აღგზნებული ზაზუნასავით იყურებოდა.

ლუსის წითური თმა და თეთრი კანი ჰქონდა, მაგრამ გაყინული ატამივით უსურნელო. როგორც ყოველთვის შიშველი იყო და მხოლოდ მარცხენა ფეხზე ეცვა თეთრი წინდა, ჟოლოსფერი ზოლებით.

ლუსი და ჰაინრიჰი სამფეხიან მაგიდას მიუჯდნენ, ჰაინრიჰმა მას მარცხენა მკერდზე ხელი მოკიდა, შემდეგ საათის წკარუნივით დაიწყეს „ეგზისტენციალური უკმაყოფილებით“ დასველებული დიალოგი:

(ლუსი)-რატომ ხარ თვითკმაყოფილი იდიოტი?

(ჰაინრიჰი)-არ ვიცი! ალბათ დინამიტების ბიზნესი, რომ დავიწყე?

-მეზარება ცხოვრების ჯვარზე სეირნობა…

-და ეხლა შენ ადამიანი ხარ?

-არა, მაგრამ ვიცი, რომ ვიქნები…

-როდის?

-მაშინ როცა საათი წიკწიკს შეწყვეტს და დალის ნახატებთან მხოლოდ „პეტინგი“არ მექნება საერთო…

-შენც კატა მურივით გიწერია სიკვდილი…

-თავი დამანებე!

-მართალი ხარ…სიცოცხლე ერთია, მაგრამ ცხოვრება სხვა…

-გიყურებ და ცეცხლით შემოსილი საახალწლო ნაძვისზე მგონიხარ…

-თოვლი დაგავიწყდა!..

-არ მჭირდება თეთრი თოვლი შავი ჩრდილით…

-არავინ შემოგხედავს თუ ამ ბოდვას არ გადაყრი…

-ათეისტი მამაძაღლი ხარ…

-ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით გითამაშია ოდესმე?

-რომ დავბერდები ვითამაშებ ალბათ…

-სიბერემდე ჯობია…

-ჯერ მეშინია წითელი აღმაგზნები თვალების დანახვა…

-წადი მაშინ დაიძინე… უკვე დროა მოკვდე…

…ლუსი წავიდა, მაგრამ ჰაინრიჰის გონებაში ისევ მოძრაობდა ჟოლოსფერზოლებიანი წინდა, შემდეგ ობიანი ყველის ბოლო ლუკლმაც ჩაკბიჩა და ჩაეძინა. იგი მელოდიურად ხვრინავდა, თან ციფერბლატის ბლანტ სიზმრებს ხედავდა: „მარილიანი ენები და თითები ერთმანეთზე ეწებებოდათ, მაგრამ ლუდი მაინც პირდაპირ ბოთლიდან დალიეს“…

Advertisements