ნაწილი I

René Magritte-"The Acrobat's Exercises"

ჰაინრიჰის სარკეში თევზები დაცურავდნენ, ის კი მშვიდად იჯდა გაზეთგადაკრულ კუნძზე და ზეთის საღებავებით წითელ ულვაშებს იხატავდა მექანიკურ სახეზე. მასში ძველი ღმერთი კვდებოდა, ბატონობას კი ღამე იწყებდა, რომლისთვისაც მთვარე სინათლის ანტიპოდი იყო.

…დარბაზში გიჟები ნოტებს კენკავდნენ, მუსიკა სუსტებოდა, ისინი კი ემოციებით ივსებოდნენ და ისევ ეგონათ, რომ მენტალური წინააღმდეგობები „ცელულიტიანი ლანდები“ იყვნენ, ორთოგრაფიში დაკარგული თითებით და ცხოვრებისეული ტავტოლოგიით.

ისინი ივსებოდნენ სიცარიელით, ბრბო კი დაკრუნჩხულ ორგანიზმში მომწყვდეულ ნიჰილიზმს უჯრედული თანამიმდევრობით ჭრიდა. გიჟები „ნიცშეაკრულები“ დადიოდნენ, მათ უყვარდათ ქრისტე, მაგრამ სძულდათ ქრისტიანობა. ისინი ცდილობდნენ თავისქალაში მომწყვდეული თაროები ქრონოლოგიური სიზუსტით დაელაგებინათ და გაერკვიათ გაორებული დამოკიდებულება რელიგიისადმი, რომელსაც ირეალური ჰუმანურობა აკლდა. ბრბო კი „უცოდველად“ დგამდა ნაბიჯს „ანტიქრისტეში“…

ჰაინრიჰს გორგოლაჭებზე სრიალი უყვარდა. სანამ გორგოლაჭებს მტვრიან ფეხებზე ჩაიცვამდა, იქამდე ბიბლიოთეკაში შეივლიდა, აირჩევდა რომელიმე გაყვითლებულ რომანს და „ლანჩების“ მაგივრად ფენდა ბზარებშეპარულ „როლიკებში“…

ვორჰოლივით თმააბურძგნულ ჰაინრიჰს თეთრ ხალათებზე ხატვა უყვარდა, ხატვის დროს კი ყოველთვის იყურებოდა თევზებიან სარკეში, ამიტომაც გადაწყვითა წვრილთვალება აკუტაგავასთვის მიებაძა. ხოდა, დაიწყო დიალოგი სარკესთან:

(ჰაინრიჰი)-ცხოვრების რომელი ნაწილი ხარ?

(სარკე)-ანუ იდიოტთა რომელ დაჯგუფებას ვეკუთვნი?

-მხოლოდ იდიოტთა?

-არა, აქ შენნაირებიც არიან…

-მე როგორიღა ვარ?

-უბრალოდ წითელი სათვალე გიკეთია…

-შეგეშალა…მე მხოლოდ წითელი ჩარჩიდან ვიყურები, მაგრამ მინა მწვანეა…

-მით უკეთესი…

-ბავშვობიდან მიკვირდა, რატომ თამაშობდა ჰიტლერი გენეტიკით…

-არ მაინტერესებს შენი ბავშვობა!

-მეტეორიტი მოგორავს…

-შეხედე, თეთრი რაშიც მეტეორიტზეა…

-თუ თეთრია, შავი მანტია რატომ აცვია ან ცელი რაღატომ უჭირავს ხელში?

-უგუნური ბავშვი ხარ…

-ჩემი ნება რომ იყოს, ჩავიღიმებდი და ჰედვიგას გიწოდებდი…

-სცენარი ფაფა ნუ გგონია!

-შენ კიდევ სიახლის ნუ გეშინია ადამიანო!

-ლილისფერო, შენი ვერცხლისფერი ბეწვი აღმაგზნებს…

-უცხო ხარ ქალაქში…

-მაგრამ მზე ჩემთანაა…

-მთვარესაც შენ გჩუქნი…

-შენ გჯერა, რომ იდიოტი ვარ! აი, იდიოტი კი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან…

სახლის კუთხეში კი გვამებს ცერზე ფირფიტები ეკიდათ…

ისინი ეცეკვნენ სიკვდილს…

Advertisements