Michael Pacher

იმ წელს, როცა მამა მომიკვდა, ორიენტაციადაკარგული დეპრესია მქონდა, უფრო სწორად სიკვდილი კი არ იწვევდა დეპრესიას, დეპრესიული ადამიანების წრიალი უფრო აღაგზნებდა ნერვულ უჯრედებს, რომლებიც ზედმეტი ემოციისგან პირის ღრუს კვირტებივით იშლებოდნენ, მერე კი ისევ ფეხს იდგამდნენ და ბოლოს უფრო დაშლილები მიდიოდნენ „ეკლექტიზმში“…

მაგ დროს შემიყვარდა „არარა“, შემძულდა ეპოქა და სქესიც, მხოლოდ უსქესო კაპები მიზიდავდნენ, მდნარ საშოზე აფარებული ბრჭყვიალა მარლებით. მეგონა, რომ დედამიწაც მოძრავი „სქესი“ იყო, რომელიც უსქესოებმა შექმნეს ირეალური მსოფლმხედველობით.

მაშინებდა მოძრავი მომავალი და ბოლოს ისევ დეზინტეგრაციას განიცდიდა ბავშვობის კაუჭზე ჩამოკიდებული ასო, ორი ფორთოხლის კოლაჟით.

არასდროს ყოფილა ბავშვობის ზღვარი, რომლის იქითაც ვერ გავიგებდი ყვირილს, ვარდნას, მსხვრევას, ამიტომაც ვერ ვაღვიძებ ბავშვს, რომელსაც ჩვიდმეტი წლის წინაც ისე ეძინა, როგორც ახლა, დაზოლილი, პროგრამული, დღემდე გაუკონტროლებელი ემოციებით.

მცივა-გაჩერებული ვარ…

მცხელა და ვკანკალებ…

არასდროს მდომებია „ხელოვნური სიცხე“, ყოველთვის სიგრილე მერჩივნა, მაგრამ მაინც ორმაგი გადაკვეთის წერტილი ვარ, ათხაპნილი ემოციებით…

მიყვარდა ადამიანები, მაგრამ მძულდა გარემო, სადაც ვიყავი. მემგონი ახლაც ასე ვარ და გაქცევა მინდა, იქ სადაც ფრთებმიბმულივით გადავეშვები სოციალურ ორგიაში…

გამიხარდა მამის სიკვდილი… რატომ? იმიტომ რომ აღარ მინდა მეშინოდეს მთვრალი ადამიანების, რომლებიც მომჭკნარი იმპოტენტის ასოს მაგონებენ, მაგრამ მაინც სადისტურად მინდება ორგანულად დავანაკუწო ყველა „მთხლე“, რომელიც მამას ჰგავს…

აი, ამ ყვლაფრის შემდეგ არ მინდა ვიყო მამა, რადგან თვითონ სიტყვა „მამა“ გულს მირევს და ამ სიტყვის გახსენებაზე მოჯირითე სპერმატოზოიდები მახსენდება, არაორგაზმული ემოციებით…

წითელი ვაშლი მიყვარს, კიდე ის გაბოლილი, გამჭვარტლული, აგუზგუზებული „ფეჩით“ გამთბარი ოთახი მიყვარს, სადაც ვინი პუჰს მიკითხავდა, ის ვისი დეპრესიული ემოციები დღემდე აღაგზნებს ნერვულ უჯრედებს, შედარებით მსუბუქ ფორმებში, მაგრამ…

…ახლა კი კლოუნი ვარ, ბიოლისა…  „ოფიციალურად პროფესიონალი კომიკოსი მსახიობი მქვია, კი არა და ვერ ვეგუები „სხვებს“… არც ერთ ეკლესიას არ ვუხდი ხარკს, ვარ ჩვიდმეტი წლის და ერთ-ერთ ჩემს ნომერს „ლიმონი და ცხელი ჩაი“ ეწოდება“…

Advertisements