You are currently browsing the monthly archive for Juli 2011.

Dave McKean

კორტასარის აქსოლოტლებივით, სადღაც ფსკერზეა გამომშრალთვალებიანი, გამჭირვალე „მე“. რვაფეხები ისევ ისე ცეკვავენ მზესუმზირებზე, თითქოს გუშინ ეთქვათ გენიოსი ხარ და შეგიძლია შენც ჩაყვინთო საზამთროს კურკებით მოფანტულ როიალშიო.

შიგნიდან ამოდის დაკვრის ხმა. აი ისე, თომას მანი, რომ აკვრებინებდა ჰანო ბუდენბროკზე სიკვდილს, ბუდენბროკისეული, გაფითრებული და ლურჯი ძარღვებით სავსე ხელებით. ხო, ხო, სწორად გაიგე, სიკვდილი უკრავდა ჰანოზე ბუდენბროკისეული ხელებით…

გაფითრება.

სილურჯე.

სიყვითლე.

ჭორფლები გენეტალიებზე და ისევ როიალზე მოყრილი საზამთროს კურკები, თავდაყირა ჩამოკიდებული ცნობიერებით…

ადამიანები აკვარიუმებზე ბობოქრობენ, თვალებგადმოკარკლულებს ჭიანი კბილებით მიირთმევენ და ჩამინულ „ჭვრიტეებს“ შედედებულ მარმალილოებში სუვენირებად აწყობენ, თითქოს ხერხემალზე ევასეული ვაშლის ხეები ამოსდიოდეთ.

ადამი გეია. ადამი გეია. ადამი გეია. ჩვენ კი, კაციჭამია რვაფეხებმა მოგვხატეს მანდილოზავრი ევას საშოზე, სადაც შემდეგ გაფურჩქნული, ბალნიანი დედამიწა წარმოიშვა, უსქესო სოფისტებით და ცხვირტუჩგადაბმული ბაქტერიებით…

იეშუა ჰა-ნოცრის დაბადებამდე, სიგარეტის კვალმლით იხატებოდა სამყაროს მეხსიერების საცავები, შემდეგ კი ევას საშოზე მოხატული რვაფეხის ქმნილებები ბულკაკოვისეული MW სიმეტრიით აგრძელებდნენ ცხოვრებას…

ერშალაიმი. ზღვაზე მოტივტივე მარილიანი სხეულები, ადამიანები. ისინი სხვისი ცნობიერებით ცხოვრობენ და იღლიებს შედედებული სისხლით იბანენ.

ბოშები ამოყრილი ძუძუებით. დღეს ერთ-ერთს ორი ღერი სიგარეტი და ტალახიანი სანთებელა ვაჩუქე, ხოდა ბედნიერი ვიყავი. წყლის  ბოთლზე დაორთქლილი, გაყინული ჰაერივით დამიარა სხეულში „სვასტიკიანმა“ გრძნობამ, თითქოს „მიტაცებული სახლიდან“* გამოქცეულს და ზეცის საშოსთან მიღწეულს, ციური სიკეთე ჩამედინოს.

საზამთროს კურკები და ქვაზე მიმხმარი კლოუნის ბოდვანი.

ხანდახან ისეთი გრძნობა მითათუნებს, თითქოს ჩემი აზრები, ფიქრები, შეხედულებები, გაჟრიალებები და გამოჟრიალებები თავებად და ტომებად შემიძლია დავყო, მაგრამ მეშინია, ქუჩებში ხომ ისევ დადიან ტავტოლოგიამჭამელი მანქანები, შვიდფერი შუქნიშნებით და სპერმით გაჟღენთილი, ჯოჯოხეთური პენსნეებით…

Samuel Higley

სიგარეტის სუნად აყროლებულ ოთახში მდედრებს ფეხები ფარგლისებურად გაეჩაჩხათ და გაყვითლებულ ფურცლებზე ოდეკოლონის სუნად აყროლებულ მამრებს ასოებს ძირში აჭრიდნენ, რადგან აღარ უნდოდათ ახალ თაობას „ჯოხებზე მოხტუნავე გოგო-ბიჭები“ რქმეოდათ. მეც სიგარეტს ვეწეოდი და გულში ისევ ჩამოხეულ ფარდაზე ნახმარი ბუზივით მიგდებული მეგობარი მახსენდებოდა, მუსიკას ვენებში, ფალოიმიტატორიანი მეძავივით, რომ იჩხერდა.

გუშინ მასწავლეს ტვინის თითებით სტიმულირება, მაგრამ ისევ მეძინებოდა. მინდოდა დამევიწყებინა, ბავშვობაში მამა რომ მაკლდა, რომელთან ერთადაც უბრალოდ უსაფრთხოდ გავისეირნებდი, ყოველგვარი დედააფეთქებული ფიქრის გარეშე, მაგრამ რა? რა და მამრობითი სქესი შემჯავრდა, ჩემი თავი შემზიზღდა და ზოგადად ყველა გამოლეღვებული ასოწამომხტარი მამრი ცარიელ, დამდნარი ლეშით აყროლებულ უდაბნოს მახსენებდა. მდედრები კი მეცოდებოდნენ, დილით ადრე, ბანჟგვლიან არსებებთან ერთად, რომ იღვიძებდნენ და ხელებს წამომხტარ „იარაღზე“ უთათუნებდნენ, ხოდა ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ იყო ჩემ გარშემო ყველა ქალი ლეზბიანკა.

ბავშვობაში ყოველთვის მაღიზიანებდა „ძმაკაცები“ ამაღლებული ფანტაზიით, რომ დღნავდნენ ნაცნობ გოგოებს……….. ბოლოს ფანტაზია ჩემშიც იღვიძებდა, მაგრამ მხოლოდ სარკეში ჩახედვისას ვუყვებოდი, ქრცვინისსიფათიან სქელწარბა ბავშვს, რომელიც “Haus ohne Hüter* “-ში ცხოვრობდა.

….გერმანული ენის რიტმი აღმაგზნებს… ვუსმენ ლაკრიმოსას, სულიერ ორგაზმს განვიცდი და ბავშვობაში, ჩემი სტიქაროსნობის პერიოდი მახსენდება. ეკლესიიდან, რომ მოვიდოდი, მშვიდად მეძინებოდა ხოლმე, მაგრამ არასდროს მშორდებოდა დაჩხვლეტილი ფიქრი, თითქოს შინდისფერ ანაფორაში გამოწყობილი მამაო, შუა მარხვის დროს უმ ცხვარს წაწვეტებული კბილებით გლეჯდა და მე სიბნელეში დაკარგული, ზეციდან ვუყურებდი.

ოდესმე გიგრძვნია თითქოს გაქრობა დაიწყე და მალე გამჭირვალე გახდები?

არანაირი მიზეზი არ მაქვს წავიდე, მაგრამ მინდა „ოთახი“, სადაც ბევრს მოვწევ, თავში მცოცავ სიახხლეებს შევიყვან, დავიღლები, განვითარდები და მონატრებული, 2-3 საათით დავბრუნდები „ბუხარში“. მერე წავალ და ისევ „ოთახში“ ვიცხოვრებ, „უცხობგეროვან“ საზოგადოებაში, კი არა და „ბომჟებში“…

დაბოლოს, მაგრიტის დაბოლილი ემოციებივით მახსენდება, ბავშვობაში მაცივარი რომ გავაღე, საყინულეში მთებივით ასვეტილ, ჯერ კიდევ კომუნისტურ ლოლოებს ენა, რომ დავადე და შემდეგ ახალი დაგდებული კნუტივით ავბღავდი… მერე დახმარებაც მოვიდა და ყინულებს ჩემი ენა „მშვიდი წყევლით“ ააფხიკეს…

___________________________________

Haus ohne Hüter – უკაცო სახლი (გერმ)

 

15.07.2011

Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Abonnenten an