You are currently browsing the monthly archive for September 2012.
ადამიანი, ეს არის კლასობრივად ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი.
მე ვარ ადამიანი, მაგრამ ვერ ვახდენ საკუთარი ცნობიერის სისტემატიზაციას – ფაქტების, მოვლენების ეტაპებად დაყოფას. მე ვცხოვრობ, ვაგროვებ წამებს, წუთებს, საათებსა და არ ვიცი რა არის ცხოვრების ძირითადი ასპექტი – მე უბრალოდ ვცხოვრობ, როგორც ორფეხა ან სულაც ცალფეხა ორგანიზმი, შეიძლება ითქვას, მარიონეტიც კი.
მე არ ვიცი რას ნიშნავს „ახლოს“, უბრალოდ უჯრედი, როგორც ერთ-ერთი სასიცოცხლო დონე მაძლევს საშუალებას ვლპებოდე, თითქოს მკვდარი გვირილა ვიყო. ემბრიოლოგიური ნიჰილიზმი უფლებამოსილს მხდის ვთქვა „არარა“ ყველაფერზე, რაც თავს მახვევია, ან სულაც ფეხს.
ჩემში ისევ ცოცხლობს კომუნიზმი – ხრწნადი და მაინც გაუხრწნადი ორგანიზმი; ის არ მაძლევს უფლებას დავამსხვრიო უაზრო კლიშეები და კომუნისტური ვენტილატორები, რომლებიც ამელისა არ იყოს, ტვინს გვიტრიალებენ, თითქოს „პლასტმასის ბოსტნეული“ ნეირონებს ცხოველურად, სექსუალურადაც კი ღრღნიდეს.
სოციალურ ორგიაში ჩაშვება ყოველთვის სიცოცხლის ეპილოგად მიმაჩნდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ეს პროლოგია იმ გარდატეხისა, რომელსაც სიდამპლეშეპარული ტვინი არასდროს ასრულებს.
ცხოვრებაც ჰიპოთეზაა და სულაც არ ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი თავისებურებაა ობიექტების გასარჩევად – ახლა თუ ვცოცხლობ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვსუნთქავ; სუნთქვით ჩემი მეზობელი ვირთაგვაც კი სუნთქავს.
„განა კიდევ არსებობენ ისეთი მიამიტები, ვისაც თეორიები სარწმუნო ჰგონია? თეორიები მხოლოდ ფილისტერების გასაღიზიანებლად, ესთეტების საცდუნებლად და სხვათა გასაცინებლად გამოდგება“ – წერს დიდი ამელი და ძალიანაც ცდება, იმის მიუხედავად, რომ ვგიჟდები მასზე; მისი გახსენება ჩემში ერექციასაც კი იწვევს, მაგრამ ეს „სექსსინდრომი“ მაშინვე კვდება, როცა თეორიების ურწმუნოებაზე საუბრობს, რადგან მეც თეორია ვარ – ჩამოუყალიბებელი და ურწმუნო ღლაპი, რომელსაც „მე“ პენისი ჰგონია. და ასეცაა; სულაც არ არის ეს თეორია; ეს პრაქტიკაა!!!
მკითხველო, აბა კარგად დაფიქრდი და მიხვდები, რომ მიუხვედრელი ხარ. მე ვარ ეგოისტი. რატომ? – იმიტომ, რომ „ადამიანიდან“ პირდაპირ, „დაუნდობლად“ გადავედი „მეზე“ და ამ უკანასკნელ სიტყვას, როგორც ბოზი „ფულს“ ისე ვაბრუნებ და ვატრიალებ, თითქოს ფეხის თითზე ჩამოკიდებული ძაფი იყოს, ხუთი სამოთხის სუფიქსით; თუ ძალიან გინდა პრეფიქსითაც კი.
შენი არ იყოს, მეც დავიბენ-ავიბენი. ახალი ტერმინიც კი გამოვიგონე – „ტვინდეფეკაცია“, რაც ყურებიდან ან სულაც ცხვირიდან ხდება. გარეთ გამოედინება ყველაფერი არასწორი და არამდგრადი. ( P.S არასწორი არ ნიშნავს არამდგრადს).
ღამდება და იღლიაში კენჭივით მხვდება დაქსაქსული მთვარე.
ადამიანები ხშირად უაზროდ გადათხაპნილ, მიფსმულ კლიშეებში ვცხოვრობთ, რაც ხშირად პიროვნებაში აყალიბებს ნგრევის პათოსს, ავსებს მას აპათიით და აცარიელებს „ადამიანებისგან“ – ხდება მისი თვიტგამარიონეტება.
ზოგადად ძნელია აღიარო, რომ ფსევდო-ადამიანობით ვართ დაავადებული, გაშავებულ ფურცლებს ვგავართ, მელანშეუღწევადებს და წყალგაუმტარს – არც ერთ საზოგადოებაში არ გვინდა ცხოვრება საკუთარის გარდა. ეს კი არასრულფასოვნების კომპლექსის დამალვას ჰგავს. ადამიანი მონოჰიბრიდს მაგონებს, ეგოისტს და მიუკარებელს, ალბათ ფანტასმაგორიულია ყოველგვარი სიკეთე რასაც ვაკეთებთ. ზუსტად, დაუსაბუთებლად მიღებული დებულებაა ცხოვრება (ურთიერთობები), რომელსაც მიიჩნევენ ურყევ ჭეშმარიტებად.
პერმანენტულ ამნეზიას ჰგავს სინათლის სიჩქარით მიმდინარე ურთიერთობები, რომელსაც წლებად, თვეებად, საათებად აღვიქვამთ. ეს ძალზე უცნაური, ფანტასტიკური მოვლენაა – მოჩვენება, რომელიც დანაწევრებული სხეულების ნატურალურ სიდიდეს წარმოადგენს.
როცა ადამიანი ბრმად არის დარწმუნებული, რომ მისი დოგმა ხახუნის ძალის საწინააღმდეგოა და ჰგონია თითქოს მისი დაბინძურებული ილუზია(ახლანდელი მეხსიერება) ურყევია, ყოველთვის ვფიქრობ, ეს ადამიანი ბნელია, სრული ამ სიტყვის მნშვნელობით. აღარ მახსოვს ვისი სიტყვებია, მაგრამ, მართლაც, „დედამიწაზე მთელი სიცოცხლე მკვეთრად გაწონასწორებული მკვლელობაა“.
ახლა კიდე მორალურ დეგრადაციას მინდა შევეხო, რაც ხშირად ადამიანებს ჩემს ასაკში ემართებათ. ეს საშინლად ჩამოუყალიბებელი, გაუწონასწორებელი პერიოდია – რისკი და „ფეხებზე დაკიდება“ მაგნიტივით გვიზიდავს – ერთი სიტყვით, გატყავებული ღლაპები ვართ.
ხოდა, მინდა ვთქვა, რომ ადამიანები რადიკალები ვართ – ზოგი ვეწყობით ბრბოს, ზოგიც – ვერა. ეს პორნოგრაფიულ დამოკიდებულებას ჰგავს სიკვდილთან (დაბინძურებულ მორალთან) . მასთან სრული ინტეგრაცია კი, ჩემი აზრით აფსოლუტურ დეზინტეგრაციას იწვევს ზოგადად ადამიანობასთან. შეიძლება რასაც ვამბობ მრავალმხრივი კრეტინიზმის ერთ-ერთი შენაკადია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს გვჭირდება გოლფსტრემი, რათა სითბოს საშუალებით მაინც მივცეთ საკუთარ მორალს ნაკლებად აბურდული გზა.
ყველა ადამიანშია სხვადასხვა ადამიანთა შესაძლებლობების (შეიძლება ითქვას, შეხედულებათა) პოტენციალი და ვფიქრობ, რომ არ უნდა დავმალოთ კონკრეტული პიროვნება, რომლისგანაც „ვიკვებებით“. რა თქმა უნდა, ესეც უაზრო დოგმებს ეკუთვნის – ეს დოგმები ხელოვნურ სითხეს ჰგავს, რომლითაც ვივსებ წარმოსახვით ნაკლოვანებებს.
სოკრატესი არ იყოს, „მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“, ხოდა მაინც მგონია, რომ ძნელია იყო ადამიანი, რომელიც მარჯვენა ფეხს ითრევს, ატარებს ნერვებით გავსებულ ხურჯინს და ხურჯინის შესატენად ეძებს მსხვერპლს.
დაბოლოს, ალბათ მორალიც ინდივიდზეა დამოკიდებული, როგორც ნებისმიერი რამ დედამიწაზე.