You are currently browsing the category archive for the ‘კოლაჟი’ category.

Christel Arnold,Botin der Nacht
ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს. თითქოს შევეჩვიეთ ვიყოთ ის, ვინც ვართ,-ეს კი სულ სხვაა. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად გვესმის, ვინ არის პიროვნება, რომლის სახელითაც ვლაპარაკობთ და ვმოქმედებთ.
მთავარი ეს არ არის. რა საფრთხე ჩნდება როდესაც უცნობის ცხოვრებით ვცხოვრობთ? იქნებ ასეც სჯობს – საკუთარი თავი შეგვძულდებოდა თუკი შევიცნობდით, ჰოდა ალბათ მწამს, რომ ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი.
-შენს თავს შორიდან უყურებ და ალბათ გიფიქრია რა ხდება, როცა სულის უფსკრულის სარკეში ჩახედვისას უეცრად ცნობიერების უცნობ მხარეს აღმოაჩენ? შეგძულდება თუ არა თავი?
(თითქოს დიალოგს აკუტაგავა იწყებდეს წყვდიადში)
-შენი თვალები ეგზისტენციალურ უკმაყოფილებას ავლენს, ამიტომაც მინდა გითხრა, რომ შორიდან მაყურებელი ადამიანი (ამქვეყნად თითოეულისთვის ყველა შორიდან მაყურებელია) სხვის მდგომარეობას ან უფრო მუქ ან უფრო ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე ის ადამიანი, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, სულ ერთია ბედნიერებას შეეხება ეს თუ უბედურებას, სიყვარულს, ჭმუნვას თუ შემოქმედებით მარცხს.
…უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა, ასეთი სიჩუმე იცის, როცა ვინმე სისხლისგან იცლება. ეს სიჩუმე მართლაც იცლებოდა სისხლისგან.
არა, არ შეიძლება განცდილი წამის განმეორება, მისი სხვისთვის გაზიარება და მაინც მიკვირს როგორ დამავიწყდა, რომ ნივთებს მომაკვდინებელი სანტიმენტალობა ახასიათებთ. ამის გამოა ანიმალური მელანქოლიის გამოხატვის საოცარი უნარი რომ დავკარგე, შესაბამისად მარიონეტებსაც ვეღარ ვაგებინებ, რომ კლოუნი მელანქოლიკი უნდა იყოს, თორემ კარგი კლოუნი ვერ იქნება, მაგრამ მათთვის გაუგონარია, რომ მელანქოლია მისთვის მომაკვდინებლად სერიოზული რამ არის…
კომბოსტო „ვნებას“ თრგუნავსო იძახიან, ჰოდა იმის წარმოდგენა, რომ ვიღაცას შეუძლია საბოლოოდ დათრგუნოს ჩემი თუ სხვისი „ვნება“, გულს მირევს, შეიძლება ამიტომაცაა წუმპიანი თხრილის დონეზე უფრო დაბლა მხოლოდ არხი როა.
გენიალური სექტანტები ისევ კამათობდნენ, მე კი მანდარინს ვფრცქვნიდი და ვხვდებოდი რომ ბინა უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე თავის მოტყუება, ალბათ იმიტომ რომ, არიან ბედისწერაზე მეტად მომთხოვნი, მბრძანებლური სახლები – მას პირველი შეხედვისთანავე დავმორჩილდი. იქ უნდა დავმკვიდრებულიყავი. ამ სახლის ნახვისთანავე მივხვდი რომ ეს იქნებოდა სახლი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრულ ასოებს არაფრად ვაგდებ, თავს ვალდებულად ვთვლი დავწერო სახლი, რადგან მას არასოდეს მივატოვებდი – ის მელოდა, მეც სულ მას ველოდი.
…დიალოგში მომწყვდეულებმა კამათ-კამათში შეისწავლეს წესრიგის აბსტრაქტული პრინციპების უფლებამოსილება, რადგან აუცილებელია ერთ რამეზე კონცენტრირება, სწავლა, თვითშეგრძნების ისეთ დონემდე მიღწევა, რაც უშუალობას დაგვიბრუნებს.
„სურვილები“ თავისი თავისადმი ერთგვარ რელიგიურ გრძნობას გვიღვიძებს, ჩვენს არსებაში სხვა ცხოვრებას ვცემთ პატივს; ამ შემთხვევაში „სურვილები“ უსაშინლეს უბედურებად იქცევა, უბედურებად რომელიც მოკლებული არაა იმედს…
მე ადამიანი კი არა „სახელი“ ვარ, უბრალო აბრა, რომლის „ქვესათაური“ მექანიკურად და ამასთანავე ვერტიკალურად გვეუბნება: „აქ შეიძლება კაცმა თვითონ წეროს“…
მეც ხომ უკვე ჯამბაზი ვარ, რომელიც თოკზე ცეკვავს უფსკრულის პირას…
ხოდა, წავალ მე ბროკენზე ვალპურგის ღამეს და ჩემიანებს მოვინახულებ. ისინიც ხომ საწამლავს ქმნიან, იდეათა კონცენტრაციით…
09.01.11