You are currently browsing the tag archive for the ‘ამელი ნოტომი’ tag.

გუშინ მივხვდი, რომ ამელი ნოტომი ცოტათი წააგავს ჰაინრიჰ ბიოლს ან პირიქით, ჰოდა გადავწყვიტე მათი ნაწარმოებების „კატილინას წინააღმდეგ“ და „კლოუნის თვალთახედვის“ მიხედვით ამეწყო კოლაჟი.

Christel Arnold,Botin der Nacht

ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს. თითქოს შევეჩვიეთ ვიყოთ ის, ვინც ვართ,-ეს კი სულ სხვაა. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად გვესმის, ვინ არის პიროვნება, რომლის სახელითაც ვლაპარაკობთ და ვმოქმედებთ.

მთავარი ეს არ არის. რა საფრთხე ჩნდება როდესაც უცნობის ცხოვრებით ვცხოვრობთ? იქნებ ასეც სჯობს – საკუთარი თავი შეგვძულდებოდა თუკი შევიცნობდით, ჰოდა ალბათ მწამს, რომ ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი.

-შენს თავს შორიდან უყურებ და ალბათ გიფიქრია რა ხდება, როცა სულის უფსკრულის სარკეში ჩახედვისას   უეცრად ცნობიერების უცნობ მხარეს აღმოაჩენ? შეგძულდება თუ არა თავი?

(თითქოს დიალოგს აკუტაგავა იწყებდეს წყვდიადში)

-შენი თვალები ეგზისტენციალურ უკმაყოფილებას ავლენს, ამიტომაც მინდა გითხრა, რომ შორიდან მაყურებელი ადამიანი (ამქვეყნად თითოეულისთვის ყველა შორიდან მაყურებელია) სხვის მდგომარეობას ან უფრო მუქ ან უფრო ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე ის ადამიანი, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, სულ ერთია ბედნიერებას შეეხება ეს თუ უბედურებას, სიყვარულს, ჭმუნვას თუ შემოქმედებით მარცხს.

…უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა, ასეთი სიჩუმე იცის, როცა ვინმე სისხლისგან იცლება. ეს სიჩუმე მართლაც იცლებოდა სისხლისგან.

არა, არ შეიძლება განცდილი წამის განმეორება, მისი სხვისთვის გაზიარება და მაინც მიკვირს როგორ დამავიწყდა, რომ ნივთებს მომაკვდინებელი სანტიმენტალობა ახასიათებთ. ამის გამოა ანიმალური მელანქოლიის გამოხატვის საოცარი უნარი რომ დავკარგე, შესაბამისად მარიონეტებსაც ვეღარ ვაგებინებ, რომ კლოუნი მელანქოლიკი უნდა იყოს, თორემ კარგი კლოუნი ვერ იქნება, მაგრამ მათთვის გაუგონარია, რომ მელანქოლია მისთვის მომაკვდინებლად სერიოზული რამ არის…

კომბოსტო „ვნებას“ თრგუნავსო იძახიან, ჰოდა იმის წარმოდგენა, რომ ვიღაცას შეუძლია საბოლოოდ დათრგუნოს ჩემი თუ სხვისი „ვნება“, გულს მირევს, შეიძლება ამიტომაცაა წუმპიანი თხრილის დონეზე უფრო დაბლა მხოლოდ არხი როა.

გენიალური სექტანტები ისევ კამათობდნენ, მე კი მანდარინს ვფრცქვნიდი და ვხვდებოდი რომ ბინა უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე თავის მოტყუება, ალბათ იმიტომ რომ, არიან ბედისწერაზე მეტად მომთხოვნი, მბრძანებლური სახლები – მას პირველი შეხედვისთანავე დავმორჩილდი. იქ უნდა დავმკვიდრებულიყავი. ამ სახლის ნახვისთანავე მივხვდი რომ ეს იქნებოდა სახლი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრულ ასოებს არაფრად ვაგდებ, თავს ვალდებულად ვთვლი დავწერო სახლი, რადგან მას არასოდეს მივატოვებდი – ის მელოდა, მეც სულ მას ველოდი.

…დიალოგში მომწყვდეულებმა კამათ-კამათში შეისწავლეს წესრიგის აბსტრაქტული პრინციპების უფლებამოსილება, რადგან აუცილებელია ერთ რამეზე კონცენტრირება, სწავლა, თვითშეგრძნების ისეთ დონემდე მიღწევა, რაც უშუალობას დაგვიბრუნებს.

„ბატონი ჰანედა ბატონი ომოჩის უფროსი იყო; ბატონი ომოჩი – ბატონი საიტოსი; ბატონი საიტო – ქალბატონი მორისა; ქალბატონი მორი კი – ჩემი. მე თვითონ არავის უფროსი არ ვყოფილვარ.“

ასე იწყება ამელი ნოტომის რომანი „კრძალვითა და ცახცახით“, რომლისთვისაც ავტორმა 1999 წელს საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია დაიმსახურა.

როგორც წინა პოსტში ვახსენე ამელი ნოტომის მამა ბელგიელი იყო. ამ რომანის მთავარი გმირიც ბელგიელი ქალი ამელია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დაიწყებს თავისი თავგადასავლის თხრობას.

ჩემი აზრით წიგნი ნაგავქვეშ მოყოლილი გონებრივი ორიენტირების შესახებაა. მთავარ გმირს „აღარაფერი გაეგებოდა“, იგი ფიქრობდა, რომ არავის უნდოდა ადამიანი თავისი ღირსებით და გამუდმებით ეკითხებოდა თავის ცნობიერს/არაცნობიერს: „განა შეიძლება, ჯოჯოხეთს ღმერთი მართავდეს?“

ამელი გვეუბნება, რომ არსებობის ინტიმური და უმნიშვნელო მხარეც კი აკრძალვებს ექვემდებარება და დროა, დავფიქრდეთ იმ აკრძალვათა ყოვლისმომცველობაზე, მთელ ცხოვრებას რომ ასე მკაცრად გვისაზღვრავს.

ავტორი აგრეთვე საუბრობს იაპონურ კულტურაზე, შეხედულებებზე, მორალზე, ეთიკაზე და იძახის, რომ უცხოელთაგან ვისაც კი სურვილი გასჩენია, იაპონიას შესისხლხორცებოდა, თავისი ღირსების საქმედ უქცევია იმპერიის წეს-ჩვეულებათა დაცვა.

ტექსტი ალბათ იერარქიული კიბის პრინციპზეა აგებული და მისი უმეტესი ნაწილი მაინც მიგვანიშნებს „შეუბღალავ სახელზე“, რომელიც არაფერს მოგვიტანს იმის გარდა, რომ შეუბღალავი სახელი გვექნება, რაც სიამაყით ვერ აგვავსებს, მით უმეტეს – სიამით.

პირადად მე, ამ წიგნში დავინახე უღიმღამო მოვალეობათა უსასრულო რიგი, მაგრამ დასასრული სასტიკად მესიამოვნა…

რა ხდება, როცა სულის უფსკლულის სარკეში ჩახედვისას უეცრად ცნობიერების უცნობ მხარეს აღმოაჩენთ? შეგვძულდება თუ არა თავი?

1967 წელს დაიბადა იაპონიაში, ბელგიელი დიპლომატის ოჯახში. რამოდენიმე წელი გაატარა ჩინეთში და აზიის სხვა ქვეყნებში.

გამოქვეყნებული აქვს თოთხმეტი რომანი. 1999 წელს მიიღო საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი.

1995 წელს გამოცემული რომანისთვის „კატილინას წინააღმდეგ“ მას მიანიჭეს ჟან ჟიონოს ჟიურის და რამოდენიმე სხვა პრემია.

„კატილინას წინააღმდეგ“ არის თეატრალური მინი-პიესა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ორი, სამი, ოთხი პერსონაჟი. კითხვისას ჩემნაირი ჩამოუყალიბებელი ადამიანი ნისლში გახვეულივით ხვდება, როგორ ემატება მის მექანიკურ ბილბორდს „არამირაჟული ფრაზები“. მაგალითად, როგორიცაა „ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს!..“

ამელი გვესაუბრება ცნობიერის და არაცნობიერის გაუცხოებაზე, ანუ რა საფრთხე ჩნდება, როდესაც უცნობის ცხოვრებით ვცხოვრობთ?! იგი მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ყველაფრის გააზრების სურვილი სოციალური თვითმკვლელობის ტოლფასია.

ის დეტალურად აყალიბებს „ცარიელი“ ადამიანის პრობლემებს და მის მიერ გავრცელებულ, სხვა ადამიანებზე შემოხვეულ დუმილს. ყოველგვარი გადახვევის გარეშე გვეუბნება, რომ სიცარიელეს შემაძრწუნებელი შესაძლებლობები გააჩნია და დაუნდობელი კანონები მართავს.

პირადად მე ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩვენ არ ვირჩევთ საკუთარ თავს და მემგონი ამელიც გავიცანი. მას იშვიათი უნარი გააჩნია – იხუმროს ყველაფერზე და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე.

Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Followern an