You are currently browsing the tag archive for the ‘თომას მანი’ tag.

Dave McKean

კორტასარის აქსოლოტლებივით, სადღაც ფსკერზეა გამომშრალთვალებიანი, გამჭირვალე „მე“. რვაფეხები ისევ ისე ცეკვავენ მზესუმზირებზე, თითქოს გუშინ ეთქვათ გენიოსი ხარ და შეგიძლია შენც ჩაყვინთო საზამთროს კურკებით მოფანტულ როიალშიო.

შიგნიდან ამოდის დაკვრის ხმა. აი ისე, თომას მანი, რომ აკვრებინებდა ჰანო ბუდენბროკზე სიკვდილს, ბუდენბროკისეული, გაფითრებული და ლურჯი ძარღვებით სავსე ხელებით. ხო, ხო, სწორად გაიგე, სიკვდილი უკრავდა ჰანოზე ბუდენბროკისეული ხელებით…

გაფითრება.

სილურჯე.

სიყვითლე.

ჭორფლები გენეტალიებზე და ისევ როიალზე მოყრილი საზამთროს კურკები, თავდაყირა ჩამოკიდებული ცნობიერებით…

ადამიანები აკვარიუმებზე ბობოქრობენ, თვალებგადმოკარკლულებს ჭიანი კბილებით მიირთმევენ და ჩამინულ „ჭვრიტეებს“ შედედებულ მარმალილოებში სუვენირებად აწყობენ, თითქოს ხერხემალზე ევასეული ვაშლის ხეები ამოსდიოდეთ.

ადამი გეია. ადამი გეია. ადამი გეია. ჩვენ კი, კაციჭამია რვაფეხებმა მოგვხატეს მანდილოზავრი ევას საშოზე, სადაც შემდეგ გაფურჩქნული, ბალნიანი დედამიწა წარმოიშვა, უსქესო სოფისტებით და ცხვირტუჩგადაბმული ბაქტერიებით…

იეშუა ჰა-ნოცრის დაბადებამდე, სიგარეტის კვალმლით იხატებოდა სამყაროს მეხსიერების საცავები, შემდეგ კი ევას საშოზე მოხატული რვაფეხის ქმნილებები ბულკაკოვისეული MW სიმეტრიით აგრძელებდნენ ცხოვრებას…

ერშალაიმი. ზღვაზე მოტივტივე მარილიანი სხეულები, ადამიანები. ისინი სხვისი ცნობიერებით ცხოვრობენ და იღლიებს შედედებული სისხლით იბანენ.

ბოშები ამოყრილი ძუძუებით. დღეს ერთ-ერთს ორი ღერი სიგარეტი და ტალახიანი სანთებელა ვაჩუქე, ხოდა ბედნიერი ვიყავი. წყლის  ბოთლზე დაორთქლილი, გაყინული ჰაერივით დამიარა სხეულში „სვასტიკიანმა“ გრძნობამ, თითქოს „მიტაცებული სახლიდან“* გამოქცეულს და ზეცის საშოსთან მიღწეულს, ციური სიკეთე ჩამედინოს.

საზამთროს კურკები და ქვაზე მიმხმარი კლოუნის ბოდვანი.

ხანდახან ისეთი გრძნობა მითათუნებს, თითქოს ჩემი აზრები, ფიქრები, შეხედულებები, გაჟრიალებები და გამოჟრიალებები თავებად და ტომებად შემიძლია დავყო, მაგრამ მეშინია, ქუჩებში ხომ ისევ დადიან ტავტოლოგიამჭამელი მანქანები, შვიდფერი შუქნიშნებით და სპერმით გაჟღენთილი, ჯოჯოხეთური პენსნეებით…