You are currently browsing the tag archive for the ‘კლოუნური’ tag.

Dave McKean

კორტასარის აქსოლოტლებივით, სადღაც ფსკერზეა გამომშრალთვალებიანი, გამჭირვალე „მე“. რვაფეხები ისევ ისე ცეკვავენ მზესუმზირებზე, თითქოს გუშინ ეთქვათ გენიოსი ხარ და შეგიძლია შენც ჩაყვინთო საზამთროს კურკებით მოფანტულ როიალშიო.

შიგნიდან ამოდის დაკვრის ხმა. აი ისე, თომას მანი, რომ აკვრებინებდა ჰანო ბუდენბროკზე სიკვდილს, ბუდენბროკისეული, გაფითრებული და ლურჯი ძარღვებით სავსე ხელებით. ხო, ხო, სწორად გაიგე, სიკვდილი უკრავდა ჰანოზე ბუდენბროკისეული ხელებით…

გაფითრება.

სილურჯე.

სიყვითლე.

ჭორფლები გენეტალიებზე და ისევ როიალზე მოყრილი საზამთროს კურკები, თავდაყირა ჩამოკიდებული ცნობიერებით…

ადამიანები აკვარიუმებზე ბობოქრობენ, თვალებგადმოკარკლულებს ჭიანი კბილებით მიირთმევენ და ჩამინულ „ჭვრიტეებს“ შედედებულ მარმალილოებში სუვენირებად აწყობენ, თითქოს ხერხემალზე ევასეული ვაშლის ხეები ამოსდიოდეთ.

ადამი გეია. ადამი გეია. ადამი გეია. ჩვენ კი, კაციჭამია რვაფეხებმა მოგვხატეს მანდილოზავრი ევას საშოზე, სადაც შემდეგ გაფურჩქნული, ბალნიანი დედამიწა წარმოიშვა, უსქესო სოფისტებით და ცხვირტუჩგადაბმული ბაქტერიებით…

იეშუა ჰა-ნოცრის დაბადებამდე, სიგარეტის კვალმლით იხატებოდა სამყაროს მეხსიერების საცავები, შემდეგ კი ევას საშოზე მოხატული რვაფეხის ქმნილებები ბულკაკოვისეული MW სიმეტრიით აგრძელებდნენ ცხოვრებას…

ერშალაიმი. ზღვაზე მოტივტივე მარილიანი სხეულები, ადამიანები. ისინი სხვისი ცნობიერებით ცხოვრობენ და იღლიებს შედედებული სისხლით იბანენ.

ბოშები ამოყრილი ძუძუებით. დღეს ერთ-ერთს ორი ღერი სიგარეტი და ტალახიანი სანთებელა ვაჩუქე, ხოდა ბედნიერი ვიყავი. წყლის  ბოთლზე დაორთქლილი, გაყინული ჰაერივით დამიარა სხეულში „სვასტიკიანმა“ გრძნობამ, თითქოს „მიტაცებული სახლიდან“* გამოქცეულს და ზეცის საშოსთან მიღწეულს, ციური სიკეთე ჩამედინოს.

საზამთროს კურკები და ქვაზე მიმხმარი კლოუნის ბოდვანი.

ხანდახან ისეთი გრძნობა მითათუნებს, თითქოს ჩემი აზრები, ფიქრები, შეხედულებები, გაჟრიალებები და გამოჟრიალებები თავებად და ტომებად შემიძლია დავყო, მაგრამ მეშინია, ქუჩებში ხომ ისევ დადიან ტავტოლოგიამჭამელი მანქანები, შვიდფერი შუქნიშნებით და სპერმით გაჟღენთილი, ჯოჯოხეთური პენსნეებით…

Samuel Higley

სიგარეტის სუნად აყროლებულ ოთახში მდედრებს ფეხები ფარგლისებურად გაეჩაჩხათ და გაყვითლებულ ფურცლებზე ოდეკოლონის სუნად აყროლებულ მამრებს ასოებს ძირში აჭრიდნენ, რადგან აღარ უნდოდათ ახალ თაობას „ჯოხებზე მოხტუნავე გოგო-ბიჭები“ რქმეოდათ. მეც სიგარეტს ვეწეოდი და გულში ისევ ჩამოხეულ ფარდაზე ნახმარი ბუზივით მიგდებული მეგობარი მახსენდებოდა, მუსიკას ვენებში, ფალოიმიტატორიანი მეძავივით, რომ იჩხერდა.

გუშინ მასწავლეს ტვინის თითებით სტიმულირება, მაგრამ ისევ მეძინებოდა. მინდოდა დამევიწყებინა, ბავშვობაში მამა რომ მაკლდა, რომელთან ერთადაც უბრალოდ უსაფრთხოდ გავისეირნებდი, ყოველგვარი დედააფეთქებული ფიქრის გარეშე, მაგრამ რა? რა და მამრობითი სქესი შემჯავრდა, ჩემი თავი შემზიზღდა და ზოგადად ყველა გამოლეღვებული ასოწამომხტარი მამრი ცარიელ, დამდნარი ლეშით აყროლებულ უდაბნოს მახსენებდა. მდედრები კი მეცოდებოდნენ, დილით ადრე, ბანჟგვლიან არსებებთან ერთად, რომ იღვიძებდნენ და ხელებს წამომხტარ „იარაღზე“ უთათუნებდნენ, ხოდა ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ იყო ჩემ გარშემო ყველა ქალი ლეზბიანკა.

ბავშვობაში ყოველთვის მაღიზიანებდა „ძმაკაცები“ ამაღლებული ფანტაზიით, რომ დღნავდნენ ნაცნობ გოგოებს……….. ბოლოს ფანტაზია ჩემშიც იღვიძებდა, მაგრამ მხოლოდ სარკეში ჩახედვისას ვუყვებოდი, ქრცვინისსიფათიან სქელწარბა ბავშვს, რომელიც “Haus ohne Hüter* “-ში ცხოვრობდა.

….გერმანული ენის რიტმი აღმაგზნებს… ვუსმენ ლაკრიმოსას, სულიერ ორგაზმს განვიცდი და ბავშვობაში, ჩემი სტიქაროსნობის პერიოდი მახსენდება. ეკლესიიდან, რომ მოვიდოდი, მშვიდად მეძინებოდა ხოლმე, მაგრამ არასდროს მშორდებოდა დაჩხვლეტილი ფიქრი, თითქოს შინდისფერ ანაფორაში გამოწყობილი მამაო, შუა მარხვის დროს უმ ცხვარს წაწვეტებული კბილებით გლეჯდა და მე სიბნელეში დაკარგული, ზეციდან ვუყურებდი.

ოდესმე გიგრძვნია თითქოს გაქრობა დაიწყე და მალე გამჭირვალე გახდები?

არანაირი მიზეზი არ მაქვს წავიდე, მაგრამ მინდა „ოთახი“, სადაც ბევრს მოვწევ, თავში მცოცავ სიახხლეებს შევიყვან, დავიღლები, განვითარდები და მონატრებული, 2-3 საათით დავბრუნდები „ბუხარში“. მერე წავალ და ისევ „ოთახში“ ვიცხოვრებ, „უცხობგეროვან“ საზოგადოებაში, კი არა და „ბომჟებში“…

დაბოლოს, მაგრიტის დაბოლილი ემოციებივით მახსენდება, ბავშვობაში მაცივარი რომ გავაღე, საყინულეში მთებივით ასვეტილ, ჯერ კიდევ კომუნისტურ ლოლოებს ენა, რომ დავადე და შემდეგ ახალი დაგდებული კნუტივით ავბღავდი… მერე დახმარებაც მოვიდა და ყინულებს ჩემი ენა „მშვიდი წყევლით“ ააფხიკეს…

___________________________________

Haus ohne Hüter – უკაცო სახლი (გერმ)

 

15.07.2011

***

ბნელ ოთახში სიგარეტს სიგრეტზე ეწეოდა, წიგნები აქეთ-იქით ეყარა, ყოველ კუთხეში დაცლილი ჩაის ჭიქა იდგა, ჭაღზეც ანგელოზები ჩამოკიდებულიყვნენ, დემონური ფერებით და ადუღებული ლოცვებით. ამდენი უწესრიგობა დაბნეულ სახეზეც ეტყობოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც უზარმაზარი ილუზიური წესრიგის სუნად ყარდა. მოგონებები კადრებად დაეხარისხებინა, მაგრამ იმდენად უწესრიგოდ ალაგებდა გონების თაროებს, რომ ძებნის დროს უხერხულად არეულ შიგნეულობას ვეღარ პოულობდა და ისევ საკუთარ „მეში“ შესახლებულივით გრძნობდა თავს. კითხულობდა რემარკს და ვერ გაეგო, რატომ სძულდა მას ქალები, რატომ ხარშავდა ადუღებულ სისხლში მათ ხორცს და ბოლოს ისევ ჩრდილებად მოგვივლენდა, აი ისე, თითქოს ჰაეროვან პერსპექტივას იყენებს და შიგნიდან გაცხელებს, ფილმის კადრივით სათითაოდ გშლის და მერე ისევ არეულად გაწებებს ერთმანეთზე.

ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო და საღამოს კაბებში გამოწყობილ მონაზვნებს უყურებდა, აი იმათ, საათსში ორ დოლარად, რომ აკეთებენ „კარალევსკი“ მინეტს და ბოლოს „მედიატორებისგან“ შეწყალებას და წესრიგით აყროლებულ მიტევებას ითხოვენ. თავში კადრები ნელ-ნელა ეცვლებოდა, აწმყოს გასაყარზე იდგა, თითქოს ბავშვობაში გადასასვლელ კიბეს ხატავდა იმ ჭაში, სადაც ქრისტე ცხოვრობდა, კეთილი, წვერმოშვებული ადამიანი, ჰუმანური თვალებით და “ანტიირეალური” მოგონებებით.

ბნელოდა, ოთახში საშინელი უჰაერობა იყო, ხოდა ჩაიცვა ჭუჭყიანი კედები, ჩამოფლეთილი ჯინსი, ლაქიანი მაისური და ბარბაც-ბარბაცით გავიდა ქუჩაში. ღამის ქალების/კაცების სახეებს გამჭირვალე, მძიმე სიცარიელით სავსე თვალებში ინახავდა, რადგან ადუღებულლოცვებიანი ანგელოზებისთვის ენახებინა, როგორც ფილმი, ზანტი კადრებით…

გასულ წლებს არ აღიარებდა, რაგდან აჟრიალებდა იმის გახსენებაზე, რომ თეოსოფოსივით დოგმატურ ცხოვრებას სწავლობდა და ბოლოს მაინც პედანტად რჩებოდა. ახლაც ორ ფეხზე დადიოდა, მაგრამ სჯეროდა რომ ოთხფეხა, სათვალიანი ცხოველი იყო, ვერტიკალურად „დაცურებული შიფერით“…

ვერ ვიტან ედგარ პოს, მეზიზღება მისი ლამაზი უბედურება,“ მაჟრიალებს“ მის ფერად სულიერ ტკივილზე, გული მერევა ლამაზ გვამებზე, ნაწილებად ვიშლები და ლურსმებით მევსება შეშუპებული ტვინი მის დაჩეხილ, გულუბრყვილო და საფლავის ქვით დაბეგვილ სიკვდილზე, რომელიც საზიზღარი, მაგრამ აღმაგზნები სექსუალობით მიყოფს ხელს სულის შარვალში, სადაც ეროგენული ზონები წამიერ ორგაზმს განიცდიან, ადუღებული ლოცვებით…

მიხვეულ-მოხვეულ, ვიწრო ქუჩებში მეძავები გაუპარსავ ფეხებს აღტაცებით ანახებდნენ და დაუვიწყარ „მამაქალურ“ ღამეს ჰპირდებოდნენ. ექსტაზში ისე ვარდებოდნენ, გეგონებოდა, ჭაობში ჩავარდნილ თეოლოგებს აჯავრებდნენ, ციური სიმბოლოებით.

მგონია, თითქოს ნავზე შესკუპებული, ჩრდილებით სავსე მდინარეს მივყვები. აი იმ ჩრდილებით სავსეს, წყალში ამოზრდილი, მსხვერპლშესაწირი ხეები რომ ისრუტავდნენ, რადგან ნაკუწებად ექციათ ბავშვობა, კაუჭზე ჩამოკიდებული ორი ფორთოხლის კოლაჟით.

მე არ შევქმნი სიცოხლეს, ლორწოვანი კიდურებით, ისევე როგორც ცეცხლწაკიდებული ბალახი ახდენს სულიერ ნიველირებას განადგურებულ, ჭიპლარგადაჭრილ ნაყოფზე…

[სხვა დრო, სხვა სივრცე, დრამის ხმა, გაფშეკილი ფეხები, გადმოკარკლული თვალები და ნაკურთხი სისხლი…]

ბნელოდა. ქუჩას დაბოლილივით მიუყვებოდა. ზურგჩანთა „სალმითა და შურით“ გაევსო, თითქოს იქვე ვაგზალზე, ბითუმად დაერიგებინოთ წმინდა წყლით ნაკურთხ ბოშებს, რომლებიც დიდი სიამოვნებით შეხვრეპდნენ შენ სისხლს, რომლის ფერიც დღემდე ვერ დაუდგენიათ, ვერც უფრთო ანგელოზებს ქრისტესთან და ვერც დედამიწაზე მცოცავ „მედიატორებს“, რომელთა დემონებიც ჯოჯოხეთური ხმით გალობენ. ისინი მიირთმევენ სკალპერდასმულ ფსიქიკას და ნირვანას უახლოვდებიან ანგელოზებით, რომელთა პროფილიც კარავიევ ფაგოტის წაგრძელებულ პროფილს მაგონებს…

…ცენტრალურ ქუჩაზე გასულმა, თვალები დამთხვეული მავანივით დახუჭა და გამჭირვალე გიტარაზე დაკვრა დაიწყო. უხმო მუსიკა მთელ სხეულში „ბობო-ქარივით“ უვლიდა და კიდურებს უცახცახებდა, აი ისე, როგორც ჰაერში მოქანავე ფრანის ხერხემალი ცახცახებს…

იქვე, პატარა სკვერში შევიდა, გამჭირვალე გიტარით ხელში. ღიღინებდა, მუსიკას გრძნობდა, კანკალებდა, ვერ გრძნობდა მიწას, მოძრაობას, სივრცეს, მატერიას… თვალები გაახილა თუ არა, ხის სკამზე მიწოლილი, გაყინული მოხუცის გაშეშებული, უძრავად მოღიმარი თვალები დაინახა, მიუახლოვდა და თითებით შეიგრძნო გვამის სიცივე, რომელმაც სხეულის უჯრედები ნაწილებად დაუშალა, თითქოს ლოკოკინა ყოფილიყოს და ზედ სადისტ და თითქმის თვითმკვლელ ბავშვებს მარილი მოეყარათ…

მიყვარს ბიოლის ორმაგი პოლიტიკა: რელიგია და თვითმკვლელების პოლიტიკა, რომლებიც ერთამენეთში ისე იზილება, თვალწინ ჯგუფური სექსი წარმოგიდგება, სადაც ხალხს ტრაკზე დიდი ასოებით „ნაციზმი“ აწერია. ამ წითელ წარწერას კი რეტდასხმულები ხორკლიანი ენებით დინჯად ეფერებიან…

ბნელ ოთახში დაბრუნებულმა, გარემო მოხუცის გვამში გაჯერებული სიცივით მორწყა. მიბნეულ-მობნეულ ოთახში ისეთი სუნი იდგა, თითქოს ისევ ცვლიდეს კაპიტალიზმის ბურჟუაზიულ წყობილებას კომუნიზმის ინტიმური ხლართები, დასაქმებული მონებით.

აბაზანაში შევიდა, გვამის სიცივე ტანიდან ჩამოიბანა, მაგრამ თითის ბალიშებში ისევ გრძნობდა სუსხს, ფითრი მოგონებებით…

გონებადასვენებულმა კი მოთმინებით ითამაშა, ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით…

13.05.2011

Eyes of ancient dirt

მაგიდის ქვეშ საკუთარ თავს შაშს ვეთამაშებოდი, როცა კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. მაშინვე მივხვდი, რომ ვინმე მსუქანი და ფომფლო იქნებოდა, ნეგატივში ვხედავდი მისი ხელის დონდლო მოძრაობას. მაგიდიდან გამოვიხედე და დავინახე კარების გასაღებად წასული ბებო. ყველაზე მეტად ოჯახის წევრების ყურებამდე ღიმილმა და გაქვავებულმა მოძრაობამ გამაკვირვა.

მაგიდის ქვეშ ვერტიკალურად წამოვწექი და შაშის თამაში განვაგრძე, მაგრამ ჩემი ყურადღება ბოხბოხა, ბოყინისმაგვარმა ხმამ მიიქცია. უცებ მეც დავსტოპდი და გონებაში კადრები გადავანაწილე, ცალი თვალით მაგიდიდან გამოვიხედე, მეორეთი კი შაშის დაფას ვუყურებდი. დავინახე როგორ შემობაჯბაჯდა ოთახში რაღაც მრგვალი მასა და დაიბუყბუყა: „აბა ღიმილი, ღიმილი დამანახეთ ქანდაკებებო!!!“. უცებ ისე გამაჟრიალა, თითქოს სათითაოდ მპარავდნენ მოგონებებს, მატლივით სრესდნენ და ჯიბეში მიწყობდნენ. თითებმა მოძრაობა დაიწყეს, შაშის დაფაზე ისე ვუკრავდი, თითქოს სამაელი მიმღეროდა საბავშვო ბაღის ჩაბნელებული ოთახიდან: „ჩამოკარ სიმებზე! თორემ დრო ილუზიას წაგართმევს და ხელში ისევ ოჯახური მატერია დაგრჩებაო“…

ქრცვინივით აცახცახებული შაშის დაფაზე ვუკრავდი. მუსიკაში ათხაპნილი ვიყავი, როცა დამიძახეს და დიდი ხვეწნა-მუდარით გამომიყვანეს მაგიდის ქვეშიდან. დედამ ზღარბივით აბურძგნული თმები ხელით გამისწორა, ღიპზე მოტკეცილი მწვანე მაიკა მუხლებამდე ჩამომიწია  და მეც „ყურებამდე ღიმილზე“ დამაპროგრამა. უცებ ის მრგვალი მასა ჩემთან მოვიდა და ცალი წარბი ისე აწია მაღლა, კინაღამ შუბლს ააცილა. ძალიან შემეშინდა, მაგრამ მაინც ვიღიმებოდი, რა მექნა, დაპროგრამებული ვიყავი.

ამ მრგვალ მასას კისერზე რაღაც შავი აპარატი ეკიდა, ზედ თეთრი ასოებით „Polaroid“ ეწერა. მე ისე შემეშინა დედას ფეხებზე მივეკარი, ეგ შავი აპარატი კოსმოსური გამანადგურებელი მეგონა, აი ისეთი, „გრენდაიზერში“ ბოროტ გმირებს, რომ ჰქონდათ ხოლმე. შეშინებული და ხმაჩახლეჩილი ჩუმად ვკითხულობდი, ვინ იყო ეს მრგვალი არსება. ბოლოს დედაჩემმა მითხრა: „შვილო, ეს კაცი მესურათეა და თუ გაღიმებული არ იქნები, იღლიის ქვეშ „კნოპკა“ აქვს, დააჭერს, ის მსუქანი ხელები უშველებელი გაუხდება, დაგიჭერს და „მეშოკში“ ჩაგაგდებსო“… ისე შემეშინდა, ამ ჩემ ისედაც დაბერილ ტუჩებს, როგორც შემეძლო ისე ვწელავდი, რომ ჩემი შიში არ შეემჩნია იმ აპარატიან, მსუქან კაცს.

რამდენიმე წუთის შემდეგ, მრგვალმა მესურათემ მთელი ოჯახი ჭადრაკის ფიგურებივით დაგვაწყო და ჩასუქებული თითებით გვანიშნა გაიღიმეთო. მივიხედ-მოვიხედე და დავინახე ყველა გაშეშებული იდგა, მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდნენ. მეც გადავწყვიტე გემრიელად გამეღიმა და ისე ავქაჩე ტუჩები, რამის ხორხი ამომივარდა.

მრგვალი არსების აპარატი ისე განათდა, კინაღამ დავბრმავდი. აი მაშინ კი ვიფიქრე, უკვე გაგვანადგურა-მეთქი, მაგრამ თვალები რომ გავახილე, დავინახე იმ შავი აპარატიდან ჩვენნაირი არსებები გამოვიდნენ, ოღნდ ბრტყელები იყვნენ და აღარც ტუჩებს ამოძრავებდნენ. გაკვირვებული შევცქეროდი მესურათესაც და იმ კოსმოსურ იარაღსაც, ჩვენი კლონი რომ დაამზადა.

ჭადრაკის დაფიდან გამოსულებმა, კოლექტიურად გავაცილეთ მესურათე. სიცილით ვკვდებოდი ეს ჩამრგვალებული კაცი გორაობით, რომ გავიდა კარებიდან. მე კი ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ჩვენ კლონებს და როდის შევეხებოდი ჩაპუტკუნებული ხელებით.

მესურათე, რომ წავიდა კლონების ნახვა მოვისურვე, პაპამაც ოთახიდან სიბრტყეზე გაშლილი ჩვენი ორეულები გამოიტანა და გამაფრთხილა არ დაკუჭოო. მეც დავუჯერე, მეგონა თუ ფოტოკლონებიც დაიკუჭებოდნენ, ჩვენც რაღაცა მოგვივიდოდა, ან დავიკუჭებოდით, ან უფრო უარესი-დავიხოცებოდით…

* * *

ბავშვობაში ყოველთვის ვიცოდი, რომ „შიფერი მქონდა დაცურებული“, ხოდა შევძვრებოდი ხოლმე ჩემი რკინის „კრაოტის“ ქვეშ, კედელზე ვხატავდი, წიგნებს ვათვალიერებდი, მაგრამ ყველაზე მეტად ჰაერთან ლაპარაკი მიყვარდა. დავჯდებოდი და წარმოვიდგენდი თითქოს გამჭირვალე სფეროში დიდი სამკუთხედები ეხატა. ყველა სამკუთხედს უზარმაზარკბილებიანი პირი ჰქონდა და მელაპარაკებოდნენ…

_(სამკუთხედი) შენ მეძახდი აბაზანიდან?

_(მე) არა, ონკანი იყო წითელი ტუჩებით…

_ის წაქცეული ვინღა იყო?

_არ ვიცი, ალბათ მე, წინა ცხოვრებაში…

_შენ ახლაც წაქცეული ხარ…

_ნეტა რის იმედზე ვარ?

_არ ვიცი, ალბათ გგონია თვითონ მოვა ბედნიერება…

_ჩამოკარი გიტარის სიმებზე, ჩამოკარი!

_მეშინია აკოლადა არ გამიტყდეს, ან გრიფი არ გადამეყლაპოს…

_შენ უკვე გაშიშვლდი…

_მერე რა, მე ხომ ნუდისტი სპლიყვი ვარ?!

_მაჟორული აკორდები მინორულში გერევა…

_აი დარდი, სეპტაკორდებიც არსებობენ…

_იცოდე ცოცხალი წარსული არ არსებობს, გარდა ფურცლებზე შემორჩენილისა…

_სულით მეძავი ხარ და ნუღარ მემუქრები…

_გესმის მუსიკის ხმა?

_არა! მე მხოლოდ ღიღინი მესმის, მაგრამ შემიძლია ვირის ყროყინიც ვუწოდო…

_ცხოვრებაზე გაბოროტებული ხარ…

_ანუ ვერ გიტან!

_ფოტოაპარატს ობიექტივი გაუტყდება…

_მე უკვე ფუნჯს დავუმეგობრდი…

_ცივი ხელთათმანები გაიხადე, თორემ ფრჩხილები გილურჯდება…

…გავედი სამზარეულოში და მაცივრის კარები ჭრიალით გაიღო…

* * *

საბავშვო ბაღი…სკოლა… ჰო,ახლა უფრო ორჯერშიფერდაცურებული ვარ…

მეხუთე კლასში ვიყავი პირველად ფიზ-კულტურა, რომ ჩაგვიტარდა. ჩვენი პარალელური კლასის მასწავლებელი დაბალი, გვაჯი კაცი იყო. მაგ დროს ერთი ფსიქოლოგი მუშაობდა ჩვენ სკოლაში. უფროსკლასელები გვეუბნებოდნენ <ეგ ქალი მაგარი ძუკნაა, სექსზე გიჟდებაო>, ხოდა სპორტულ დარბაზში, რომ ჩამოვიდოდა , მაშინვე ჩვენი პარალელური კლასის მასწავლებელთან მივიდოდა, შევიდოდნენ ოთახში და კარგა ხანი არც გამოდიოდნენ. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ჩამოვჯდებოდით ხის, დამტვრეულ სკამებზე და წარმოვიდგენდით, როგორ ხდიდა ის დაბალი, გვაჯი კაცი შარვალს ჩვენ ფსიქოლოგს…

* * *

სიცარიელე…

ტარხუნა…

მჟაუნა…

ალუჩა…

ხის კაქტუსები…

24.04.2011

Réné Magritte, Hegel's Holiday, 1958

დაწნული კალათით მეზობლები წითელ ცოდვებს არიგებდნენ, ლოცვის შემდეგ კი ღორებივით შთანთქამდნენ მილორდის მიერ გამოგზავნილ ნაგავსაყრელს, ჰორიზონტალურ-ვერტიკალური ორნამენტებით, მაგრამ ეს ყველაფერი სარდაფის გარეთ ხდებოდა, ხოლო სარდაფის მიყრუებულ კუთხეში ისევ ელოდნენ „ბიჭს ქრისტესთან ნაძვის ხეზე“, რომელიც უბრალოდ კვდებოდა ბრბოს ჰორმონებით. ეს ჰორმონები კი ხალხის პერმანენტული ამნეზიის შედეგად წარმოიქმნებოდნენ მტვრის ნაწილაკების სახით და ფარავდნენ ბიჭის არასაზოგადოებრივ ნაკვთებს, გაფითრებული ფერუმარილით…

ღიპიანები იპურჭყებოდნენ, სამშობლოზე მასტურბირებდნენ და თან თავიანთ პატრიოტულ გრძნობებს მიცვალებულებს აფრქვევდნენ სიცრუის ორიენტაციით.  ეს ყველაფერი ილექებოდა ემბრიონების ჩამოუყალიბებელ ტვინში და ბოლოს, ისინიც ემსგავსებოდნენ ასწლოვან მამებს ან პაპებს, რომლებიც პირჯვარს მხოლოდ ერთი თითით იწერდნენ, დანარჩენი ორით კი კბილებში გაჩხერილ ცხვრის ხორცს იცლიდნენ…

მესამე თაობის ჰიპოპოტამები „სუფლიორებთან“ ერთად ეკლიან ბუჩქებში სადომაზოხიზმით კავდებოდნენ და ეკლებით დაბინძურებულნი განსაწმენდათ ღვინით სავსე და ორგიით გაპოხილ კასრში ეშვებოდნენ. მათ უფლება ჰქონდათ „წმინდა სასმისით“ დაელოცათ ღრეობა, რომლითაც ფეხაუდგმელები შედიოდნენ (ა)მორალურ ერში, ჩაფუშული, მაგრამ მაინც სამგანზომილებიანი პატრიოტიზმით…

ნაცნობ წრეშიც კი „ადამიანური“ ნაკვთებით შემომცქეროდნენ, მაშინ როცა დაფარული პროტესტი ტვინში უცხოელი ფანტომივით იზრდებოდა, ბოლოს კი ტერიოტორიის უკმარიოსობით გაბოროტებული, ყურებიდან ორთქლის სახით გამოდიოდა, აბინძურებდა გარემოს, სადაც წარმოუდგენელი იყო ქუჩაში გაუფცქვნელ მსოფლმხედველობას გაევლო…

…მეც მოძრავ მსოფლმხედველობას მივირთმევ ყოველ დილით, უზმოზე და ვხვდები, რომ მირაჟით აწყობილი ადამიანი ვარ და ტრადიციულად მეშინია ჩამოუყალიბებელი „მავანი“ სიხლეების, რომლებიც ყოველთვის ჩაშაქრებულ ალუბლის ჯემს მაგონებენ, აორთქლებული ფერების სიუხვით…

* * *

_რატომ გიყვარს წითელი ანგელოზები?

_იმიტომ რომ მთვრალი ვარ და მგონია სამოთხეში ვცხოვრობ, რქიანი პორნოვარსკვლავებით, რომლებიც ციფერბლატის მარჯვენა მხარეს დაფრინავენ…

_მას შეუძლია დისტანციური პულტით გმართოს, როგორც მის რეჩედი მართავდა სწორხაზიანი ცხოვრების ფანატებს…

_მეც ფანატი ვარ და ცოდვებს ვარიგებ, როგორც მოსიარულე რეკლამა დამტვრეული მონოთეისტისა…

_მაშინ გაიღვიძე!!! ჩვენ ისევ ველოდებით ლიტერატურულ მესიას, რომელიც სარკულ სიმეტრიაზე დამტვრელ კალკს მაგონებს…

22.04.2011

 

Юко Шимизу

ოთახში ჭერზე თოკით ჩამოკიდებული თოჯინებით თამაშობდნენ პედანტი კლოუნები, იქვე კუთხეში კი შუბლზე დაწნული თმებით ატუზულიყვნენ მონოთეისტები, მაზოხიზმით გაჟღენთილი სექსუალობით, რომლებსაც მრავალკუთხედებად დაჭრილი პოლითეისტები ამათრახებდნენ…

აი, ასე ხდებოდა სამყაროს განაწილება საპროგრამო პლატფორმით, როცა მაღვიძარამ დარეკა და სასიამოვნოდ გამაკანკალა. არ ვიცოდი საცეცების დახმარების გარეშეც თუ ხდებოდა თვითსტიმულაცია…

ბრბოში გახვევისთანავე შევამჩნიე „უსქესო კაპების“ სქესიანი ტვინები „ონანისტური უჯრედებით“, რომელთა აპათიურ ეროგენულ ზონებს მხოლოდ ატოპიური მსოფლგაგება აღაგზნებდა, ამიტომაც გადავწყვიტე წრეწირის გულში მოვქცეოდი და „სვინგერი“ წყვილებისთვის მეყურებინა, რომელთა ტვინები ჭიპლარით იყვნენ გადაბმული „სადეფლორაციო ორგანოსთან“…

…გარშემო ვისაც კი ვუყურებ, საკუთარ თავს, მშობლებს, მეგობრებს თუ უბრალოდ ორფეხა გამვლელებს, „დაბურული ქრონოლოგიით“ მახსენდება დოსტოევსკის „ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე“ და ბოლოს ისევ კრეტინიზმთან ინტეგრირებული ადამიანი ვხდები, რომელიც მოძრავ სიცოცხლეს ჰგავს, აი ისეთს, არანაირ ინდივიდზე რომ არ არის დამოკიდებული.

ძილის დროსაც კი ხმამაღლა მინდა ვიყვირო: „Пошли все на хуй!“ და ისევ გავაუპატიურებინო დამწყვდეულ ალუზიას „გონებრივი დიფერენციაცია“, რადგან ჰიპოპოტამებმა  სახეზე არ შემომაფხშვნან ეგზისტენციალიზმი, რომელიც მათ თვალში აჩქარებულ მასტურბაციას ჰგავს…

ვაშლისმჭამელი ფანტომები, არც ისე ნატურალური სიდიდის ხელებით უთათუნებენ ჩემს ტვინზე ამოზრდილ სელინჯერის „ბანანათევზის ამინდს“, რომელიც ისედაც აღმაგზნებად ორთქლდება ნიველირებული ტვინიდან…

….ისევ ჩაბნელებული დარბაზი. როიალი. ბულგაკოვის აბობოქრებული მუსიკა. გაღვიძებული ბავშვობა. სამკუთხედებად დაჭრილი რელიგიები…

Jacek Yerka

ბავშვის ფეხებზე ამოსულა

ფრთები ღილებით,

ცვილის ფიქრებზე მიხატულა

ევა ირმებით…

ნუშის კედელზე ღამეს სძინავს

მდნარი ფიქრებით,

ის კი ოცნებობს

ხერხემალს წითელს,

ვაშლის ჭორფლებით…

პურის მარცვლებით

შეკავებული ღამე ყვავებით,

მას ისევ სძინავს

ფითრში გახვეულს,

ცვილის ჰანგებით…

ნაწილი I

René Magritte-"The Acrobat's Exercises"

ჰაინრიჰის სარკეში თევზები დაცურავდნენ, ის კი მშვიდად იჯდა გაზეთგადაკრულ კუნძზე და ზეთის საღებავებით წითელ ულვაშებს იხატავდა მექანიკურ სახეზე. მასში ძველი ღმერთი კვდებოდა, ბატონობას კი ღამე იწყებდა, რომლისთვისაც მთვარე სინათლის ანტიპოდი იყო.

…დარბაზში გიჟები ნოტებს კენკავდნენ, მუსიკა სუსტებოდა, ისინი კი ემოციებით ივსებოდნენ და ისევ ეგონათ, რომ მენტალური წინააღმდეგობები „ცელულიტიანი ლანდები“ იყვნენ, ორთოგრაფიში დაკარგული თითებით და ცხოვრებისეული ტავტოლოგიით.

ისინი ივსებოდნენ სიცარიელით, ბრბო კი დაკრუნჩხულ ორგანიზმში მომწყვდეულ ნიჰილიზმს უჯრედული თანამიმდევრობით ჭრიდა. გიჟები „ნიცშეაკრულები“ დადიოდნენ, მათ უყვარდათ ქრისტე, მაგრამ სძულდათ ქრისტიანობა. ისინი ცდილობდნენ თავისქალაში მომწყვდეული თაროები ქრონოლოგიური სიზუსტით დაელაგებინათ და გაერკვიათ გაორებული დამოკიდებულება რელიგიისადმი, რომელსაც ირეალური ჰუმანურობა აკლდა. ბრბო კი „უცოდველად“ დგამდა ნაბიჯს „ანტიქრისტეში“…

ჰაინრიჰს გორგოლაჭებზე სრიალი უყვარდა. სანამ გორგოლაჭებს მტვრიან ფეხებზე ჩაიცვამდა, იქამდე ბიბლიოთეკაში შეივლიდა, აირჩევდა რომელიმე გაყვითლებულ რომანს და „ლანჩების“ მაგივრად ფენდა ბზარებშეპარულ „როლიკებში“…

ვორჰოლივით თმააბურძგნულ ჰაინრიჰს თეთრ ხალათებზე ხატვა უყვარდა, ხატვის დროს კი ყოველთვის იყურებოდა თევზებიან სარკეში, ამიტომაც გადაწყვითა წვრილთვალება აკუტაგავასთვის მიებაძა. ხოდა, დაიწყო დიალოგი სარკესთან:

(ჰაინრიჰი)-ცხოვრების რომელი ნაწილი ხარ?

(სარკე)-ანუ იდიოტთა რომელ დაჯგუფებას ვეკუთვნი?

-მხოლოდ იდიოტთა?

-არა, აქ შენნაირებიც არიან…

-მე როგორიღა ვარ?

-უბრალოდ წითელი სათვალე გიკეთია…

-შეგეშალა…მე მხოლოდ წითელი ჩარჩიდან ვიყურები, მაგრამ მინა მწვანეა…

-მით უკეთესი…

-ბავშვობიდან მიკვირდა, რატომ თამაშობდა ჰიტლერი გენეტიკით…

-არ მაინტერესებს შენი ბავშვობა!

-მეტეორიტი მოგორავს…

-შეხედე, თეთრი რაშიც მეტეორიტზეა…

-თუ თეთრია, შავი მანტია რატომ აცვია ან ცელი რაღატომ უჭირავს ხელში?

-უგუნური ბავშვი ხარ…

-ჩემი ნება რომ იყოს, ჩავიღიმებდი და ჰედვიგას გიწოდებდი…

-სცენარი ფაფა ნუ გგონია!

-შენ კიდევ სიახლის ნუ გეშინია ადამიანო!

-ლილისფერო, შენი ვერცხლისფერი ბეწვი აღმაგზნებს…

-უცხო ხარ ქალაქში…

-მაგრამ მზე ჩემთანაა…

-მთვარესაც შენ გჩუქნი…

-შენ გჯერა, რომ იდიოტი ვარ! აი, იდიოტი კი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან…

სახლის კუთხეში კი გვამებს ცერზე ფირფიტები ეკიდათ…

ისინი ეცეკვნენ სიკვდილს…

ჩემი ტვინის ციფერბლატის მარჯვენა მხარეს, გაყვითლებულკედლებიანი ფსიქიატრიულის ეზოში გახუნებული ნაძვი იდგა, ნაძვს მარცხნიდან სამფეხიანი მაგიდა ჰქონდა მიდგმული, მაგიდაზე კი უტოპიური „თვითნიველირება“ იდო, რომელსაც ყოველ დილით უზმოზე მიირთმევდა ჰაინრიჰი დაობებულ ყველთან ერთად.

ფსიქიატრიულის ჭიშკართან თოკი იყო გაბმული, სადაც თასმებგადაბმული ფეხსაცმელები ეკიდა. ალბათ ამიტომაც დადიოდნენ ჰაინრიჰის ტომარაშემოცმული მეგობრები ფეხშიშველები. ისინი ცაზე მიხატულ ეპოქას შესცქეროდნენ, თან ჭუჭყიან შუბლებზე გაკრული ხელით ეწერათ „გატკეპნილი წარსული“…

ტვინის უჯრედებზე ჩამოკიდებულ ნოტებს ისინი ექსტაზში ჩაეგდო, ბარბაცით დადიოდნენ და ერთხმად ჩურჩულებდნენ: <ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე>….<ჩვენ ხომ ღმერთი მივახატეთ ცაზე>….

ჰაინრიჰის მეგობრები ხშირად თამაშობდნენ ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით, შემდეგ ფითრდებოდნენ, არჩევანს კი ისევ თითქმის გასამკუთხედებულ საწოლებზე აჩერებდნენ. ჰაინრიჰი მათ საწოლებს მზისფრად ხატავდა, ზედ მართკუთხედებად დაჭრილ ორგაზმსაც აწებებდა, შემდეგ კი ისევ ამოვარდებოდა ქარი და მისი ცივი თათმანები ახლიდან ეკიდებოდნენ ცის საშოსთან, საიდანაც ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მელანქოლიკი კლავიშები კნაოდნენ, თითქოს იმპერიალისტური ძალაუფლება მათ სულს აუპატიურებდეს, როგორც ვერტიკალული ილუზია მოძრავ ხელოვნებას.

ბრბოდან მოსული ლუსი ყოველ კვირადღეს სტუმრობდა ჰაინრიჰს. არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი. იგი დილაუთენია მიადგა ჩემი ტვინის ციფერბლატის მარჯვენა მხარეს და ჰაინრიჰის ფანჯარაზე კაკუნი დაიწყო. ჰაინრიჰი რბილი ნაბიჯებით გამოვიდა ეზოში, გამხმარ ბალახზე მთვრალი პინგვინივით დადიოდა, თვალები გადმოეკარკლა და აღგზნებული ზაზუნასავით იყურებოდა.

ლუსის წითური თმა და თეთრი კანი ჰქონდა, მაგრამ გაყინული ატამივით უსურნელო. როგორც ყოველთვის შიშველი იყო და მხოლოდ მარცხენა ფეხზე ეცვა თეთრი წინდა, ჟოლოსფერი ზოლებით.

ლუსი და ჰაინრიჰი სამფეხიან მაგიდას მიუჯდნენ, ჰაინრიჰმა მას მარცხენა მკერდზე ხელი მოკიდა, შემდეგ საათის წკარუნივით დაიწყეს „ეგზისტენციალური უკმაყოფილებით“ დასველებული დიალოგი:

(ლუსი)-რატომ ხარ თვითკმაყოფილი იდიოტი?

(ჰაინრიჰი)-არ ვიცი! ალბათ დინამიტების ბიზნესი, რომ დავიწყე?

-მეზარება ცხოვრების ჯვარზე სეირნობა…

-და ეხლა შენ ადამიანი ხარ?

-არა, მაგრამ ვიცი, რომ ვიქნები…

-როდის?

-მაშინ როცა საათი წიკწიკს შეწყვეტს და დალის ნახატებთან მხოლოდ „პეტინგი“არ მექნება საერთო…

-შენც კატა მურივით გიწერია სიკვდილი…

-თავი დამანებე!

-მართალი ხარ…სიცოცხლე ერთია, მაგრამ ცხოვრება სხვა…

-გიყურებ და ცეცხლით შემოსილი საახალწლო ნაძვისზე მგონიხარ…

-თოვლი დაგავიწყდა!..

-არ მჭირდება თეთრი თოვლი შავი ჩრდილით…

-არავინ შემოგხედავს თუ ამ ბოდვას არ გადაყრი…

-ათეისტი მამაძაღლი ხარ…

-ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით გითამაშია ოდესმე?

-რომ დავბერდები ვითამაშებ ალბათ…

-სიბერემდე ჯობია…

-ჯერ მეშინია წითელი აღმაგზნები თვალების დანახვა…

-წადი მაშინ დაიძინე… უკვე დროა მოკვდე…

…ლუსი წავიდა, მაგრამ ჰაინრიჰის გონებაში ისევ მოძრაობდა ჟოლოსფერზოლებიანი წინდა, შემდეგ ობიანი ყველის ბოლო ლუკლმაც ჩაკბიჩა და ჩაეძინა. იგი მელოდიურად ხვრინავდა, თან ციფერბლატის ბლანტ სიზმრებს ხედავდა: „მარილიანი ენები და თითები ერთმანეთზე ეწებებოდათ, მაგრამ ლუდი მაინც პირდაპირ ბოთლიდან დალიეს“…

Jacek Yerka

სამკუთხედი ოთახის შუაში გვამივით იდო, როცა ემოციები ელექტრონით დამუხტული ძაფივით გაუწყდა, ნაწყვეტები კი ღამემიკერებული დასაქოქი მარიონეტივით დატრიალებდნენ ალუზიას, რომელიც ლურჯმა „დამავოიმ“ ჩაუდო გვამივით გაფითრებულს და დაღმართზე მიმავალს პირდაპირ მუცელში, მკერდისა და კუჭის გასაყარზე…

ჰიპოპოტამების ნერვებს მარჯვენა, დასაქოქი ხელით ვეთამაშებოდი, თავი ნაცისტი მეგონა, მაგრამ „ჰიტლერს ჰერკულესისგან ძლივს ვარჩევდი“. გაორების დროს ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მაგიდებთან მსხდარ „გვერდითა ლოჟის ზეკაცებს“ ყვითელკბილება მეძავებივით მოუხდებოდათ ფალოიმიტატორები გარნირით, რომელსაც კაპები უმზადებდნენ, სანამ მოტვლეპილ თავებს გამოყოფდნენ ვაგინიდან.

ირეალურ ეროტიკასაც მოსწყვეტია ნოტები, რომლებიც „უმლაუტებივით“ მასხდნენ თავზე, თითქოს უტოპიური სოციალიზმი თავს იკლავდეს, მაგრამ კომუნიზმი თავზე გვეხვეოდეს, როგორც უხუცესებს ეხვევათ სტალინისა და ლენინის „ინტერნაციონალური ვალი“.

აი, ხომ ხედავთ სინონიმებიც იმსხვრევიან…

გასაჭურისებულმა ჰიპოპოტამებმა სუფლიორების ორიენტაციაზე თამაში ისწავლეს, მაგრამ მაინც არ იყო გზა სამოთხისკენ, სადაც ჯეიმს ენსორს ქრისტე შეყავდა  ბრიუსელში…

მეღიმება როცა მახსენდება, რომ ხულიო კორტასარსაც ჩემნაირი გადაბმული წარბები ჰქონდა და ისიც მთვრალივით წერდა, როგორც ათი საათის თმააბურძგნული მოჩვენება. მასაც ხელში ეჭირა საზოგადოებრივი ნაკვთები და მაინც აწუხებდა ეგზისტენციალიზმი, რომელიც ნალექიანი ვარსკვლავივით ბჟუნტავდა და ორად იჭრებოდა აფილოსოფიურ თანამედროვეობაში…

ქუხს თუ ფეთქავს არ ვიცი…

მაგრამ ვიცი რომ მოდიან, თან პირაპირ ჩემს ტვინში სახლდებიან და მერე კაკანებენ…

კაკანებენ სექსზე, გრძნობებზე და ბოლოს ისევ ემოციებად იქცევიან, რომლებსაც პრეტენზია აქვთ მიემსგავსონ მუსიკას.

(მუსიკა ისევ ასიმეტრიულად წყვეტდა ეროტიკის ძაფებს)…

ტანზე სიცარიელეს იხატავდა და ისევ უსასრულობამდე მიდიოდა,  ბოლოს კი გუგულის ბუდეზე გადაფრენას ისევ სხვა ასწრებდა…

Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Abonnenten an