You are currently browsing the tag archive for the ‘მე-20 ს’ tag.

ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი (პედერსენი) დაიბადა ნორვეგიის უკიდურესი ჩრდილოეთის სოფელში-ხუტორ ჰამსუნდში. ამ სოფლის სახელი მან შემდგომ თავის ლიტერატურულ ფსევდონიმად აირჩია.

კნუტ ჰამსუნმა წერა ძალიან ადრე დაიწყო. 1877 წელს (მაშინ იგი თვრამეტი წლის იყო) გამოდის მისი პირველი ნოველა „უცნაური კაცი. ნურლანური სიყვარულის ამბავი“, ერთი წლის შემდეგ კი იბეჭდება საკმაოდ დიდი მოცულობის ბალადა :პაემანი“. ორივე ნაწარმოები მოწონებით სარგებლობს ხალხში. გახალისებული კნუტ ჰამსუნი გადაწყვეტს სერიოზულად მოკიდოს ხელი მწერლობას და წერს მოთხრობას „ფრიდა“. მავანი ვაჭარი გულუხვად აფინანსებს ნიჭიერ ჭაბუკს და ფრთაშესხმული ჰამსუნი კოპენჰაგენში მიემგზავრება, რომელიც იმხანად სკანდინავიის სულიერი კულტურის ცენტრია. კოპენჰაგენში ჰამსუნს ბედი არ სწყალობს; რედაქციები „ფრიდას“ იწუნებენ. ჯიბეშეთხელებული ჭაბუკი დიდი გაჭირვებით ბრუნდება ნორვეგიაში და საცხოვრებლად ქრისტიანიაში რჩება. იგი ცდილობს სტატიების წერით გაიტანოს თავი, მაგრამ უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი, სხვა თანამემამულეთა მსგავსად, ისიც იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს.

1882 წელს კნუტ ჰამსუნი ამერიკაში მიემგზავრება.

ამერიკაში იგი ემიგრირებულ ნორვეგიელ ინტელიგენტთა წრეს უახლოვდება. მათთან ურთიერთობა კეთილ გავლენას ახდენს მის განათლებასა და სულიერ კულტურაზე, (ბავშვობაში მისი განათლება სოფლის სკოლით ამოიწურა, შემდეგ კი მასწავლებელიც და განმანათლებელიც მისთვის თავად ცხოვრება გახდა). იგი გულდასმით კითხულობს ევროპულ ლიტერატურას. ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და მისი მხატვრული ენა და სტილი თანდათან ყალიბდება. თავდაუზოგავი ფიზიკური შრომა ჰამსუნის ჯანმრთელობაზე მოქმედებს და გამოსაჯანმრთელებლად იგი სამშობლოში ბრუნდება. ქრისტიანიაში კვლავ სტატიების წერით ცდილობს გაიტანოს თავი, მაგრამ ამ ქალაქში კნუტ ჰამსუნი და გაჭირვება განუყრელნი არიან, 1886 წელს იგი მეორედ მიემგზავრება ამერიკაში.

ამერიკიდან იგი მატერიალურად საკმაოდ წელმომაგრებული ბრუნდება. მისი სტატია „ამერიკის სულიერი ცხოვრება“ საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, მაგრამ საყოველთაო აღიარება მწერლისთვის რომანს „შიმშილს“ მოაქვს, რომელსაც იგი 1890 წელს აქვეყნებს.

„შიმშილი“ მეტწილად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. აქ უკვე მწვავედ იჩენს თავს ადამიანთა შორის ურთიერთობის რღვევის პრობლემა, რაც ასე ნიშანდობლივი გახდა მეოცე საუკუნის ლიტერატურისთვის.

„შიმშილის“ გამოქვეყნების შემდეგ, კნუტ ჰამსუნი უკვე პროფესიული მწერლის ცხოვრებიტ ცხოვრობს და მისი ნიჭიც უფრო და უფრო იზრდება და იხვეწება.

1892 წელს გამოდის მისი მეორე რომანი „მისტერიები“. ამ ნაწარმოებით იწყება მისი შემოქმედების ახალი ეტაპი.

„მისტერიებში“ ყველაზე აშკარად გამოჩნდა ჰამსუნის უტყუარი ალღო ეპოქის გრძნობისა. ეპოქისა, რომელიც ცვლილებათა მიჯნაზე იდგა, ერთმანეთში ირეოდა ძველი და ახალი, იცვლებოდა ცხოვრების რიტმი, იცვლებოდა გრძნობები, მათი გადმოცემის საშუალება. რომანში ადამიანთა ურთიერთობას, მათ გრძნობებს, კონფლიკტებს, რაღაც იდუმალების ბეჭედი აზის, რაც თავად ცხოვრების და ადამიანის ბუნების მიუწვდომბლობით არის გამოწვეული. „მისტერიის“ მთავარი ძარღვია ძალა სიყვარულისა-მისტერია, რომელიც უსასრულოდ მეორდება.

კნუტ ჰამსუნმა ერთ-ერთმა პირველთაგანმა გაამდიდრა და გააფართოვა რეალიზმის საზღვრები, დატვირთა იგი ფსიქოლოგიური ანალიზით, შეიტანა მასში მეოცე საუკუნის რიტმი და ნერვი, გამოკეთა ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობანი: აფორიაქებული სული, ქვეცნობიერისა და ცნობიერის გაანალიზების, ბუნების წვდომის სურვილი და… უკიდურესი პრაქტიციზმი, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით შემოფარგლა, სრული გულგრილობა სხვათა ჭირის მიმართ, მოკლედ, ყველა ის ავ-კარგი, რაც ასე დამახასიათებელი არმოჩნდა მეოცე საუკუნის ცივილიზაციისთვის.

/თამარ აბრამიშვილი/

Advertisements