You are currently browsing the tag archive for the ‘ჩანახატი’ tag.

Salvador Dali-Cafe Scene. The Figures at the Table Make a Skull - Drawing for the Nightmare in "Moontide", 1941

გუშინ ვფიქრობდი მარტინ ჰაიდეგერის „ზმნიან ხელოვნებაზე“, სადაც ხელოვნება „გახსნაა“, ანუ გზა ახალი სამყაროსკენ, ახალი კი ნიშნავს დასაწყისს.

ფიქრი მბრუნავი მომავალია, მომავალი კი მოლოდინის გარეშე არ არსებობს. ეს ყველაფერი ერთად ალბათ, ნოტებზე მოცეკვავე ყვავია, სამი ფორთოხლისფერი ნოტით…

ზეცას ისევ ორგია მოეწყო ხელოვნების დასაბამთან, დაძენძილი ნოტები კი ისევ ტექნიკის მითოსში ბანაობდნენ, ფეიხოას ღრუბლებით. ისე მაგ მწვანე ხილმა მასწავლა ქალაქის წაკითხვა, ხმებით, სიტყვებით, სიცილით და უბრალოდ  მიმახვედრა რომ მანდარინიანი, ალუზიური კვანძები „ირეალურ იდიომებთან“ აერთებს სიურეალისტურ იდეალებს, ხოლო ნუდისტი სპლიყვები ექსპერიმენტულ სცენაზე ციფრებს და მუსიკას ერთმანეთში ურევენ, მანდარინები კი ისევ უკრავენ ზეცის საშოსთან…

<სული გარბის,მათხოვრობს
თვითმკვლელობის მცდელობაში კვდება>

ჩოგანივით მოქნეული სამი საათის მოჩვენება, აივანზე უკრავდა და ხელში ათამაშებდა საზოგადოებრივ ნაკვთებს, რომლებიც საკუთარ თავთან დარჩენისას გამხმარი ფერუმარილივით იშლებიან.

ის ისევ თამაშობდა ჭაღზე ჩამოკიდებული დაწნული თოკით და ისევ მეუბნებოდა, რომ „სისასტიკის ეროტიკულობა“ ლუწი და კენტია, როგორც სქოლიოზიანი მანდარინის „მთვრალი პოტენციალი“…

შუქით სავსე ოთახში ნავები გორგოლაჭებით სრიალებენ, მე კი ვზივარ ფორთოხლისფერ პროზასთან, რომელიც „კალკის“ ანტონიმია…

სუფლიორები სარდაფში იმალებიან და ნაკუწ-ნაკუწ მიირთმევენ ასოთა ნაგავსაყრელს, ანუ <ადამიანების დიდი ნაწილი ზღვარზეა-ერთი ნაბიჯი და აღარ წაიკითხავს>, მაგრამ შემდეგ ისევ მოითხოვენ პრივილეგიებს, ამიტომაცაა რომ დღეს უკვე ნიჰილიზმმა გადაღება მხატვრული განზოგადების ტიპი, რომელიც ერთნაირ ხასიათთა ცალკეული ნიშნების შეერთებით იქმნებოდა.

და ბოლოს, მე ისევ მოვიპარე ჩემი მოგონებები:

ბურუსით სავსე გრძელი ოთახი…

ყოველ კუთხეში დაბალი მაგიდა დგას…
მაგიდებზე ქოთნით კაქტუსები აწყვია…
კედლებზე ქრონოლოგიურად დალაგებული სურათები ბურუსს ირეკლავენ…
ვერტიკალურად ჩამოკიდებულ დაფასთან შიშველი გოგონა დგას…

მემგონი გუშინ იყო, მანდარინზე ის მზე რომ დავხატე, ჩვენი დედამიწასავით ჭრელი როა, ზედ პატარა ყვავიც მივახატე, მაგრამ სიესტას ძილიდან ვერ გამოვდივარ და ისევ მგონია რომ სხვა ვარ.  აი ის სხვა <მირაჟით შეწებებული თეოლოგი> რომ ჰქვია. რამოდენიმე დღის წინ ბიოლის კლოუნმა დამხატა და მემგონი  მოჩვენებასავით ჩამძახა: <ბინა იქნებ ცოტა მეტს ნიშნავს, ვიდრე თავის მოტყუებაო>, მაგრამ მე მაინც მინდა მანდარინზე ამხედრებული, აი იმ ზეცისკენ წავიდე, სადაც <მიწის შვილები ზეცის შვილებთან შედარებით მარტო ჭკვიანები კი არა, უფრო ადამიანურნიც და სულგრძნელნიც არიან>. მოგვიანებით მუსიკას მოვუსმენდი, გავიმეორებდი, გადავახვევდი და შევიგრძნობდი საკუთარ თავს, რომელიც ზოგჯერ მახინჯი იხვის ჭუკი მგონია, შეტენილი ფრაზით >>> „ჩემი ან ესმით ან არა…“

სარკეში ვიყურები და მიკვირს, რატომ გაიბზარა, ფერუმარილით აწყობილი, ადამიანის შეტევებით გაჟღენთილი ნაკვთები. ბრბო მიღიმის და თვალებზე ისევ მის რეჩედის ნემსებს მაფარებს. მეღიმება და ბროწეულის წვენით მოსვრილი ტუჩები ისევ არსებობის ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტებით იღდგენს დაშლილ უჯრედებს.  და იცით როდის დაიშალა ეს უჯრედები? აი მაშინ, როცა ზაფხულში, ნარინჯისფერ ლოკოკინებს მარილი მოვაყარე და მათ დადნობას მომღიმარე, სადისტური სახით ვუყურებდი…

დილით სკოლაში რომ მივდივარ, „სალმითა და შურით“ სავსე ჩანთით, გზაზე გამოფენილი ლოკოკინების შეხედვისას მეღიმება და ვხვდები, რომ ბედნიერებაზე არასდროს მიფიქრია, უბრალოდ ვტკბებოდი ასფალტზე დახატული ლურჯი, თასმებშეხსნილი კედებით, რომლებიც სადღაც, მესაათის ჭიშკრისკენ მიხტიან, ბეღურას მომტვრეული ნისკარტივით.

მე ვმონაწილეობდი შენს არსებობაშიც, მაგრამ მითხრეს რომ ეს მკრეხელობაა. შენ სხვამ შეგქმნა, მაგრამ „შინაგან ემბრიონებში“ გუგუნის დიფერენციაცია შენ მოახდინე და შენვე მიწოდე არასრულფასოვანი, „ზედაპირული იდიომებით აწყობილი“. მთვარე დილამდე მაწესრიგებს, შემდეგ კი თამამად წარმოგიდგენ შიშველს, მარგარიტასავით ცოცხზე შემომჯდარს და გაალქაჯებულს.

არა, არა ტყუილად მიღიმი! მონოგამიით შეპყრობილი არ ვარ და არც მარტო შენზე იწყებს გაძლიერებულად ფეთქვას, საფეთქელში მოქცეული სისხლი, რომელიც უბრალოდ მანდარინისფერია.

გუშინ წარმოვიდგინე, როგორ ელაგა ჩემს კედლებზე, სამკუთხედებათ დაჭრილი ვოლტერის მოთხრობები, როგორ ლოცულობდნენ ჩემთვის გაცრეცილმაკიაჟიანი შამანები და როგორ მიქმნიდნენ კულტურას ბერძნული ცივილიზაციები. ბოლოს ისევ გამეღიმა და მივხვდი რომ <ვერაფერი ვერ წამართმევს ამჟამინდელ წუთს და მის განცდას>.

ბიოლისა არ იყოს, <საყოველთაო ბედნიერებასა და საპნის სიუხვეს ცოცხალი თუ გადავურჩი, ვეცდები, საერთოდ არ მქონდეს არანაირი სახე>…

/29.11.2010/

იცით როგორ მიყვარს ემოციების წერა ფორთოხლის ქერქზე ? მაგრამ არ ვიცი საიდან მოდიან ემოციები, ფერებიდან, მუსიკიდან თუ უბრალოდ, წითელი მარკერით გადაჯღაპნილი იდეალებიდან, რომლებიც ბავშვობის <ზოლიან ბანანებს> ჰგვანან, ლიტერატურული ატროფიით. ხის კაქტუსებზე კი, ისევ ალაგია ქრონოლოგიურად ჩამწკრივებული იისფერი კუბოები, რომლებმაც უკვე დაქოქეს მექანიკური წარმოსახვები და სალვადორ დალის ვერტიკალურ ულვაშებზე აღმოჩნდნენ, ცალი ფეხით დაკიდებულნი, იმპერიალისტური ტრუსებით.

შედევრს ვქმნიდი, გვამებს ცერზე ფირფიტები ეკიდათ და მაინც ფეხებთან მიგორავდა წყლით სავსე ლურჯი ბურთი, რომელსაც ტრამონტანა, ცაზე მარიონეტივით ჩამოკიდებული თვითმფრინავივით არხევდა…

სულ რაღაც ორი წელია რაც  ფორთოხლისთავა კლოუნის ძებნა დავიწყე, მაგრამ ჯერ ისევ ის ზოლიანი კედები მაცვია, ისევ კინოს ბილეთები მიჭირავს ხელში და ისევ გადმოკარკლული თვალებით ვუყურებ <მექანიკურ ფორთოხალს>.  ჰიტლერი გენეტიკით თამაშობდა, მე კი ამ ბოლო დროს, როცა მძინავს და ფეხები სიცივეში დაცურავენ, რელიგიით მიწევს თამაში და ისევ ცაზე მოხატული, აბორტის ტილოსავით მახსენდება, რომ <მირაჟით შეწებებული თეოლოგი> ვარ, გუშინწინ მანდარინზე ყვავებიან მზეს რომ ხატავდა…

დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ, რაც კნუტ ჰამსუნის <მისტერიები> გადავყლაპე და ისევ იგივე ემოციებით ვიხსენებ ფრეკენ გურდეს გაფითრებულ ხელებს და ისევ მახსენდება, რომ შუქი წყალივითაა. აი ის შუქი, აივნის კიდეზე მოცეკვავე, თეთრ კაბებში გამოწყობილ მეძავებს რომ ეთამაშება ხოლმე, ფერუმარილიანი ნაკვთებით.

სიცარიელეზე ვიწექი და თავზე მოგონებათა ჭაობი მეხვია. გაკვირდებოდი ისე, როგორც ფორთოხლისფერ ბაყაყს, დუმფარების მაგივრად ღრუბლებზე რომ დახტის. თვალებს ვხუჭავდი და ვხვდებოდი, რომ ციცინათელა შენი ობიექტური თავსართი იყო, ზოლებად მოლივლივე სახეებით. დაზოლილი ფიქრებიდან გამოსულმა, გადავწყვიტე ჩემივე სიტყვები მომეპარა. <მინიატურული რომანები ცივ წყალში გავრეცხე და აივანზე, დაწყვეტილ თოკებზე გადავკიდე>….

ჩემი ნაგავქვეშ მოყოლილი გონებრივი ორიენტირება ქვიშით სავსე ლარნაკზე, რეინკარნაციასავით რეპეტიციას გადიოდა, ხოლო ცაში გადამფრენი ადამიანთა ოცნებები, ტროტუარზე ჩემი ზოლიანი კედებივით ეცემოდნენ, შენი თითები ორთოგრაფიაში იკარგებოდნენ, ოთახში ღრუბლები შემოდიოდნენ და ჩემს ტვინში ისევ სცდებოდა საზღვარს  <ენების დიფერენციაცია>…

აივანზე გავედი, ტელეფონის ყურმილი ჩამოვხსენი თოკიდან და დავრეკე…. მაგრამ <ყურმილი ისე ახლოს მიაქვს პირთან და ისე სულმოუთქმელად ლაპარაკობს, რომ მეშინია არ დამდორბლოს>.

/30.11.2010/

…<ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა>. სიმართლეს გეტყვით და არასდროს დამიცვია სარკული სიმეტრია, ისევე როგორც შენი მოქმედების მდებარეობა სამ სიბრტყეზე. ბრბო-რეალურია, <მექანიკური ფორთოხალი> – ფსიქო-ისტორიული, ხოლო მე, ბულგაკოვის ვოლანდივით ირეალური ვარ, ანუ მეც მყავს ჩემი „კაროვიევ-ფაგოტი და ბეჰემოტი“, რომელთაც შიში წარმოშობს ადამიანებში.

როგორც მე, ვერც თქვენ აცნობიერებთ სულიერ სამყაროს „ადამიანებო“, იმიტომ რომ ვოლანდს მეფისტოფელის პროტოტიპად აღიქვამთ და ისევ იბნევით ზეცის ორიენტაციით.  ჩემი ცხოვრებაც მანდარინის ტრილოგიას ჰგავს, რომელშიც კურკებს წყლის შიში წარმოქმნის, ისევე როგორც ოსტატმა და მარგარიტამ წარმოქმნეს თავიანთი სულის „ემანსიპაციაში“ ვოლანდი და მისი ამალა – კაროვიევ-ფაგოტი, აზაზელო და ბეჰემოტი.

იცოდი რომ სამყარო, შენი კუბოკრული კაბის ჯიბეში ჩადებული თოვლიანი ციტრუსით იწყებოდა? და იქნებ შენ ხარ <საიდანღაც მოთრეული ლექსი>, რომელიც დროის შეგრძნებას ჰგავს თავისი „ინდიფერეტიზმით“. არადა ორივე დასტოპებული კადრი ვართ, სიუჟეტის განვითარების უფლებით.

ეხლა ისე მეღიმება, თითქოს ლიმონიან ჩაის ვსვამდე, მაგრამ სინამდვილეში მოგონებებმა დაუკრეს გამჭირვალე ბიუსტჰალტერებზე: ქვაფენილზე მდგარ სამკუთხედ მაგიდაზე ხორბლისფერ ძუს ფეხები ესპანური სინდიკატების მსგავსად აეშვირა, მაგრამ ვაგინიდან გამოყოფილი ბავშვის თავი, ბარტონის ნახატ თავკომბალას წააგავდა. ამფიბიები ძუს მკერდზე ბუზებს იჭერდნენ და რძეს წვეთ-წვეთად აყოლებდნენ….

როდესაც მანდარინს ვფრცქვნი, ვერასდროს იპოვი ჩემი ხლართების სტრუქტურულ გააზრებას ალბათ იმიტომ, რომ როგოც <მეორად სიზმრებში> ჩემი ფანტაზიები მხოლოდ ჯიბიდან ამოღებულ წვიმის წვეთებთან თამაშობენ.

/1.12.2010/

სკოლის ტერიტორიაზე მანდარინის ქერქის სუნი აღმაგრძნებს და ვცდილობ ვწერო უსაქმურობისთვის ან იმ ხელოვნებისთვის, რომლის ფილოსოფიაც ჰესემ ორი რადიკალურად განსხვავებული „მონათესავე“ სულით დამანახა. მეც მინდა ჩემი ნარცისი/გოლდმუნდი ვიპოვო და „წვერშიჭაღარაგარეული“ მოვკვდე…

არა,არა! სიკვდილი არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ პიროვნული კატაკლიზმები სადღაც დაბლიდან მოდიან.

ოთახში ღრუბლები შემოდიან, თითები ფუძეებიანათ ორთოგრაფიაში იკარგებიან. ვხვდები, რომ ჩემს ტვინში „ენების დიფერენციაცია“ საზღვრებს სცდება და ახალი, რადიკალურად განსხვავებული მუსიკა იქმნება. ციფრებს, ბგერებს და სიმებს ერთმანეთში ვურევ, ჰორმონები კი დეფორმაციას განიცდიან…

კაპები სულაც არ არიან „ტვინით უსქესოები“ ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე რთულად ორფეხები „განიცდიან“ სქესობრივ მომწიფებას. ეხლა სადაც განვისვენებ, 28 მაგიდა დგას, ყველა მაგიდას თავისი მაიმუნი უზის. ხოდა, ამ არსებების უმეტესობა „არარსებულ სექსზე“ ლაპარაკობს…

„განვითარებული ამფიბიები“ დგანან და ყვედრებ-ყვედრებით არიგებენ „ცოდნას“ ისე, როგორც „სალამსა და შურს“…

…დიდი ხანია მომენატრა ბიოლის კლოუნის ორგვარი გააზრება…

ქრონოლოგიურად დალაგებულ მაგიდებზე, ჩემ გუშინდელ გრძნობებს ორგია მოეწყოთ…

ღამდება და თითქოს ჩემივე გარსიდან ამოვდივარ, ვფიქრობ შინაგან და გარეგან ინტეგრაციაზე. მინდება საერთო ვიპოვო და ხელისგულზე მივიკრა, მაგრამ „მენტალური სხვაობა“ ხელს მიშლის…

„შინაგან ემბრიონებში“ გუგუნის დიფერენციაცია ხდება და მაინც მინდება ჩემივე სახლის მეშვიდე სართულზე, მდნარი წყლით შედედებულ ოთახში „ორგაზმული მუსიკა“ გუგუნებდეს და ისე მეღიმებოდეს, როგორც ასფალტზე გაწოლილი ლოკოკინების შეხედვისას…

მეშინია, იმიტომ რომ არასდროს მიფიქრია „შინაგან მიზიდულობაზე“…

მიზიდავს „თავისუფალი ვარდნით“, თითების ცეცებით და იმ ნისლით, სადაც გაღვიძებამდე ვეხვევი ხოლმე…

გაღიმების დროს სახე მეღრიჯება, შესაბამისად ისიც იღრიჯება, ხოდა ჩემივე „ცარიელი დაფის პირადი წერტილები“ ისევ შესავსებია…

მე ხომ ადამიანის, შეტევებით გაჟღენთილი ნიჰილისტური სული მიდგას და არც განმეორების ესთეტიკური ფასი ვიცი. ჩემთვის პირობითია სივრცეც, მოძრაობაც, დროც და ალბათ მატერიაც კი.

ნიცშეს აზრით მორალი ძირითადათ ორი სახისაა და მორალური შეფასებები ყალიბდება ან იმ ადამიანთა მიერ, რომლებსაც შემიძლია „გვერდითა ლოჟის ზეკაცები“ ვუწოდო, (ამის წერისას გამახსენდა კნუტ ჰამსუნის „მისტერიებში“ ერთ-ერთი მომენტი, როდესაც ავტორმა „ჩამომავლობით ზეკაცებს“, ბრიყვები და „გვერდითა ლოჟის ზეკაცები“ უწოდა) ან იმათ მიერ, რომელთა ხვედრი მორჩილებაა.

რადგან „ამჯერად“ ჩემთვის მორალურ შეფასებებს მნიშვნელობა არ აქვს, გეტყვით, რომ ჩემნაირების მორალი ჯოგური მორალია, ანუ მე ვახდენ ჩემივე მორალის (პიროვნულის) ნიველირებას.

ყოველი შემთხვევისთვის ჩემი ამოცანა იყო, რომ საშუალო ადამიანის გარშემო შემექმნა ისეთი სამყარო, „რეალობა“, სადაც თავს თვითდაჯერებულად ვიგრძნობდი, მაგრამ ჩემში, როგორც დოსტოევსკის რომანებში რელიგიურ-ეთიკური „ემბრიონები“ დაძრწიან.

ისიც დასაფიქრებელია, მინდა თუ არა  ყველა სულიერი მწვერვალი გაუფასურდეს (ყოველივე „მოსალოდნელი ღირებულება“ ბანალური გახდეს), მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ცნობიერად როგორ განახორციელებს ჩემი გონება იმ ადგილს, სადაც ადამიანისთვის ტაბუ აღარ იარსებებს.

ხოდა, ჩემი იმორალისტური თეორია თვითნიველირების შესახებ, იდიოტურ უკიდურესობამდე დასული უგემოვნობაა, რადგან ამ ბოლო დროს ჩემი „ორივე ფეხი“ ფიქციად მეჩვენება.

ყოველთვის ვხვდებოდი, რომ არასრულფასოვანი და ზედაპირული „იდიომებით“ ვიყავი აწყობილი, მაგრამ არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ როგორი ძნელია იყო „მიწიერი მირაჟი“, ანუ შეიძლება ითქვას, რომ არ ვცოცხლობ, ალბათ იმიტომ რომ სიცოცხლეც ინდივიდზეა დამოკიდებული, როგორც ნებისმიერი რამ დედამიწაზე.

როდესაც სრულ ინტეგრაციას განვიცდი, შეგრძნება მაქვს თითქოს სალვადორ დალის ულვაშემზე აიწონა-დაიწონას ვთამაშობდეთ, მე და ის ქერა, სკოლაში თვალს რომ ვერ ვაშორებ ხოლმე…

ძალიან ცოტა დრო გავიდა იმის მერე, რაც ამელი ნოტომის რამოდენიმე წიგნს გავეცანი, მაგრამ ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, რომ არსებობის ინტიმური მხარეც კი აკრძალვებს ექვემდებარება.

სულ რაღაც ხუთი დღის წინ ვფიქრობდი, თითქოს ინტელექტი მთელი საზოგადოების მონაპოვარია და სოციალურ სტატუსებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ სასტიკად ვცდებოდი, შეიძლება იმიტომ რომ არ ვიცოდი რას ნიშნავდა თავისუფალი ადამიანი.

მხოლოდ ცნობიერად განხორციელებული ადამიანი იქნება თავისუფალი.
© მერაბ მამარდაშვილი

ეხლაც თმააბურძგნული და ჩაისმოწყურებული ვზივარ და ვფიქრობ სხეულის მიღმა დარჩენილ არაცნობიერზე და მიკვირს, რატომ არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა ვოლტერი და არც ჰაინრიჰ ბიოლის გარეგნობაზე შეუძლია ვინმეს საუბარი.

და ბოლოს, სასტიკად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა ორფეხა, თუნდაც ოთხფეხა ფილოსოფოსი დამატებითი მინის თვალებით უყურებს ადამიანების და კლოუნების ინტეგრირებულ,“ავტომატურად საუკეთესო სოციალურ სტატუსებს“.

გუშინ გავიგეთ, რომ ქუჩებში მანდარინის დინამიკები დაუყენებიათ. იძახიან გამვლელი რასაც გაიფიქრებს მანდარინები ხმამაღალი ჩურჩულით იკაკანებენო. აი მაგალითად, გუშინ ვოლტერის სულს ჩაუქროლებია სიცივისგან განარინჯისფრებულ მანდარინთან და მთელი ქუჩა გამყინავ ხმას მოუცვია: “ ბუნების კანონი გვასწავლის, რომ მოვკლათ მოყვასი ჩვენი. მთელი დედამიწის ზურგზე ხომ ყველა სწორედ ამგვარად მოქმედებს. მე იმიტომ არ ვიყენებ ადამიანის შეჭმის უფლებას, რომ სხვა გემრიელი საჭმელები მომეპოვება, თქვენ კი ეს საშუალებები არ გაგაჩნიათ.“

…ხოლო მეორე დღეს ვოლტერის თავი ქალაქის ცენტრში, პეპლებით მოხატულ ბაფთაზე ჩამოკიდეს მწერლებმა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მედიატორები არიან ღმერთსა და კაცს შორის…

მარცხენა თვალი დახუჭული მქონდა, მარჯვენათი კი წიგნს ვკითხულობდი და ვფიქრობდი ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ამბებზე, სადაც თუ რამე გაფუჭდა, შეკეთების უსწრაფესი გზა ავტომატურად საუკეთესოდაც ითვლება.

სიტყვებს ვაწყობ, ვერ ვიაზრებ და მაინც მახსენდება სალვადორ დალის ნათქვამი, როცა შეფუთულ ყურში დინჯად ჩამჩურჩულა: „თუ შენ აღიქვავ საკუტარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატო ისო…“

…მეღიმება, მეფიქრება და მაინც ყველაფერი მტვრიანია, ხოდა გადავწყვიტე ქუჩაში გადავბარგდე, დავხატო ორფეხები და იქიდან მხოლოდ კლოუნები ამოვარჩიო.

და ბოლოს, როცა მეკითხებიან ვინ ხარ და რამდენი ფეხი გაქვსო, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ორფეხა კლოუნი ვარ, ოფიციალურად პროფესიონალი კომიკოსი მსახიობი მქვია და ერთ-ერთ ჩემს ნომერს „ლიმონი და ცხელი ჩაი“ ეწოდება…

”ზროსლები” მხოლოდ ფსიქიატრიის და პათანატომიის განყოფილებებს ერიდებიან ალბათ, იმიტომ რომ მოზარდთა მექანიკური ბილბორდის მოხატვის შესაძლებლობა მიეცეთ, ვადაგასული, აჭრილი კალმებით.

მწვანე ნარინჯისფერის ანტიპოდია, მაშინ როცა მე, ორფეხა კლოუნი ვკითხულობ ჩვეულოებრივი, ასოციალური ადამიანის პარტიტურას, მაგრამ თუ თქვენ აღიქვამთ საკუთარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატოთ ის.

ვიჯექი დასაქოქი აივნის კიდეზე, როდესაც წელშიმოხრილი, სქოლიოზიანი ახალშობილივით თვალებდაჭყეტილი ახალგაზრდა მომიცუცქდა გვერდზე, მოჭრიალე გორგოლაჭებით. იგი ამაყობდა თავისი, არც ისე საამაყო ჩამომავლობით მხოლოდ, იმიტომ რომ მასზე უთქვამთ: ”ცუდად ჩაცმული იყო და ამით ნაკითხი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდაო”.

გავუღიმე, მაგრამ ტოლერანტობით გამოწვეული ასოციალურობა მტანჯავს, მტანჯავს და მტანჯავს…

ჰოდა, მექანიკურო მოზარდებო, ”თვითმკვლელები მხოლოდ ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრამვის დაძლევა”.

ეჟენი სექტანტივით, მხარზე გადაკიდებული ჩანთით მიუყვებოდა ქუჩას, როცა არყის სუნით აყროლებულმა ახალგაზრდამ ჩაუარა გვერდით. სერთუკის ჯიბესთან ამოქარგული ჰქონდა ”ლოთობის შემსწავლელი კურსების” ლოგო, რომელმაც ეჟენის თავში 1250 აზრს მოუყარა თავი. იგი ფიქრობდა, რომ ეზიზღებოდა ისინი, ვინც ხელოვნურად გამოხდილი სითხით ივსებენ წარმოსახვის ნაკლოვანებას.

სოციალურ თვითმკვლელობაზე ჩაფიქრებული ლიტერატურულ კაფეში შევიდა, ჩამოჯდა და გიჟივით მიაშტერდა პოპ-არტის სტილით მოხატულ კედლებს, შემდეგ კი, ბოლო ხმაზე იყვირა: სინამდვილეს მირაჟად მხოლოდ, სიგარეტის ქაღალდში გახვეული შენი წაწვეტებული თვალები გარდაქმნისო.

სახლში წასვლა გადაწყვიტა. ქუჩაში გასვლისას კი მიხვდა, რომ ზაფხული ადრიანი გაზაფხულის პარტიტურას კითხულობდა. გაწელვის შელოცვით თვალებდაელმებული ჩანთა გახსნა, პიჯაკი ამოიღო, შეიფუთა და ტაქსი გააჩერა. სახლში, რომ მივიდა, გაუხდელად ჩაგორდა ფუნფულა სავარძელში და თავის პატარა, დაკოპლილ ძაღლს უხმო, მუხლებზე დაისვა და უთხრა: აღარ შემწევს ძალა ის ვიყო, რაც ვარ, აღარ მაქვს საკუთარი ინდივიდუალურობის გამომჟღავნების სურვილი. ინდივიდუალურობა ფუფუნებაა, რაც ძალიან ძვირი მიჯდებაო.

გაიხადა, მუსიკა ჩართო და ცხელი წყლის აბაზანა მიიღო, თან მეზობლის წუწუნს ისმენდა, რომელიც არც ისე ხმადაბლა ეუბნებოდა სარკეში არეკლილ ლანდს, რომ კიბოს მისი სხეული სამოთხე ეგონა და სწორედ მიიჩნია ამ ტროპიკულ კუნძულზე არდადეგების გატარება.

აბაზანიდან გამოვიდა, მრავალმხრივი კრეტინიზმით დაავადებულივით ჩაიცვა და ”წარსულში ნანატრი მეგობრების” შესახვედრად გაეშურა. მათთან საუბრისას კი, სასტიკად დარწმუნდა, რომ ზედაპირული, შეზღუდული ადამიანები, თავდაჯერებულები და თავგამოდებულები, ყველაფერში ერთ ჭეშმარიტებას ეძებენ. ეჟენმა სახე ზიზღნარევი იდიოტივით დამანჭა, შემდეგ კი, ხელისგულზე წაჯღაბნილ სიტყვებს დახედა: არ დასცინო, არ შეიძულო, უბრალოდ გაუგე…

მექანიკური წარმოსახვები დაქოქა და სალვადორ დალის ვერტიკალურ ულვაშებზე აღმოჩნდა, ცალი ფეხით დაკიდებული…

და მაინც, ალკოჰოლი თქვენთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი მიზეზია, ორფეხებო!

წამოწოლილი წიგნს კითხულობდა, როცა წარბები აებურძგლა და გადაწყვიტა დაეხატა, ოღონდ სიტყვაშემცველი ბგერებით, მაგრამ გულის სიღრმეში თვითონაც იცოდა, რომ მუნჯი იყო.

მწერებით სავსე აივანზე გავიდა, სკამზე ჩამოჯდა, პირი გააღო, ტვინი გაანიავა და მუნჯურად წაიღიღინა: ”ყოველ ადამიანში, იფარება სხვადასხვა ადამიანთა და შესაძლებლობათა პოტენციალიო”…

ვიზრდები…ვიზრდები…ვიზრდები, ჰოდა ნარკოტიკი ვარ და გამომიყენეთ!!!

სიმღერებიც ემოციებათ ჰქონდა დაყოფილი. ამოიჩემა ერთ-ერთი ემოცია და იქამდე უსმინა, სანამ ფრჩხილები არ გაულურჯდა. შემდეგ მაისური და შარვალი გაიხადა, მაღალყელიანი, თბილი ფეხსაცმელი ჩაიცვა, ხელებზე ”მეორად ბაზარზე” ნაყიდი მწვანე, ნაქსოვი თათმანები გაიკეთა და ქუჩაში გავარდა…

-და მაინც, რა არის განმეორების ესთეტიკური ფასი?

-ამბობენ, რომ ეს გენიალობაა შრომისა და გარჯის დაუშრეტელი უნარისა.

-მემგონი ძალიან ცუდი განსაზღვრებაა, მაგრამ სრულიად გამოსადეგი კია მაძებრისთვის…

პარკში მდგარ, საღებავგადაცლილ სკამზე წამოწვა, გაიზმორა და ხერხემალი გაუტკაცუნდა. თვალების დახუჭვა ეზარებოდა და იძულებული იყო ეფიქრა იმ წყვილებზე, რომლებიც მხოლოდ პეტინგით კავდებიან.

როცა ფეხზე წამოდგა და პარკის მიყრუებულ ბილიკს გაუყვა, დაინახა, როგორ მასტურბირებდა ჭუჭყიანი, პარაზიტი ბოშა, მაგრამ რას გააკეთებ ამ ქვეყანაზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აიძულო ადამიანები იფიქრონ, რომ რაღაც გააკეთე…

Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Followern an