You are currently browsing the tag archive for the ‘Polaroid’ tag.

Eyes of ancient dirt

მაგიდის ქვეშ საკუთარ თავს შაშს ვეთამაშებოდი, როცა კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. მაშინვე მივხვდი, რომ ვინმე მსუქანი და ფომფლო იქნებოდა, ნეგატივში ვხედავდი მისი ხელის დონდლო მოძრაობას. მაგიდიდან გამოვიხედე და დავინახე კარების გასაღებად წასული ბებო. ყველაზე მეტად ოჯახის წევრების ყურებამდე ღიმილმა და გაქვავებულმა მოძრაობამ გამაკვირვა.

მაგიდის ქვეშ ვერტიკალურად წამოვწექი და შაშის თამაში განვაგრძე, მაგრამ ჩემი ყურადღება ბოხბოხა, ბოყინისმაგვარმა ხმამ მიიქცია. უცებ მეც დავსტოპდი და გონებაში კადრები გადავანაწილე, ცალი თვალით მაგიდიდან გამოვიხედე, მეორეთი კი შაშის დაფას ვუყურებდი. დავინახე როგორ შემობაჯბაჯდა ოთახში რაღაც მრგვალი მასა და დაიბუყბუყა: „აბა ღიმილი, ღიმილი დამანახეთ ქანდაკებებო!!!“. უცებ ისე გამაჟრიალა, თითქოს სათითაოდ მპარავდნენ მოგონებებს, მატლივით სრესდნენ და ჯიბეში მიწყობდნენ. თითებმა მოძრაობა დაიწყეს, შაშის დაფაზე ისე ვუკრავდი, თითქოს სამაელი მიმღეროდა საბავშვო ბაღის ჩაბნელებული ოთახიდან: „ჩამოკარ სიმებზე! თორემ დრო ილუზიას წაგართმევს და ხელში ისევ ოჯახური მატერია დაგრჩებაო“…

ქრცვინივით აცახცახებული შაშის დაფაზე ვუკრავდი. მუსიკაში ათხაპნილი ვიყავი, როცა დამიძახეს და დიდი ხვეწნა-მუდარით გამომიყვანეს მაგიდის ქვეშიდან. დედამ ზღარბივით აბურძგნული თმები ხელით გამისწორა, ღიპზე მოტკეცილი მწვანე მაიკა მუხლებამდე ჩამომიწია  და მეც „ყურებამდე ღიმილზე“ დამაპროგრამა. უცებ ის მრგვალი მასა ჩემთან მოვიდა და ცალი წარბი ისე აწია მაღლა, კინაღამ შუბლს ააცილა. ძალიან შემეშინდა, მაგრამ მაინც ვიღიმებოდი, რა მექნა, დაპროგრამებული ვიყავი.

ამ მრგვალ მასას კისერზე რაღაც შავი აპარატი ეკიდა, ზედ თეთრი ასოებით „Polaroid“ ეწერა. მე ისე შემეშინა დედას ფეხებზე მივეკარი, ეგ შავი აპარატი კოსმოსური გამანადგურებელი მეგონა, აი ისეთი, „გრენდაიზერში“ ბოროტ გმირებს, რომ ჰქონდათ ხოლმე. შეშინებული და ხმაჩახლეჩილი ჩუმად ვკითხულობდი, ვინ იყო ეს მრგვალი არსება. ბოლოს დედაჩემმა მითხრა: „შვილო, ეს კაცი მესურათეა და თუ გაღიმებული არ იქნები, იღლიის ქვეშ „კნოპკა“ აქვს, დააჭერს, ის მსუქანი ხელები უშველებელი გაუხდება, დაგიჭერს და „მეშოკში“ ჩაგაგდებსო“… ისე შემეშინდა, ამ ჩემ ისედაც დაბერილ ტუჩებს, როგორც შემეძლო ისე ვწელავდი, რომ ჩემი შიში არ შეემჩნია იმ აპარატიან, მსუქან კაცს.

რამდენიმე წუთის შემდეგ, მრგვალმა მესურათემ მთელი ოჯახი ჭადრაკის ფიგურებივით დაგვაწყო და ჩასუქებული თითებით გვანიშნა გაიღიმეთო. მივიხედ-მოვიხედე და დავინახე ყველა გაშეშებული იდგა, მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდნენ. მეც გადავწყვიტე გემრიელად გამეღიმა და ისე ავქაჩე ტუჩები, რამის ხორხი ამომივარდა.

მრგვალი არსების აპარატი ისე განათდა, კინაღამ დავბრმავდი. აი მაშინ კი ვიფიქრე, უკვე გაგვანადგურა-მეთქი, მაგრამ თვალები რომ გავახილე, დავინახე იმ შავი აპარატიდან ჩვენნაირი არსებები გამოვიდნენ, ოღნდ ბრტყელები იყვნენ და აღარც ტუჩებს ამოძრავებდნენ. გაკვირვებული შევცქეროდი მესურათესაც და იმ კოსმოსურ იარაღსაც, ჩვენი კლონი რომ დაამზადა.

ჭადრაკის დაფიდან გამოსულებმა, კოლექტიურად გავაცილეთ მესურათე. სიცილით ვკვდებოდი ეს ჩამრგვალებული კაცი გორაობით, რომ გავიდა კარებიდან. მე კი ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ჩვენ კლონებს და როდის შევეხებოდი ჩაპუტკუნებული ხელებით.

მესურათე, რომ წავიდა კლონების ნახვა მოვისურვე, პაპამაც ოთახიდან სიბრტყეზე გაშლილი ჩვენი ორეულები გამოიტანა და გამაფრთხილა არ დაკუჭოო. მეც დავუჯერე, მეგონა თუ ფოტოკლონებიც დაიკუჭებოდნენ, ჩვენც რაღაცა მოგვივიდოდა, ან დავიკუჭებოდით, ან უფრო უარესი-დავიხოცებოდით…

* * *

ბავშვობაში ყოველთვის ვიცოდი, რომ „შიფერი მქონდა დაცურებული“, ხოდა შევძვრებოდი ხოლმე ჩემი რკინის „კრაოტის“ ქვეშ, კედელზე ვხატავდი, წიგნებს ვათვალიერებდი, მაგრამ ყველაზე მეტად ჰაერთან ლაპარაკი მიყვარდა. დავჯდებოდი და წარმოვიდგენდი თითქოს გამჭირვალე სფეროში დიდი სამკუთხედები ეხატა. ყველა სამკუთხედს უზარმაზარკბილებიანი პირი ჰქონდა და მელაპარაკებოდნენ…

_(სამკუთხედი) შენ მეძახდი აბაზანიდან?

_(მე) არა, ონკანი იყო წითელი ტუჩებით…

_ის წაქცეული ვინღა იყო?

_არ ვიცი, ალბათ მე, წინა ცხოვრებაში…

_შენ ახლაც წაქცეული ხარ…

_ნეტა რის იმედზე ვარ?

_არ ვიცი, ალბათ გგონია თვითონ მოვა ბედნიერება…

_ჩამოკარი გიტარის სიმებზე, ჩამოკარი!

_მეშინია აკოლადა არ გამიტყდეს, ან გრიფი არ გადამეყლაპოს…

_შენ უკვე გაშიშვლდი…

_მერე რა, მე ხომ ნუდისტი სპლიყვი ვარ?!

_მაჟორული აკორდები მინორულში გერევა…

_აი დარდი, სეპტაკორდებიც არსებობენ…

_იცოდე ცოცხალი წარსული არ არსებობს, გარდა ფურცლებზე შემორჩენილისა…

_სულით მეძავი ხარ და ნუღარ მემუქრები…

_გესმის მუსიკის ხმა?

_არა! მე მხოლოდ ღიღინი მესმის, მაგრამ შემიძლია ვირის ყროყინიც ვუწოდო…

_ცხოვრებაზე გაბოროტებული ხარ…

_ანუ ვერ გიტან!

_ფოტოაპარატს ობიექტივი გაუტყდება…

_მე უკვე ფუნჯს დავუმეგობრდი…

_ცივი ხელთათმანები გაიხადე, თორემ ფრჩხილები გილურჯდება…

…გავედი სამზარეულოში და მაცივრის კარები ჭრიალით გაიღო…

* * *

საბავშვო ბაღი…სკოლა… ჰო,ახლა უფრო ორჯერშიფერდაცურებული ვარ…

მეხუთე კლასში ვიყავი პირველად ფიზ-კულტურა, რომ ჩაგვიტარდა. ჩვენი პარალელური კლასის მასწავლებელი დაბალი, გვაჯი კაცი იყო. მაგ დროს ერთი ფსიქოლოგი მუშაობდა ჩვენ სკოლაში. უფროსკლასელები გვეუბნებოდნენ <ეგ ქალი მაგარი ძუკნაა, სექსზე გიჟდებაო>, ხოდა სპორტულ დარბაზში, რომ ჩამოვიდოდა , მაშინვე ჩვენი პარალელური კლასის მასწავლებელთან მივიდოდა, შევიდოდნენ ოთახში და კარგა ხანი არც გამოდიოდნენ. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ჩამოვჯდებოდით ხის, დამტვრეულ სკამებზე და წარმოვიდგენდით, როგორ ხდიდა ის დაბალი, გვაჯი კაცი შარვალს ჩვენ ფსიქოლოგს…

* * *

სიცარიელე…

ტარხუნა…

მჟაუნა…

ალუჩა…

ხის კაქტუსები…

24.04.2011

Um neue Beiträge per E-Mail zu erhalten, hier die E-Mail-Adresse eingeben.

Schließe dich 33 anderen Abonnenten an